„გულწრფელობის დროა“: პოლიტიკური გადაჯგუფება და გამოწვევები

24-07-2023 17:37:52 ანალიზი

საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დრო დარჩა, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჯგუფების პროცესი დაიწყეს. ცნობილია, რომ ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად შექმნა პლატფორმა და გამოიკვეთა კონტურები მინიმუმ კიდევ ორი მიზიდულობის ცენტრის შესახებ. კერძოდ, საუბარია ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიაზე „საქართველოსთვის“ და „ლელოზე“. როგორც განიმარტა, მიზანია, „არ დაიკარგოს“ არც ერთი პროდასავლური ოპოზიციური ხმა, რადგან 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს 5%–იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ 5%–იანი ბარიერიცაა ოპოზიციური, განსაკუთრებით მცირე პარტიების გამოწვევა და პასუხისმგებლობაც, არ „დაიკარგოს“ საარჩევნო ხმები, რომელთაც ჯამურ სურათში შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშონ.

ინფორმაციისთვის: როდესაც სუბიექტები ვერ ლახავს საარჩევნო ზღურბლს, მისი ხმები პარლამენტში შესულ პოლიტიკურ ძალებს შორის ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ ამას უწოდებენ „დაკარგულ ხმებს“. მაგალითად, თუ ზღურბლს მხოლოდ ორი სუბიექტი გადალახავს „დაკარგული ხმების“ დიდ ნაწილს პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს და შესაძლოა, ერთპარტიულადაც შეძლოს მთავრობის ფორმირება, რისთვისაც მინიმუმ 76 სადეპუტატო მანდატია საჭირო.

„იმისთვის, რომ ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება, აუცილებელია, ამ პარტიამ იმაზე მეტი ხმა არ მიიღოს, რამდენიც, „დაკარგული ხმების“ გათვალისწინებით, მისცემდა მას 76 მანდატს. რიცხვებში ეს სხვადასხვაგვარი კომბინაცია შეიძლება, იყოს. მაგალითად, თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ხმების 45% მიიღო და დაკარგული ხმები თუ იქნა მხოლოდ 8% (ანუ სხვა ზღურბლგადალახულმა სუბიექტებმა ჯამში მოაგროვეს 47% მაინც), ამ შემთხვევაში 45%–იანი პარტია ვერ მიიღებს 76 მანდატს – მას 74 მანდატი ექნება, ხოლო დანარჩენ პარტიებს ჯამურად – 76 მანდატი ექნებათ და კოალიციაზე შეთანხმების შემთხვევაში მთავრობის ჩამოყალიბებას ნაცვლად პირველ ადგილზე გასული პარტიისა, თავად შეძლებენ. ხოლო თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 45% მიიღო, მაგრამ დაკარგული ხმების რაოდენობა იქნება 9% ან 10%, მაშინ ეს პარტია მიიღებს 76 მანდატს. შესაძლოა, პარტიამ მხოლოდ 30% მიიღოს, მაგრამ „დაკარგული ხმების“ ხარჯზე მაინც შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება“,– განმარტავს „აქცენტთან“ საარჩევნო არითმეტიკას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ამომრჩეველი გადაწყვეტს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის საარჩევნო უბანზე დაფიქსირებას.

კერძოდ, ხმალაძის დაკვირვებით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ მეტ–ნაკლებად სტაბილური ამომრჩეველი, რომლებიც არჩევნებზე მუდმივად დადიან, სხვები კი პასიურობენ. თუ ოპოზიცია შეძლებს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის გარღვევას და მოქალაქეებისთვის ალტერნატივის (ან ალტერნატივების) შეთავაზებას, რამაც შესაძლოა, გაზარდოს საარჩევნო უბნებზე აქტივობა, იზრდება შანსი, ოთხმა ან ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახოს საარჩევნო ზღურბლი და მცირე იყოს „დაკარგული ხმების“ რაოდენობაც:

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ზღურბლგადალახული სუბიექტების რაოდენობა გაიზარდოს, ამ შანსს კი ზრდის არჩევნებზე მისული ბევრი ამომრჩეველი. ენმ–ს და „ქართულ ოცნებას“ (როგორც საარჩევნო პრაქტიკა აჩვენებს) გარანტირებული აქვთ ზღურბლის გადალახვა, დანარჩენ სუბიექტებს კი დასჭირდებათ იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ შეამცირონ „დაკარგული ხმების“ რაოდენობა“.

ამ პროცესში ცხადია, საკუთარი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ამომრჩეველსაც, რომ გაიაზროს პარლამენტის ფორმირების სპეციფიკა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება:

„ერთი რამ აქსიომაა – საარჩევნო უბანზე არმისული ამომრჩევლის ხმა, ფაქტობრივად პირველ ადგილზე გასულთან მიდის, ყოველ შემთხვევაში, ამ ხმების დიდი ნაწილი – ასეთია არითმეტიკა, როდესაც იანგარიშება მანდატების რაოდენობა მიღებული ხმების მიხედვით“.

კერძოდ, როგორც კვლევები ადასტურებს, მინიმუმ 50% ამომრჩევლისა პოლიტიკური პროცესისადმი ნიჰილისტურად არის განწყობილი. ცხადია, ვის მისცემს ხმას კომპრომისულად ასეთი ტიპის ამომრჩეველი, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით, მაგრამ მაღალია შანსი, რომ რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფს. ასეთ შემთხვევაში კი ის შეამცირებს მმართველი გუნდის მიერ მიღებული ხმების ჯამურ წილს, გაზრდის შანსს, მეტმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ზღურბლი, შესაბამისად, ნაკლები ხმა“ დაიკარგოს“. იგივე პრინციპი მუშაობს საარჩევნო ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაშიც.

„ამდენად, უბანზე არმისული ამომრჩეველი, მისდა უნებურად, სწორედ პირველ ადგილზე გასულს ეხმარება. ამიტომ, „არც ერთი პარტია არ მომწონს და არჩევნებზე არ მივდივარ“, სწორი დამოკიდებულება არაა“,– აჯამებს ხმალაძე.

ამდენად, გარდა ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ძალადობრივი გარემოსა, რომელიც მაღალი ალბათობით, კიდევ უფრო დამძიმდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება, რა დღის წესრიგით წარდგებიან პოლიტიკური ჯგუფები არაერთგზის იმედგაცრუებული ამომრჩევლის წინაშე. თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლების რიტორიკით ვიმსჯელებთ, არის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ხაზი „ომისა და მშვიდობის“ თემის ირგვლივ აეწყობა, ხოლო ოპოზიციისთვის გამოწვევად რჩება, ერთის მხრივ, გაანეიტრალოს პროპაგანდისტული გზავნილები, მეორეს მხრივ, არ შეჰყვეს პოლიტიკურ "თამაშში" მმართველ გუნდს და მხოლოდ საგარეო საკითხებზე არ კონცენტრირდეს.

„უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ასეთი, მაგრამ პოზიტიური და ძალიან რეალისტური პროგრამის გაკეთება, რომლითაც შეძლებს პოლიტიკური ჯგუფი, გამოირჩეოდეს სხვებისგან. საჭიროა არა მხოლოდ იმის თქვა, რას გააკეთებენ, არამედ იმისაც, თუ როგორ, რათა ეს ზერელე დაპირებად არ დარჩეს. მხოლოდ ევროპულ მომავალზე საუბარი და ასევე მხოლოდ იმაზე დაყრდნობა, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია, შედეგს არ მოიტანს“,– ამბობს „აქცენტთან“ პოლიტიკის კომენტატორი ვახტანგ ძაბირაძე.

ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, კვლავ ორპოლუსიანი გახადოს პოლიტიკური გარემო, ამიტომ მნიშვნელოვანია ოპოზიციაში ერთგვარი გადაჯგუფება, გამსხვილება, პოზიტიური, რეალისტური პროგრამების შეთავაზება და ადამიანებისთვის რწმენის გაჩენა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლით საკუთარი ცხოვრების შეცვლას ნამდვილად შეეცდებიან.

ძაბირაძე აღიარებს, რომ ზოგადად პოლიტიკური ძალებისადმი მაღალი უნდობლობის ფონზე, ეს რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი და გამოსავალს გულწრფელობაში ხედავს: „ჩვენ მხარს დაგვიჭერს მოსახლეობა“, ოპოზიციის მხრიდან ამაზე საუბარი, არ მგონია, სწორი იყოს. გულწრფელები უნდა იყვნენ. ფინანსებს ცხადია, არჩევნებზე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამჟამად ისეთი ვითარებაა, რომ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები