„რკინის ფარდა“ ისევ ეშვება,– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე, მათ შორის, ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის გარემო სტრატეგიულ დონეზე შექმნილ ვითარებას რამდენიმე პუნქტად აყალიბებს და შესაძლო რისკებზე ამახვილებს ყურადღებას.
ის ელის, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები „გამოფიტვის ომში“ გადაიზრდება, ეშვება „რკინის ფარდა“ მსგავსად „ცივი ომის“ პერიოდისა და ის „გაიყინება“, თუ ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყანას „რკინის ფარდის“ მიღმა მიათრევს“.
კობახიძის ხედვით, ჯამში, გარემოებები ამჟამად შემდეგნაირად ყალიბდება:
- 1.როგორც ჩანს, რუსებმა ისეთი თავდაცვა ააშენეს [უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რედ.], რომ სტრატეგიული გარღვევა ვერ მოხდება. არც უკრაინას აქვს ბრძოლის ველზე გამარჯვების შესაძლებლობა და არც რუსეთს. ანუ, ეს იქნება „გამოფიტვის ომი“, რესურსების დაცლისა და დაღლის ომი. ვინც პირველი წაიქცევა შიგნიდან, ის წააგებს;
- 2. სტრატეგიულად რუსეთმა უკვე წააგო და უკრაინამ დასავლეთთან ერთად უკვე მოიგო. ომი არსებული შედეგითაც რომ დასრულდეს, რუსეთი წაგებულია, რადგან ეს ომი შობს ნატო–ს და ევროკავშირის წევრ, სწრაფად განვითარებად უკრაინას. არ არის ცნობილი, ვის რა ტერიტორია ეკავება ომის შემდეგ, მაგრამ ეს ამბავი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ახლავე ცნობილია;
- 3. ბაიდენის [აშშ–ის პრეზიდენტი – რედ.]განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკას რაც შეიძლება მალე უნდა ომის დამთავრება, რუსეთთან მოლაპარაკებების გზით. რატომ? იმიტომ რომ უკრაინა კი დარჩება მუდამ პრობლემური აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის გარეშე, მაგრამ მისი 80% იქნება წარმატებული და დაცული ევროპული ქვეყანა. ნატო–ს და ევროკავშირის წევრი დიდი ქვეყანა შეემატება აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მეგობრების რიგებს.
ამასთანავე, ომის ასეთი დასრულება გამოიწვევს რუსული სამხედრო საფრთხის ზრდას ძველი ევროპისთვის და, როგორც ეს „ცივი ომის“ დროს იყო, გაიზრდება ამერიკის როლი ევროპაში; შესაბამისად, გაიზრდება ამერიკის გავლენა ბერლინზე, პარიზზე, ბრიუსელზე;
- 4. ასეთი გაყოფა ნიშნავს, რომ „რკინის ფარდა“ ისევ ეშვება. არაოკუპირებულ უკრაინაში და მის დასავლეთით იქნება სინათლე, მისგან აღმოსავლეთით, საქართველოს ჩათვლით, იქნება ავტორიტარიზმის და რუსული გავლენის ბატონობა. ამ "რასკლადს" [გაყოფას] ჩვენს სიცოცხლეში არაფერი შეცვლის და ის გაიყინება თუ ჩინეთმა მსოფლიო ომი არ დაიწყო.
არც ევროპა მოკვდება უჩვენოდ და არც ამერიკა. ჩვენ ვართ ცოდვები, რომ ხელისუფლება „რკინის ფარდის“ მიღმა მიგვათრევს;
- 5. ადრე თუ გვიან, უკრაინა შეიძლება, იყოს მზად მოლაპარაკებაზე წასვლისთვის (კორეული სცენარისთვის), რადგან ის ყველა ვარიანტში გამარჯვებული გამოდის. დაღლა დაიწყება და ნელ-ნელა მოლაპარაკებების სურვილი გაჩნდება, რადგან არ ჩანს, რომ სტრატეგიული გარღვევა ბრძოლის ველზე შესაძლებელია;
- 6. ამ სცენარში ჩვენ [საქართველო]ვიღუპებით და ვიწირებით, მაგრამ აქ ჩვენი მთავარი "იმედი" და "მოკავშირე" არის ვლადიმირ ვლადიმირის ძე [რუსეთის პრეზიდენტი – რედ.]. მან რომ ომი სტატუს კვოთი დაასრულოს, მისი მოღვაწეობის შედეგი იქნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებული უკრაინა; ჩრდილოეთ კორეად ქცეული, შემოქმედი ხალხისგან დაცლილი და ღარიბი რუსეთი, რომელიც აღარ არის დიდი სახელმწიფო და მაქსიმუმ შეუძლია, ჩინეთს მიეკედლოს ვასალად.
მის შენაძენებს შორის იქნება აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა, ბელარუსის ანექსიაც შესაძლოა და საქართველო უკვე მისი ვასალია, მაგრამ ეს ზემოხსენებულ კრახს ვერ აბალანსებს. ის ისტორიაში შევა იდიოტად.
ამიტომ, მე მგონია, რომ პუტინი იომებს ბოლომდე, ანუ რუსეთის ჩამოშლამდე და, შესაბამისად, ჩვენს გათავისუფლებამდე.
ის 71 წლის ხდება და ახლა თუ შეეპარა უკრაინა ნატო–ში, ის ამას თავის სიცოცხლეში ვეღარ გამოასწორებს. მისი ერთადერთი იმედია, რომ დასავლეთი დაღალოს. ამიტომ, იომებს;
- 7. ამ სცენარში მთავარი საფრთხე არის ის, რომ გაისად ტრამპმა ან დი სანტისმა [ამერიკელი პოლიტიკოსები] არ მოიგონ ამერიკაში არჩევნები და არ შეაჩერონ უკრაინის დახმარება.