კარასინი: “რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობამდე არც ისე შორია”

27-11-2019 10:23:10 თვალსაზრისი ,ინტერვიუ

5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები – რედ.)  შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა. “Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კარასინმა პრაღაში დაგეგმილ მორიგ რაუნდზე განსახილველი თემები დაასახელა, ისაუბრა ასევე იმაზე, აღდგება თუ არა ავიამიმოსვლა და რიგ სხვა საინტერესო საკითხებზე. "აქცენტი" ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

გრიგორი კარასინი:  რუსეთის ხელმძღვანელობის დავალება [გაეგრძელებინა მუშაობა პრაღის ფორმატში – რედ.] მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აღვიქვი, რადგან ამ მიმართულებით 7 წლის განმავლობაში დიდი ერთობლივი ძალისხმევა იქნა გაწეული. ბ-ნ ზურაბთან ერთად ვეძებდით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ურთიერთობები იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია არსებული პრინციპული პოლიტიკური უთანხმოებების გათვალისწინებით. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, საქმე კი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, შესაბამისი განკარგულებები გაიცა 2012 წელს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ისე რუსეთის პრეზიდენტის მიერ. ამ მუშაობამ ხელშესახები შედეგები გამოიღო. სექტემბერში ჩემი სტატუსის ცვლილება კი, ჩემი აზრით, გარკვეული თვალსაზრისით ზრდის კიდეც დისკუსიების ჰორიზონტებს, რადგან ფორმატი იმთავითვე არაოფიციალური, არაფორმალური იყო. ასე, რომ გავაგრძელებთ მუშაობას იმავე მიმართულებებზე, რომელზეც ვმუშაობდით ადრეც.

- რა საკითხები შევა 28 ნოემბრისთვის დაგეგმილი მორიგი რაუნდის დღის წესრიგში? იქნება თუ არა მათ შორის [ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ – რედ.] ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თემა?

- თემებს შორის არის, უპირველესად, ურთიერთობების მდგომარეობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, სატრანსპორტო სფეროში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხები, სპორტული კავშირების ჩათვლით. ამ მხრივ გაჩნდა გარკვეული იდეები ჩვენი ფედერაციებისგან და გუნდებისგან... ვიმსჯელებთ.

მოლაპარაკებათა მონაწილეების შემადგენლობა არ იცვლება – იქნებიან ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო უწყების წარმომადგენლები. ასე, რომ ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა დავადასტუროთ ორმხრივი განზრახვა, განვავითაროთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, წავიწიოთ წინ და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს.

რაც შეეხება რთულ თემებს. სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი – რედ.] ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა  გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული კონტაქტები სხვადასხვა არხებით შედგა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სფეროს განეკუთვნება, რომელთა თანათავმჯდომარეები რეგიონში ჩადიან. ჩვენ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ საკითხი მალე გადაიჭრება.

- როგორც აღნიშნეთ, იბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის. შეგვიძლია თუ არა, დღეს ცალსახად ვისაუბროთ ავიაემბარგოს გაუქმებაზე? შესაძლებელია თუ არა, ეს წლის ბოლომდე მოხდეს?

- ვფიქრობ, სადღეისოდ ამაზე ცალსახად საუბარი ნაადრევია. ავიამომისვლის აღსადგენად საჭირო იქნება დამატებითი ერთობლივი მუშაობა. უპირველესად ეს ეხება ატმოსფეროს გაჯანსაღებას, ივნისის ტიპის პროვოკაციული ანტირუსული განცხადებების შეწყვეტას, რომლითაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ. ერთი სიტყვით, ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, ვეცდებით, წავიწიოთ წინ, მათ შორის – ავიამიმოსვლის აღდგენის კუთხით, თუმცა როდის მოხდება ეს – ძნელი სათქმელია.

- 7 წლის განმავლობაში შეძელით, მიგეღწიათ პოზიტიური ძვრებისთვის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში. როგორად გესახებათ კარასინი-აბაშიძის ფორმატის მომავალი, შესაძლებელია თუ არა, იგი შეიცვალოს?

- ჯერ-ჯერობით ფორმატი უცვლელი რჩება, თუმცა მისი კანონიზირება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. თუ შეგვექმნება საზოგადო მოღვაწეების, პარლამენტარების ჩართვის აუცილებლობა, შეგვიძლია, ამაზე წავიდეთ, თუმცა მთავარი საშიშროებაა, ეს ფორმატი არ იქნას პოლიტიზირებული: იგი მოწოდებულია, გადაჭრას ორმხრივი ურთიერთობების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. ჯერ-ჯერობით ამას ვახერხებდით, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილეობის პერიოდში მოუწოდეთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი ეთქვათ ორ დაფაზე თამაშზე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის განცხადებებიდან გამომდინარე, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ კურსი არ შეიცვლება. ამ ვითარებაში რის ხარჯზეა შესაძლებელი ურთიერთობებში ბალანსის მიღწევა?

- ჩვენი ფორმატის წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას, ამიტომაც აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის მოსმენა და გაგონება როგორც საერთაშორისო, ისე ორმხრივი ურთიერთობების რთულ პოლიტიკურ პირობებში. ჩვენ ამას ვსწავლობთ და იქ, სადაც ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს, რაღაც გამოგვდის კიდეც, ეს კი ხელს უწყობს კეთილმეზობლური განწყობების, ჩვენს ხალხებს შორის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განვითარებას. ვეცდებით, კიდევ წავიწიოთ წინ გეოპოლიტიკური ხუშტურების გარეშე.

- საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლობა აღდგება. როგორ ფიქრობთ, რა მოქმედებები უნდა შესრულდეს ამ მიმართულებით?

- მეც მჯერა ამის. ეს დრო არც ისე შორია. უკვე ვთქვი, რომ ამ პროცესს ზედმეტი ემოციურობა, გაუაზრებელი ხისტი განცხადებები უშლის ხელს, რომელთაც ჩიხში შევყავართ. თუ სამომავლოდ მსგავს მოვლენებს თავს ავარიდებთ, ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ სვლა ტემპს მოიკრებს. სწორედ ამისთვის ვიღწვით.

[…]  ჩემს კარიერაში ყველაზე საინტერესო პერიოდად მივიჩნევ ბოლო 15 წელს, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს ვკურირებდი. ეს მართლაც ცოცხალი ისტორიაა, რომელსაც თავად ვქმნით, მთელი მისი მიღწევებით, დრამებით და ტრაგედიებით. წარმატება ამ საქმეში შეიძლება, მხოლოდ ერთობლივი იყოს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. თუმცა სენატორის უფლებამოსილებები ასევე უკავშირდება ცოცხალ პოლიტიკას და იძლევა აქტიური მოღვაწეობის შესაძლებლობას. […] ხოლო ის, რომ ბ-ნ ზურაბს კვლავინდებურად შევხვდები ხოლმე, სამუშაოს ამ ნაწილს კიდევ უფრო საინტერესოს და საპასუხისმგებლოს ხდის. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და კარგად გვესმის ერთმანეთის. მთავარია, ვიპოვოთ ოპტიმალური ალგორითმი, განვსაზღვროთ მიზნები და სკურპულოზურად ვიმუშავოთ.

თქვენს მკითხველს კი ვუსურვებ, კარგად დაასრულოს მიმდინარე წელი, აღნიშნოს ახლის დადგომა და ახლებურად შეხედოს ჰორიზონტებს.


ახალი ამბები

სხვა სიახლეები