ძველი რომიდან აფხაზეთამდე

27-07-2023 03:40:58 კონფლიქტები

ბოლო წლებში აფხაზეთში სულ უფრო მეტად აკვირვებთ რუსეთის პოლიტიკა. ნებისმიერი აფხაზი პოლიტიკოსი თითქოს განწირულია პრორუსულობისთვის, ისევე, როგორც აფხაზურ საზოგადოებას არ აქვს არანაირი სხვა შესაძლებლობა, მოსკოვზე ორიენტაციის გარდა. მაშ რატომ არ უნდა სტიმულირებდნენ ჩვენთან რეფორმების გატარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, კორუფციასა და დანაშაულთან ბრძოლას? რატომაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა აფხაზეთი პრეზიდენტს ან პარლამენტს ირჩევს, მოსკოვი აუცილებლად დებს ფსონს რომელიმე სუბიექტზე, თანაც, როგორც წესი, არცთუ საუკეთესოზე, მერე კი ყველა შესაძლო ხერხითა და მეთოდით ცდილობს მისი გამარჯვების უზრუნველყოფას? რატომაა, რომ აფხაზებს ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ არნახული ძალისხმევის გამოჩენა უწევთ სამართლიანი შედეგების მისაღწევად? რატომაა ამისთვის საჭირო ან რევოლუცია, ან მისი მუქარა?

მოსკოვის ეს დაუოკებელი ჟინი, საკუთარი კანდიდატები გაიყვანოს და აფხაზეთში საერთო ვითარების უცვლელობა უზრუნველყოს, გასაგები იქნებოდა, რომ არსებობდეს რესპუბლიკის მტრის მხარეს გადასვლის რისკი. მაგრამ მსგავსი რისკი მინიმალურია. მაშ რატომ, რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი?

რაში სჭირდება რუსეთს რაღაც ნაკვეთი ბიჭვინთაში, რომლის სადარიც მას საკუთარ ტერიტორიაზე ასობით ათასი აქვს? რაში დასჭირდა საცოდავი აიბღა, რომლის ირგვლივაც ისეთი სკანდალი აგორდა, თითქოს საშუალო ევროპული ქვეყნისხელა რეგიონზე ყოფილიყოს საუბარი? რაში სჭირდება მას აფხაზური სანაპირო, რომლის ხელში ჩასაგდებადაც უკვე წლებია, იღწვის, ამჯერად - აპარტამენტების შესახებ კანონის გამოყენებით? რუსეთის ტერიტორია ხომ 17 მლნ. კვ. კმ-ს ითვლის და რა შეპყრობილობაა ასეთი, მიზანში ამოიღო 210 კმ-იანი სანაპირო, როცა თავად პლუტონისოდენა მიწებს ფლობ მათზე მოსახლეობის შედარებით მცირე რაოდენობით?

ან რატომ არ სურს რუსეთს, აფხაზეთი აქციოს სამაგალითო სახელმწიფოდ, რომელიც სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობას, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს დაეფუძნება? რატომ ცდილობს მოსკოვი აფხაზეთში პირიქით - ჩამორჩენილობის, არქაიზმისა და ავტორიტარული გამოვლინებების შენარჩუნებას?

კითხვა ბევრია, პასუხი - არც ისე. ზოგადად, ჩვენში გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთის მსგავსი გაუგებარი პოლიტიკა ვითარების ცუდი ანალიზისა და არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია, რომ მთლიანობაში, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ცალკეულ მოსკოველ ჩინოსნებს გარკვეული დეტალები არ ესმით და თუ კარგად ავუხსნით, რაში ცდებიან, ყველაფერს გაიგებენ და სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ. თურმე, სულ ესაა.

ოჰ, ჩემო აფხაზებო... ჩვენს სწრაფვაში, რუსეთს გონებით გავუგოთ, მის გადაწყვეტილებებს ლოგიკური, რაციონალური ახსნა მოვუძებნოთ, მარტონი ნამდვილად არ ვართ და მით უფრო პირველები. რაღა შორს წავიდეთ? - აგერ, ქართველები უკვე 30 წელია, ვერ იგებენ, რაში დასჭირდა მოსკოვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთაგანაც ხარჯების მეტი, არაფერი აქვს. უკრაინელები ვერ იგებენ, რაში სჭირდებათ რუსებს ეს დონბასი, რომელზეც იმდენის დახარჯვა მოუწევთ, რომ იმ ფასად რუსეთის რამდენიმე ოლქი თავიდან აშენდებოდა...

ვერც მთელი მსოფლიო იგებს, რატომაა რუსეთი მზად, უარი თქვას ყველა თავის მიღწევაზე, ყველა პრივილეგიაზე, მსოფლიო რუქაზე განსაკუთრებულ ადგილზე, ნავთობისა და გაზის ევროპულ ბაზარზე, დასავლურ ტექნოლოგიებზე... და ეს ყველაფერი - საეჭვო მიზნისთვის, უკრაინელები რუსებად აქციოს! რატომ? რისთვის? ვისთვის? ვინ იხეირებს ამით?

პასუხები ამ კითხვებზე არაა და არც თვალსაწიერ მომავალშია მოსალოდნელი. პასუხებს ვერც უგონიერესმა ფეოდორ ტიუტჩევმა მიაკვლია და ჩვენზე - რიგით მოკვდავებზე რაღა ითქმის?!

სინამდვილეში, პასუხები იმიტომ არ არსებობს, რომ კითხვებია კოორდინატთა არასწორი სისტემიდან, რომლის თანახმად, სახელმწიფო დონის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება, ანუ, როგორც ბოლო დროს ამბობენ, პრაგმატულად. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ რუსეთის რეალური მოტივები სულ სხვა სიბრტყიდანაა, ყველაფერს ტიუტჩევის გარეშეც მიხვდებით.

რუსეთი - ეს არის იმპერია და ყველა მისი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე არა პრაქტიკული ინტერესებიდან, არამედ იმპერიის გაძლიერება-გაფართოებისკენ სწრაფვიდან გამომდინარეობს.

მოსკოვი სატელიტებისა და ვასალებისგან მატერიალურ სარგებელს არ ეძებს - პირიქით, მზადაა, მათ დასაქვემდებარებლად მილიარდები კარგოს.

მოსკოვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, დონბასი არა თავისთავად სჭირდება, არამედ როგორც იმპერიის გაფართოების სიმბოლოები, რადგან როგორც კი იმპერია გაფართოებას წყვეტს, იგი პირველ ნაბიჯს დგამს დაშლისაკენ. გაიხსენეთ: რომმა რღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიაში ზღვარი გაავლო და საკუთარ თავს უთხრა, „ამ ზღვარს იქით აღარ გავფართოვდებიო“.

და მთავარი: თამაშის წესები დ მართვის სისტემა იმპერიის გავლენას დაქვემდებარებულ ყველა ტერიტორიაზე ერთიანი უნდა იყოს. დედაქალაქიდან ყველაზე მოშორებულ სოფლებამდე ბიუროკრატიული აპარატი, ძალოვანი უწყებები, ბიზნესი, ეკონომიკა - ყველაფერი ერთნაირი წესებით უნდა ფუნქციონირებდეს. გამონაკლისები დაუშვებელია. აფხაზეთი ვერ იქნება რუსეთზე უკეთესი, მისი სისტემა ვერ იქნება უფრო რაციონალური, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოწვევა იქნება ერთიანი წყობისთვის.

ნებისმიერი იმპერია თავის ტერიტორიაზე ერთნაირ სამართლებრივ, ბიუროკრატიულ და თუნდაც ურბანისტულ სივრცეს ქმნის. რას აკეთებდნენ რომაელები ახალ-ახალ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ? - აშენებდნენ აბანოებსა და ამფითეატრებს. რომიდან კართაგენამდე, გერმანიიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე, ნებისმიერ ქალაქსა თუ დაბაში რომ მოხვედრილიყავით, უშეცდომოდ გამოიცნობდით, რომ რომის იმპერიაში ხართ - ერთნაირი არქიტექტურითა და თამაშის ერთიანი წესებით.

თუ მოგეჩვენათ, რომ რომი მეტისმეტად შორეული წარსულია, გაიხსენეთ სსრკ და სოციალისტური ბანაკი - ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრიდან ბერლინის კედლამდე ნებისიერ ქალაქსა თუ დაბაში ერთნაირი „ხრუშჩოვკებითა“ და პანელური მიკრორაიონებით. ჩეხებსა და უნგრელებს ალბათ, ასევე უკვირდათ, რატომ აშენებდნენ ეს გადარეული რუსები იმ საშინელ მიკრორაიონებს და რატომ ადარდებდათ, როგორი იქნებოდა პრაღისა და ბუდაპეშტის განაშენიანება. მაგრამ იმპერიას მსგავსი უმნიშვნელო დეტალებიც ადარდებს - მის ტერიტორიაზე განაშენიანებაც ერთნაირი უნდა იყოს. დუშანბეში, ხოლო შემდეგ პრაღაში მოხვედრილი, მაშინვე უნდა მიმხვდარიყავით: აქ ერთი ტერიტორიაა და თამაშის ერთიანი წესები.

ასე, რომ რუსეთი აფხაზეთის განვითარებას იმიტომ კი არ ამუხრუჭებს, რომ ვიღაცამ რაღაც არასწორად გაიგო და თუ კარგად აუხსნი, მიახვედრებ. რუსეთი ყოველთვის დაამუხრუჭებს აფხაზეთის განვითარებას იმ მარტივი მიზეზით, რომ იმპერიის დაუწერელი კანონებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე თამაშის წესები და მართვის სისტემა დაახლოებით ისეთივე უნდა იყოს, როგორიც მოსკოვშიც კი არა - უფრო კრასნოდარის მხარეში.

აფხაზების ნებისმიერი მცდელობა, ამ ნორმისგან გადაიხარონ, ღალატად იქნება აღქმული. არადა, კოორდინატთა არსებულ სისტემაში აფხაზეთს არ აქვს შანსი, კორუფციის, კრიმინალისა და მზარდი ავტორიტარიზმის ჭაობს დააღწიოს თავი: მათთვის თავის დაღწევა ხომ თამაშის წესების დარღვევის ტოლფასი იქნებოდა, ეს კი „უპატიებელი თვითნებობაა”.

ნათქვამია, მითხარი, ვინაა შენი მეგობარი - და გეტყვი, ვინ ხარ შენო...

ბატალ ამიჩბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები