
აფხაზეთი - რუსეთს: გასხვისება არაჰარმონიული სინქრონიზაციის სოუსში
31/07/2023 23:57:33 კონფლიქტები
თუ ვინმე გეტყვით, „აფხაზეთში ცხოვრება გაუმჯობესდა და რესპუბლიკა ყვავისო“, არ დაიჯეროთ! ომისშემდგომი 30 წლის განმავლობაში მსგავსი კრიტიკული ვითარება არასოდეს გვქონია და ეს დაკავშირებულია საფრთხესთან, რომელმაც აფხაზების მოდგმა სამუდამოდ შეიძლება, გაანადგუროს.
გაზვიადებად რომ არ ჩამეთვალოს, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს აფხაზების ყოფის სრულ უპერსპექტივობას სამშობლოში - ჯერ კიდევ ჩვენსაში.
რამდენიმე წლის წინ აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობებმა გააფორმეს დოკუმენტი ორი ქვეყნის კანონმდებლობების სინქრონიზაციის შესახებ, რომელსაც ლამაზი სახელი - „ჰარმონიზაცია“ შეურჩიეს. არაერთგზის დამიწერია, რა საფრთხეები გველის აფხაზებს, თუ საბოლოოდ მაინც გავატანინებთ რუსეთს თავისას, მაგრამ ჩემს მოსაზრებებს მწვავე კრიტიკა ხვდებოდა. გავიდა დრო - და დღეს უკვე ყველას ესმის, რაოდენ დამღუპველ გზას დაადგა აფხაზეთის ხელისუფლება ჰარმონიზაციის პროგრამის დამტკიცებით.
შეგახსენებთ, რომ ამ გეგმის მიღების მთავარ არგუმენტად სახელდებოდა „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცე“, რომელიც აფხაზეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისთვის უნდა შექმნილიყო. მახსოვს, როგორ ზემოქმედებდნენ მოსახლეობაზე ნარატივით - „კანონმდებლობების გეგმის მიხედვით ჰარმონიზაციის შემთხვევაში აფხაზეთი მიიღებს წვდომას დიდ ფინანსებსა და ტექნოლოგიურ რესურსებზეო“. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, სინქრონიზაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება, აფხაზეთსა და მის მოსახლეობას კი ამ დრომდე არ უნახავთ არავითარი სარგებელი და როგორც ჩანს, მას ვერც სამომავლოდ ნახავენ.
ერთადერთი დადებითი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, ამ ხნის განმავლობაში აფხაზებმა იოტისოდენადაც არ დაუთმეს რუსეთს ჰარმონიზაციის გეგმის ყველაზე პრინციპულ საკითხებში: უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისება, მოსკოვის ყველა მცდელობის მიუხედავად, კვლავინდებურად აკრძალულია, ისევე, როგორც ენერგოობიექტების და რკინიგზაც ჯერ-ჯერობით აფხაზეთის დაქვემდებარებაში რჩება. თუმცა რუსეთის დაპირისპირება აფხაზურ საზოგადოებასთან ძალზე მძიმე, დროდადრო კი საშიში პროცესია. მოსკოვი „ურჩ“ აფხაზებს გაუთავებლად უწყობს ხრიკებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ პოზიციების დაცვას ბოლომდე შევძლებთ.
მიხვდა რა, რომ რუსეთის მთავარ სურვილებში აფხაზები დათმობას არ აპირებენ, კრემლმა გარკვეულ ხრიკებს მიჰყო ხელი. შედეგი სახეზეა: ჩვენმა ხელმძღვანელობამ ასლან ბჟანიას გუნდის სახით ეროვნულ ინტერესებს რუსული თაფლაკვერა არჩია და აფხაზეთს ნაწილ-ნაწილ აბარებს.
ბჟანია ამ საქმით პრეზიდენტის სავარძელში მოხვედრისთანავე დაკავდა, მაგრამ თავიდან ფართო საზოგადოებისგან მალულად მოქმედებდა. პირველი „ლაფსუსი“ მოხდა 2021 წლის დეკემბერში, როცა რუსეთის კრასნოდარის მხარის ყოფილმა გუბერნატორმა და სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩოვმა სოხუმში 5-ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექს "Москва Resort"-ის 20 მლრდ რუბლის ღირებულების პროექტის პრეზენტაცია გამართა.
კომპლექსი შენდება ბიჭვინთაში, 45 ჰა ტერიტორიაზე, საკუთარი 2-კილომეტრიანი პლაჟით და როგორც ტკაჩოვმა ბრძანა, მან ამ მიწის „სახელმწიფოსგან გამოსყიდვა“ მოახერხა. რაღა თქმა უნდა, შემდგომში ტკაჩოვიცა და აფხაზეთის ხელისუფლებაც ირწმუნებოდნენ, რომ მოხდა გაუგებრობა და არავითარ მიწის გაყიდვას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ ფაქტია, რომ ობიექტი არა მარტო შენდება, არამედ იგეგმება ანკლავის ჩამოყალიბება, რომელში მოხვედრაც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის მკაცრად იქნება აკრძალული.
ტკაჩოვის შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღარ ენიღბა რეალური ზრახვები და ე.წ. „აპარტამენტების“ მშენებლობის „სოუსში“ რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დაუფარავ ლობირებაზე გადავიდა.
ვითარების მთელი აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის მოქალაქეები დიდი ხანია, ყიდულობენ აფხაზეთში სახლებს, ბინებს, დაუსრულებელ სამშენებლო ობიექტებს, თანაც არა მარტო ზღვისპირა ქალაქებში, არამედ მოშორებულ სოფლებშიც. ბოლო წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასი იმდენად გაიზარდა, რომ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ბინა ოდინცოვოში ან ცარიცინოში იყიდოთ. ადგილობრივებს, რომელთა ხელფასები 6-15 ათასი რუბლის ფარგლებში მერყევობს, გაგრაში ან სოხუმში ბინის შეძენის ფუფუნება არც ადრე ჰქონიათ, ახლა ხომ საუბარიც ზედმეტია. სარიელტერო საიტები აჭრელებულია განცხადებებით, რომლებშიც ფასები 2-3 მლნ რუბლიდან იწყება. წააწყდებით 50-მლიონიან სახლებსაც, 90-მილიონიანსაც, - ზღვასთან სიახლოვის მიხედვით. ამასთან, განცხადებების უმრავლესობაში მითითებულია, რომ ობიექტი მხოლოდ რუსებზე გაიყიდება.
ანალოგიური ვითარებაა დასაქმების კუთხითაც. უმრავლეს შემთხვევაში დაწესებულებების ხელმძღვანელები უცხადებენ მსურველებს, რომ ადგილობრივების სამსახურში აყვანას არ აპირებენ.
არ ვიცი, რა საკანონმდებლო რეგულირებებია ამ კუთხით რუსეთში (დიდად არც მინდა, ვიცოდე), მაგრამ მსგავსი რამის გაჟღერება ჩვენთან წარმოუდგენელ თავხედობად მიმაჩნია და მეტიც, ვთვლი, რომ დასჯადი უნდა იყოს.
პრაქტიკულად მთელი სანაპირო ზოლი, განვმეორდები - მეჩხრად დასახლებული სოფლების ჩათვლით, უკვე ნაყიდი აქვთ რუსებს, რომლებმაც აქ მშვიდ თავშესაფარს მიაკვლიეს. ეს ძალიან ჰგავს აფხაზეთის ტერიტორიის უომრად დაპყრობას, - ტერიტორიისა, რომელზეც რუსები შემდეგ საკუთარ კანონებს დაგვიწესებენ. და ეს ყველაფერი - უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისებაზე მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის პირობებში!
ჩნდება საფუძვლიანი კითხვა: როგორ ახერხებენ ამ დროს ბატონი რუსები აქ უძრავი ქონების შეძენას? სწორი პასუხია - შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების ხელშეწყობით. და აქ კვლავ ვუბრუნდებით იმას, რომ ხელისუფლებამ ასლან ბჟანიას გუნდის სახით აფხაზეთის ტოტალურ გაყიდვაზე აიღო კურსი და ამ გამოუცხადებელ აუქციონზე საუკეთესო მიწებს ეუფლებიან ისინი, ვინც შეძლო, რუსეთიდან მილიონები გაეტანა.
წარმომიდგენია ქართველი კომენტატორების რეაქცია: „ღირსები ხართ“, „რაც დათესეთ, იმას იმკით“ და ა.შ. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადონ საკუთარი რეალობის შელამაზებას, რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა მასობრივი გაქცევის შემდეგ ვითარება ქართულ ქალაქებშიც მძიმდება.
კერძოდ, რუსები საქართველოში მასობრივად ყიდულობენ არა მარტო სახლებს, ბინებსა და კაფე-ბარებს, არამედ მიწებსაც და თავისი შენაძენების შესახებ ვიდეოებს სიამაყით ათავსებენ Youtube-ზე. ისინი არეგისტრირებენ ათასობით ფირმას და მათში უმთავრესად თანამემამულეებს ასაქმებენ.
და სამწუხაროდ, საქართველოშიც, აფხაზეთის მსგავსად, ეს პროცესები ხელისუფლების მდუმარე კურთხევით ხორციელდება.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება