
«პრობლემა უკვე ის კი არაა, არჩევნებამდე იყოს სიმშვიდე, საფიქრალია, იქნება თუ არა სიმშვიდე არჩევნების შემდეგ“
25/11/2019 14:26:51 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, ანალიზი
საპარლამენტო უმრავლესობამ 2-დღიანი კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებისადმი მმართველი გუნდის შემდეგი ძირითადი გზავნილები გააჟღერა: «თემა დახურულია» - 2020 წლის არჩევნები ძველი საარჩევნო სისტემით ჩატარდება და არანაირ ახალ საარჩევნო ინიციატივას გუნდი აღარ განიხილავს; დეპუტატები, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე მუშაობენ, ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებენ, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება; „ქართული ოცნება“ არ დააყენებს კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი“.
„შედეგად უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მთავარი იდეა“,- განაცხადა დღეს „ქართული ოცნების“ სახელით მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ.
აქ რამდენიმე ნიუანსია საყურადღებო:
მმართველ გუნდში მაჟორიტარი დეპუტატების „დარწმუნების“ რესურსი ყოფილა, არადა, ირწმუნებოდნენ, პროპორციულ სისტემაზე ამ რესურსის უქონლობის გამო ითქვა უარიო; „ქართული ოცნება“ თავად განსაზღვრავს, ვის აქვს გამარჯვების რესურსი, არადა, ეს რეალურად, თავად არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს; როგორც ჩანს, მიუხედავად კონსტიტუციური მოცემულობისა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი არც 2024 წლისთვის არის საბოლოოდ გადაწყვეტილი.
ამასთან, ოპოზიციამ „გერმანული მოდელის“ ქართულ რეალობაზე მორგების პროცესი დაასრულა და პროექტი ექსპერტიზისთვის (იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება ის საქართველოს კონსტიტუციას) დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუგზავნის, თუმცა პროექტის გაცნობის გარეშე არწმუნებს საზოგადოებას მის «არაკონსტიტუციურობაში».
„არ ვიცით, თქვენ რა მოგიტანათ სუს-მა, მაგრამ ის სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. რეალურად, ახლა დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და დღეს გაეგზავნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ექსპერტიზისთვის“,- უპასუხა კახა კალაძეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის დანარჩენ გზავნილებს, ოპოზიციაში მათ «ვაჭრობად, ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის მცდელობად, შეურაცხმყოფელად» აფასებენ და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩიდან გაგრძელებას გეგმავენ. მაგალითად, დღეს პარლამენტის განმეორებითი პიკეტირებაა დაგეგმილი, მიუხედავად მოლოდინისა, მომიტინგეები კვლავ ძალის გამოყენებით დაშალონ.
„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ უნდა დავაზუსტებინოთ, ეს მხოლოდ იდეაა, თუ დაპირება. არავინ იცის, 6 თვის შემდეგ მმართველი პოლიტიკური პარტია რა ჭკუაზე იქნება, რადგან ეს უკვე გავიარეთ და ვნახეთ“,- ირონიულად აღნიშნავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის ხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური აუქციონი გამოაცხადა, რომელიც დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად ვერ შეფასდება.
„არ მგონია, რომ ღირსების მქონე ადამიანი მსგავს შეთავაზებას დასთანხმდეს. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პარტიებზე. წარმოიდგინეთ, თავად მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა განსაზღვროს, შენ რა შანსები გაქვს... გამოცხადებულია აუქციონი, თუმცა ძალიან ცუდ კონტექსტში. ცდილობენ, პიარით როგორმე გადაფარონ თემა. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე საარჩევნო მარათონში შევედით. ოპოზიციას თავისი გეგმები აქვს, მაგრამ ის, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წამოვიდოდა, დღევანდელ დღემდეც ნათელი იყო. როგორც ჩანს, კიდევ უფრო რთულ პროცესებში შევალთ. პრობლემა უკვე ის კი აღარაა, რომ არჩევნებამდე იყოს სიმშვიდე, - ნათელია, რომ ასე აღარ იქნება, - ახლა საფიქრალია, იქნება თუ არა სიმშვიდე არჩევნების შემდეგ“.
ძაბირაძე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი რთულად ესახება:
„დაპირისპირება დაიწყო და გაგრძელდება. ახლა ოპოზიციის და იმედი მაქვს, ხელისუფლებისაც საზრუნავი იქნება, ეს დაპირისპირება კანონიერ ფარგლებს არ გასცდეს და არ მივიღოთ უმართავი პროცესები. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.
„ვაგზლის „კიდალას“ დონის სათითურებით თამაშს“ უწოდებს ხელისუფლების ქცევას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ამ შემთხვევაში «ქცევაში» იგი არა მხოლოდ კახა კალაძის მიერ დღეს გაჟღერებულ გზავნილებს, არამედ ზოგადად, მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო თავის მართლების მცდელობასა და შემდეგ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტზე რეაქციას მოიაზრებს.
„პროვინციულ დონეს ვერ გასცდნენ: ყველას „ნაცი“ უწოდეს; გერმანული მოდელი უსუფაშვილის შეთავაზებული იყო და ისიც „ნაცად“ გამოაცხადეს, დაპირება არ შეასრულეს და ჩვენ გაგვიბაზრდნენ, „რომ გადაგაგდეთ, თქვები ბრალიაო“... - გაუგებარ, ბრიყვულ თამაშს თამაშობენ და, რაც მთავარია, ყველა ბრიყვი ჰგონიათ. ბუნებრივია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგ სცენარს დაწერენ და „ნაცების“ ძახილით ისევ ნეგატიურ დღის წესრიგში უნდათ, აცხოვრონ ქვეყანა. ვფქირობ, ამ ნარატივმა 8 წლისთავზე რესურსი ამოწურა, მაგრამ ეს არჩევნების შედეგებმა უნდა აჩვენოს. მარტივი რამ ვერ გაიგეს: ხალხი არსებული პრობლემების გადაჭრას ითხოვს, მათ კი სურთ, სამუდამოდ ჩაგვტოვონ წარსულში და მუდმივად ვუხადოთ მადლობები. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ შეცვლილიყო, ამას ყველაფერი შევწირე, ირაკლი კობახიძე კი მაშინ ჩირგვებში იჯდა და ახლა თურმე, მას უნდა ვუხადო მადლობა, რომ „ნაცებისგან“ გადამარჩინა»! ამაზე მეტი აბსურდი რაღაა?!“.
მისი დაკვირვებით, „ქართულ ოცნებას“ მანევრირების რესურსები აღარ დარჩა და მისი ერთადერი ძალა ოპოზიციის სისუსტეშია:
„ჩვენ ხომ რეალურად, ქვეყანაში მთლიანად პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს. ხელისუფლება გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ ოპოიცია კიდევ უფრო მეტ უუნარობას გამოიჩენს“.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთვის კი „ქართული ოცნების“ წინადადებები წარმოადგენს «არა გამოსავალს, არამედ მცდელობას, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება შეაგუოს იმას, რომ მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება». ამასთან, იგი მმართველ გუნდს შეახსენებს, რომ რა სახის პარტიები იქნებიან წარმოდგენილები პარლამენტში მმართველი პოლიტიკური ძალის თუ ოპოზიციის სახით, - ამას ამომრჩეველი წყვეტს, განურჩევლად იმისა, ვის მიმართაა ხელისუფლება სიმპათიით განწყობილი, ხოლო ვის ექნება არჩევნებში უპირატესობა - ეს დღეს არავინ იცის.
შექმნილ ვითარებაში გამოსავალს იგი საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობაში ხედავს:
„არჩევნები ახლოვდება, ორივე მხრიდან ტონუსი იზრდება, კიდევ უფრო გაიზრდება და დაახლოებით ისეთ დონეს მიაღწევს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვქონდა. ამ პოლარიზებული გარემოდან გამოსავალი ცოტა რჩება. არ მგონია, ქვეყნის შიგნით რაღაც რესურსები მოიძებნოს. აქამდე ეკლესია მოიაზრებოდა, თუმცა ახლა მას თავისი შიდა პრობლემები აქვს. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი აქტიურობა უნდა გამოავლინოს, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მოხდა“.
თუმცა, მისივე თქმით, ვინაიდან 2020 წელს ბევრ ქვეყანაშია არჩევნები, არსებობს საფრთხე, საქართველოს თემები გადაიფაროს და შესაძლოა, „ქართული ოცნება“ ამაზე დებდეს „ფსონს“:
„მომავალ წელს ძალიან ბევრ ქვეყანაშია არჩევნები, მათ შორის - შეერთებულ შტატებში. არსებობს საფრთხე, საქართველოში მიმდინარე პროცესებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროული აქტივობა. მნიშვნელოვანია საერთაორისო აქტორების როლი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს, ვინაიდან ეს კიდევ სხვა პროცესებს გამოიწვევს. საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით და ვფიქრობ, ეს მათ ინტერესებშიც შედის“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021