უსაფუძვლო და საშიში პარალელები: კოსოვოსა და საქართველოს კონფლიქტებს შორის 10 კონცეპტუალური განსხვავება

02-08-2023 22:41:19 ანალიზი

ჯერ კიდევ მმართველობის დასაწყისში, 2013 წელს საქართველოს მმართველი ძალის - "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა კოსოვოსა და საქართველოს კონფლიქტების თემაზე გააკეთა სკანდალური განცხადება, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: "კოსოვო კარგი მაგალითია აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დასალაგებლადო".

მაშინ ვითარების განსამუხტად განმარტებების კეთება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლად დანიშნულ ზურაბ აბაშიძეს მოუწია.

გავიდა 10 წელი. 2023 წლის 1 აგვისტოს კოსოვოსთან პარალელების გამვლები განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძისგან მოვისმენთ, მაგრამ ათი წლის წინანდელი შემთხვევისგან განხვავებით, ამჯერად მმართველ გუნდს ამის გამო არც უხერხულობა უგრძვნია და არც გაბათილება უცდია.

„[...] სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი უპასუხებს, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა სერბეთის ნაწილი... ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, უბრალოდ რაც უთხრეს, იმას იმეორებენ" - ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას 27 და 31 ივლისს ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით შემოსული პუტინისტების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ "რუსეთი ოკუპანტი არაა", "რუსეთი და საქართველო მეგობრები არიან", "რუსეთმა აფხაზეთი ქართული აგრესიისგან იხსნა, გაათავისუფლა" და ა.შ.

თუ ვინმეს არ ესმის, რითაა უკიდურესად საზიანო და სახიფათო რუსეთ-საქართველოსა და კოსოვოს კონფლიქტებს შორის პარალელების ნებისმიერი სახით გავლების მცდელობები, გეტყვით, რომ სწორედ ამ პარალელების შესახებ მითს ავითარებს ჩვენი მტერი სახელმწიფოს - რუსეთის ხელმძღანელობა საქართველოს მიმართ 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად და სწორედ "კოსოვოს პრეცედენტზე" აპელირებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს.

რეალურად, არანაირი საფუძვლები იმისა, რომ კოსოვოს სიტუაცია სხვა კონფლიქტების დარეგულირების უნივერსალურ მოდელად განვიხილოთ, არ არსებობს, ყოველ კონფლიქტს თავისი უნიკალური სოციალური, პოლიტიური, ისტორიული და ეთნიკური ასპექტები აქვს, რის გამოც მათი დარეგულირებაც უნიკალურ მიდგომას მოითხოვს.

ამაში დასარწმუნებად გთავაზობთ, მოკლედ შევადაროთ ერთმანეთს კოსოვოს შემთხვევა, მაგალითად, აფხაზეთის კონფლიქტს:

1) ეთნიკური შემადგენლობა:

ჯერ კიდევ ღია კონფლიქტის დაწყებამდე კოსოვოში მოსახლეობის 90% ერთ - კოსოვოელი ალბანელების ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, მაშინ, როცა აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებამდე აფხაზური თემი მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს შეადგენდა;

2) კოსოვოში სერბთა თემი სერბული მთავრობის, არმიისა და სპეცსამსახურების უშუალო ხელშეწყობით ალბანურ თემს ატერორებდა, სერიოზულად არღვევდა რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინა, ფუჭი აღმოჩნდა. აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში კი აფხაზურმა თემმა რუსეთის შეიარაღებული ძალების არათუ ხელშეწყობით, არამედ უშუალო მონაწილეობითაც კი მიზანში ამოიღო ქართული და ადამიანების სასიკვდილო მსხვერპლის შემდეგ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ტერიტორია მასობრივად დაეტოვებინა;

