Accentnews.ge
გახსნის თუ არა საქართველო აფხაზეთში მეორე ფრონტს?

გახსნის თუ არა საქართველო აფხაზეთში მეორე ფრონტს?

25/07/2023 18:04:45 კონფლიქტები

„საქართველოსთან ახალი ომის საფრთხე“! „მეორე ფრონტი, რომელსაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად გახსნის“! ... - უკრაინაში ომის დაწყებიდან გასული წელიწადნახევრის განმავლობაში აფხაზეთის მაცხოვრებლებს მსგავსი „ბუები“ არაერთხელ სმენიათ. არ ვიცი, ვინ და რას მოითხოვდა საქართველოსგან, ან რა სახით უნდა შესრულებულიყო ეს მოთხოვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

არა, ომის დაწყებისა და სისხლისღვრის მომხრე არ გეგონოთ, მაგრამ თავად განსაჯეთ: ეს უკვე იმდენჯერ გაგვიმეორეს ყველა შესაძლო სცენარით, მათ შორის სუპერტექნოლოგიური თანამედროვე იარაღის გამოყენების ხატოვანი აღწერით, რომ აფხაზეთში ყველაზე გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქეებმაც კი გააცნობიერეს: ყველა მსგავსი განცხადება ვითარების ხელოვნური დაძაბვის მცდელობაა და არაფერი სხვა.

ამ თემას შემთხვევით არ შევხებივარ: მინდა, გიჩვენოთ ერთგვარი ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც მიგახვედრებთ, რისთვის სწევდნენ საკითხს ჯერ კრემლში, ხოლო შემდეგ - აფხაზეთში.

პირველად ცნობა საქართველოს „სურვილზე, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას“, სოცქსელებში გავრცელდა აუდიოჩანაწერის სახით, რომელშიც უცნობი მამაკაცი თბილისის გრანდიოზულ „საომარ გეგმებზე“ საუბრობდა. აფხაზეთში ამ საინფორმაციო „ინექციას“ მაშინ ნაკლებად მიაქციეს ყურადღება. მაგრამ მალევე „საქართველოს განზრახვაზე, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას“, რუსი ჩინოსნები ალაპარაკდნენ - და აფხაზებს ერთი მეორეს მიყოლებით დაატყდათ თავს რჩევები, რა მოიმოქმედონ შექმნილ ვითარებაში.

მთელი ეს სადეზინფორმაციო ნიაღვარი იქამდე მივიდა, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის რბილად, მაგრამ დაჟინებით დაიწყეს იმის შეთავაზება, რომ მიუერთდნენ (რუსეთ-ბელარუსის) ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს, - აქაოდა, ეს „დასავლეთის მიერ ზომბირებული ქართველებისგან დაგიცავთო“... აფხაზების თავებში ჯერ ეს ინფორმაცია არ იყო გადახარშული - და პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საქვეყნოდ განაცხადა, „მზად ვართ, შევიდეთ საკავშირო სახელმწიფოში“, რადგან ეს „ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებაო“.

არ ვიცი, რაში მდგომარეობს აფხაზეთის „ეროვნული ინტერესები“ ასლან ბჟანიას გაგებით, მაგრამ აფხაზი ხალხის სურვილებსა და სწრაფვებთან მის სიტყვებს ნამდვილად არაფერი აკავშირებს.

თუმცა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს. როცა მეორე ფრონტის თემა უკვე ყველა ხვრელიდან ჟღერდა, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე დაიწყო ზრუნვა, რეზერვისტებს კი წვრთნების გახშირებისკენ მოუწოდეს. არადა, აფხაზეთში ყველას ესმოდა: ქართველებს რომ მართლაც გადაეწყვიტათ ომი, მარტო იმ აფხაზური ჯარის ძალები, რომელსაც წლიდან წლამდე მიზანმიმართულად აჩანაგებდნენ, ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი.

დაინახეს რა, რომ აფხაზებს დიდად არ სჯეროდათ „ქართველების სურვილის, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხნსნან“, ამ მიმართულებით პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. ამასთან, ჩინოსნების ყველა განცხადება, კომენტარი თუ საექსპერტო მოსაზრება ომის გარდაუვალობაში გვარწმუნებდა.

ამ თემაზე აფხაზი პოლიტიკოსების ციტირებას არ დავიწყებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს: ყველა მსგავსი განცხადება შეიცავდა აზრს, რომ ამ ქმედებისკენ საქართველოს „კოლექტიური დასავლეთი უბიძგებს“. და აქ მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ ზუსტად იგივე გზავნილი ჟღერდა მანამდე კრემლიდან გაკეთებულ განცხადებებშიც. ანუ, მოსკოვი და სოხუმი ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ტექსტს ტრანსლირებდნენ.

ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა ამასობაში საქართველოში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყანას უკვე 11 წელია, ხელმძვანელობს, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის განზრახვას უარყოფდა. ხელისუფლების წარომადგენლები გამუდმებით იმეორებდნენ, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ომის პარტია“ არაა და სამხედრო კონფლიქტი - ეს არის საშინელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს“, მაგრამ „ქვეყნის ომში ჩათრევა რადიკალურ ოპოზიციას სურს“. ჯერ კიდევ მაისში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას რუსეთთან „გრძელვადიან მშვიდობას“ დაჰპირდა და მეორე ფრონტის გახსნა გამორიცხა. ამასთანავე, საქართველომ უარი განაცხადა, მიერთებოდა ანტირუსულ სანქციებს, რომელიც დასავლეთმა მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა. თავისი უარი თბილისმა გარკვეული ეკონომიკური მიზეზებით ახსნა, რომლებიც სანქციებს მიერთების შემთხვევაში „მნიშვნელოვნად აისახებოდა ტურისტულ და სასოფლო-სამეურნეო სფეროებზე“. და როგორც კი საქართველოს ხელისუფლებამ ეს მისი „პრინციპული პოზიცია“ გააჟღერა, მოსკოვსა და თბილისს შორის, ღარიბაშვილის დაპირებისამებრ, ურთიერთობები დათბა. ფრენები განახლდა, ქართველებს სავიზო რეჟიმი გაუუქმეს, რუსი მაღალჩინოსნების შთამომავლებმა კი საქართველოში ქორწილების გადახდა დაიწყეს.

საგულისხმოა, რომ აფხაზეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა საკუთარი ოპოზიციის დემონიზებას დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მიჰყვეს ხელი. აფხაზეთში ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე მიწისა და უძრავი ქონების, მათ შორის ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე უარის თქმა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ „ანტირუსულ განწყობებად“ ფასდება. საქართველოში კი უცხოეთის აგენტების შესახებ (რუსულის ანალოგიური) კანონის მიღების ბლოკირებისა და ზოგადად ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკის მცდელობები „რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის სურვილად“ წარმოჩინდება.

ქართული ოპოზიციის გამათრახებას აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც აუბა მხარი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ რაკი ქართველი ოპოზიციუნერები „გზების გადაკეტვას, მოლოტოვის კოქტეილებსა და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს მიმართავენ“, ეს „ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი „კარგად არიან მომზადებულები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ“. რაღა თქმა უნდა: ინტერნეტის საუკუნეში ხომ მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას სხვა ვერავინ შეგასწავლის, სახდეპის გარდა!

აფხაზეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა თითქოს მოილაპარაკეს და ყველა პრობლემაში საკუთარ ოპოზიციებს ადანაშაულებენ. არცაა გასაკვირი: ომისა და ცუდი ოპოზიციის თემები ხომ ყოველთვის მომგებიანია და მათი მეშვეობით შესაძლებელია მოსახლეობის ყურადღების რეალური პრობლემებიდან გადატანა. მსგავსი პრობლემები კი როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში საკმარისზე მეტია.

ქართველების მხრიდან მუდმივი საფრთხის შესახებ ამ იდეებით ასლან ბჟანია იმის გადაფარვას ცდილობს, რომ მიმდინარეობს აფხაზეთის კაპიკებში გაყიდვა. და მყიდველი რუსეთია, რომლის ოლიგარქები მზად არიან, აქ ჩირის ფასად ყველაფერი იყიდონ. საქართველოს ხელისუფლება კი, რომელიც ქვეყანას უკვე 11 წელია, მართავს, ოპოზიციის დემონიზებით პოლიტიკური კურსის რუსეთისკენ გადახრის, კერძოდ იმის შენიღბვას ცდილობს, რომ ოფიციალური თბილისი მზადაა, მოსკოვთან დასაახლოებლად უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.

შესაძლოა, პირველად 30 წლის განმავლობაში, ენგურს გაღმაც და გამოღმაც ადამიანებმა მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა გააცნობიერეს. და რამდენიც არ უნდა ეცადონ ხელისუფლებები მოსახლეობაზე ზემოქმედებას საუბრებით რაღაც „მაღალ მატერიებზე“, რომლებმაც აფხაზეთიცა და საქართველოც აყვავემადე უნდა მიიყვანონ, მათი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა. ორივეგან სახელისუფლებო ჩინოსნების მთავარი სურვილი რაც შეიძლება, მეტი ფულის მოხვეჭაა. სხვაობა კი იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის შემთხვევაში ლიდერები უზრუნველყოფილები არიან „სათადარიგო აეროდრომით“ მოსკოვში და საიმედოდ არიან მიჯაჭვულები რუსეთს. საქართველოში კი „ელიტა“ არსად აპირებს გაქცევას, უბრალოდ გადაწყვიტა, ხელისუფლებაში სამუდამოდ, ან, სულ მცირე, მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს.

და ვინ გადაიხდის ხელისუფლებების შეცდომების ფასს? - რაღა თქმა უნდა, ხალხი, თითოეული - თავისებურად.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S