26-07-2023 11:56:42 ეს საინტერესოა
საქართველოს „ორბანიზაცია“. როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,– ამ სათაურით სტატიას BBC–ს რურულენოვანი რედაქცია აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი გამოიყურება მთავარ თანამოაზრედ ევროკავშირში.
"უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში აკრიტიკებენ თავისუფლების შეზღუდვისა და ვლადიმირ პუტინთან მეგობრობის გამო, მოსახერხებელი პარტნიორია საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის",– ამბობს სტატიის ავტორი, თუმცა იქვე დასძენს, რომ "ეს შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო არჩევანი იმ ქვეყნისთვის, რომელიც იმედოვნებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ამ წლის ბოლოს".
სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აქამდეც არ ამჟღავნებდა ენთუზიაზმს უმცირესობების უფლებების დაცვაში, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ე.წ. „ლგბტ პროპაგანდას“, ადანაშაულებდა ოპონენტებს „ლიბერალურ ფაშიზმში“, ხოლო პროტესტი მონაწილე ახალგაზრდებს „ორიენტაცია არეულებს“ უწოდებდა.
"თავდაცვის მინისტრიც კი გამოირჩეოდა. იმ პირობებში, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის 20%-ს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სწორედ ლიბერალიზმს შეუძლია პირდაპირ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს",– ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ამგვარი რიტორიკა შესაძლოა, იყოს ერთის მხრივ, ამომრჩევლის კონსერვატიული ნაწილის მოზიდვისა და საზოგადოებაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმის დათესვის მცდელობა, რათა თავი იმართლონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში.
ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მეტწილად იმეორებს როგორც უნგრეთის, ისე რუსეთის მთავრობების ისედაც გატკეპნილ გზებს ლგბტ, ტრადიციებისა და ეკლესიის თემებით მანიპულირებით,– დასძენს ავტორი.