17-07-2023 16:22:30 პოლიტიკა ,ეკონომიკა ,ანალიზი
ირანი და რუსეთი ელექტროენერგიას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან. ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აკბარ მეჰრაბიანმა განაცხადა. მინისტრმა თქვა, რომ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
„რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის გამოვიყენებთ ორ მარშრუტს - აზერბაიჯანის რესპუბლიკას და სომხეთ-საქართველოს. ამჟამად მოლაპარაკებების დასრულების და განხორციელების პროცესში ვართ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თეირანი ზოგიერთ მეზობელთან ელექტროენერგიის გაცვლას გადახდის გარეშე ცდილობს: „მალე ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის გაცვლას რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. ასევე დღის წესრიგშია რუსეთის ელექტრო ქსელთან დაკავშირება სომხეთისა და საქართველოს გავლით“.
ოფიციალურ თბილისს ირანელი მინისტრის მიერ გაჟღერებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, არაფერი ვიცით პირობების ქართული ვერსიის შესახებ, ენერგეტიკოსი გია არაბიძე კი ვარაუდობს, რომ საქმე უნდა გვქონდეს ბარტერთან.
„მაგალითად, მე წამოვიღებ პირობითად, დეკემბერში გარკვეული რაოდენობის კილოვატ საათს და უკან მივაწოდებ წყალუხვობის პერიოდში. ვაჭრობის ამგვარი სქემა ეკონომიკაში მიღებული არაა, მაგრამ პრაქტიკაში გამოიყენება. ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს და მუშაობს: გარკვეული რაოდენობის მოგვაქვს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდანაც და მაშინ, როდესაც გვაქვს ჰიდროენერგია და უკეთესი საშუალებები, უკან ვაბრუნებთ. გააჩნია კონკრეტულ პირობებს“,– განმარტავს ელექტროენერგიის გადახდის გარეშე გაცვლის არსს ენერგეტიკოსი.
ამგვარი პრაქტიკა წლებია, არსებობს სომხეთსა და ირანს შორის (სომხეთი იღებს გაზს და სანაცვლოდ ირანს ელექტროენერგიას აწვდის. მუშაობენ მოცულობების გაზრდაზეც) და ფიქსირდება აზერბაიჯანსა და ირანს შორისაც, მაგრამ არც საქართველოს და არც რუსეთს თეირანთან ელექტროენერგიის მიმოცვლა არ ჰქონია. სწორედ ესაა ამ ინფორმაციაში სიახლე.
„როგორც ჩანს, ისინი აპირებენ, საქართველოც ჩართონ სქემაში“,– აღნიშნავს ენერგეტიკოსი.
ინფორმაციისთვის: საქართველოს რუსეთთან აქვს 500 კილოვოლტიანი ხაზი (რომელსაც 600–700 მეგავატის გატარება შეუძლია); სომხეთთან მხოლოდ – 220 კილოვოლტიანი, მაგრამ მიდის მუშაობა 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობაზე; აზერბაიჯანთან აქვს ორი ხაზი– 500 კილოვოლტიანი და 330 კილოვოლტიანი. ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს თურქეთთან – საქართველოს გააქვს 600 მეგავატი, „თბოელექტროსადგურიც კი ჩავრთეთ, რადგან დიდია მოთხოვნა. ეს სისტემა უკვე გამართულია, კარგად მუშაობს. მეტიც, საუბარია იმაზე, რომ არსებული სიმძლავრეები აღარაა საკმარისი და უნდა გაძლიერდეს. თურქეთი კარგი გადამხდელია“,– ეუბნება „აქცენტს“ არაბიძე
ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ვინაიდან დიდი მანძილიდან გამომდინარე რუსეთიდან ირანამდე ელექტროენერგიის გადაცემას სოლიდური დანაკარგი ექნება, ეს ხელშეკრულებით შესაძლოა, სხვადასხვაგვარად დარეგულირდეს. მაგალითად, სომხეთმა და რუსეთმა საქართველოს მისცენ ელექტროენერგია, საქართველომ – სომხეთს, სომხეთმა – ირანს: „სქემის დეტალები დისპეტჩერების საშუალებით დამუშავდება, თუ ვინ ვის მისცემს კონკრეტულად როდის, რა რაოდენობას და შემდეგ ვინ ვის გადასცემს“.
რატომ ახლა?
ენერგეტიკოსი ორ ძირითად გარემოებაზე მიუთითებს:
„იცით, რომ რუსეთს ამჟამად სამეზობლოში არავითარი ენერგეტიკული მიმოცვლა არ აქვს. ამ შეთანხმებით კი ორი–სამი სახელმწიფო ჩაერთვება სქემაში, გარკვეული რაოდენობა ელექტროენერგიისა ირანში წავა, გარკვეული რაოდენობა ირანიდან – რუსეთში და რაღაც ალტერნატივა გაკეთდება იმ ევროპული მიწოდებისა, რაც რუსეთს ჰქონდა აქამდე გინდაც გაზის, ნავთობპროდუქტების და ელექტროენერგიის კუთხით“,– განმარტავს ენერგეტიკოსი და დასძენს, „ამხელა პროექტის გაკეთება ერთ ძაფზე ჩამოკიდებით, სეროზულად არ გამოიყურება“ – სწორედ აქედანაც იკითხება ენერგეტიკოსის დაკვირვებით, პროექტის პოლიტიკური მდგენელიც.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებში მოხდეს სომხეთ–აზერბაიჯანის ჩართვა, რაც პრეცედენტი იქნება ათწლეულების განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე.
სჭირდება ეს პროექტი საქართველოს?
ენერგეტიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკის მიღმა, წმინდა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ხსენებული სქემიდან გარკვეული მოკლევადიანი სარგებელი შეიძლება, მიიღოს სახელმწიფომ, ექნება რა დივერსიფიცირების შესაძლებლობა, თუმცა არც თუ მნიშვნელოვანი. ენერგეტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ვერ იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი:
„ჩვენ ახალი ხაზი გვაქვს თურქეთთან და 600 მეგავატზე მეტი ვერ გაგვაქვს. რუსეთიდან წამოღებული და ირანისთვის მიწოდებული 600–600 მეგავატი არ არის ის ენერგია, რომელმაც ენერგეტიკულად რაიმე სერიოზული ეფექტი მისცეს ქვეყანას და გადაწონოს პოლიტიკა.
ძირს ვერ გამოუთხრის ჩვენს ენერგეტიკას, რაღაც პრობლემები რომც შეიქმნას (მინიმუმ ექვსი თვეა, ერთი კილოვატ საათი გადმოდინება არ გვქონია რუსეთიდან, მაგრამ ჩვენს ელექტრომომარაგებაში პრობლემები არ შექმნილა. ოთხი–ხუთი თვეა, არავითარი გადმოდინება არ არის არც სომხეთიდან და არც აზერბაიჯანიდან) და ვერც თვისობრივად ორი–სამი საფეხურით აიყვანს ახალ სიმაღლეზე: ეს არ არის მაგალითად, სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, არც იგივე შავი ზღვის კაბელი. ეს არის ორ–სამ სახელმწიფოს შორის შიდა ურთიერთობა, რომელთაც ელექტროენერგიის მიმოცვლა აქვთ“.