3) ნატო-ს ძალების სამხედრო ჩარევის შემდეგ სერბულმა ძალებმა კოსოვო დატოვეს და ამ უკანასკნელის ალბანურმა თემმა მიიღო შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებულიყო საკუთარ სახლებში. ამასთან, ამ ადამიანებმა მიიღეს უპრეცედენტო საერთაშორისო ჰუმანიტარული, ტექნიკური და მორალური დახმარება, რამაც მათ საკუთარი საცხოვრებელი პირობების აღდგენის, ასევე ძირითადი ინსტიტუტების შექმნა-შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს შემთხვევაში კი ასობით ათასი დევნილი დღემდე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში და აგრძელებს მძიმე ყოფას ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით საქართველოს სხვა კუთხეებსა თუ უცხოეთში. და როგორც აწ უკვე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ, “აფხაზეთში არავის დაბრუნებას არავინ აპირებს - ეს საკითხი არც კი განიხილება“;

4) საერთაშორისო წარმოდგენილობა:

საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს სამართავად ფართო საერთაშორისო ადმინისტრაცია შექმნა და უპრეცედენტო რესურსები გამოყო ადგილობრივთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ნატო (KFOR) გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მანდატითა და თავდაპირველად დაახლოებით 46 000-ათასიანი კონტინგენტით პასუხისმგებელი იყო კოსოვოში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება-შენარჩუნებაზე. ნატო-ს კონტინგენტი მოიცავდა 17 000 სამხედროს მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ევროკავშირს დაეკისრა პასუხისმგებლობა კოსოვოს ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე და 1999 წლიდან მის მიერ გაწეულმა დონაციამ 1,6 მლრდ ევროს გადააჭარბა. ეუთო-ს ფართო მისია გაერო-ს ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების პოტენციალის ზრდაზე, ადამიანის უფლებების დაცულობასა და ამ კუთხით განვითარებაზე, დემოკრატიის მშენებლობაზე, კანონის უზენაესობის დაცულობასა და კოსოვოს პოლიციის ჩამოყალიბებაზე.

აფხაზეთში კი მსგავსი არაფერი არასოდეს მომხდარა: საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობა, აფხაზეთში ანალოგიური მიზნებისთვის საერთაშორისო რესურსები გამოეყენებინა, წინააღმდეგობას აწყდებოდა დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან. შუამავლობა დიდწილად რუსეთის ფედერაციისთვის დელეგირდა, გაერო და ეუთო კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ და თითქმის არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციას ფორმალურად დსთ ხელმძღვანელობდა, მაგრამ სამშვიდობო ძალები, რომელიც დაახლოებით 1700 ადამიანს ითვლიდა, წარმოადგენდა სწორედ იმ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც კონფლიქტის დროს აფხაზეთის მხარეს იბრძოდნენ. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რუსული ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტი კი სამშვიდობო მისიის შესრულების ნაცვლად რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურებოდა. საერთაშორისო წარმოდგენილობა ამ პირობებში 122 სამხედრო დამკვირვებლითა და საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის 13 თანამშრომლით იყო შემოფარგლული, თანაც ეს უკანასკნელები ზუგდიდში იყვნენ დაბანაკებულები და არა აფხაზეთში. ამასთან, მათი მანდატი უკავშირდებოდა დსთ-ის სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებაზეც იყვნენ პასუხისმგებლები, რის შედეგადაც მათ პასუხისმგებლობასა და ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტი იყო.

ამგვარად, აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებს აშკარად არ გააჩნდათ სათანადო რესურსები არც ადგილზე ვითარების მონიტორინგისთვის, არც პოლიტიკური დარეგულირების წინ წასაწევად. რუსეთმა, რომელიც გაერო-ში ვეტოს უფლებით სარგებლობდა, საერთაშორისო მისიები დამკვირვებლის სიმბოლური როლით შეზღუდა და კონფიქტის დარეგულირების უსისტემო მოლაპარაკებებზე გარე დამკვირვებლებად აქცია. ცხადია, დამკვირვებლების მცირე ჯგუფი ვერ მოახდენდა დისბალანსის კომპენსირებას სამშვიდობო ძალებში, სადაც რუსები აფხაზეთში მყოფ ერთადერთ „სამშვიდობო კონტინგენტს“ წარმოადგენდნენ.

ამასთან, რუსეთი, რომელსაც შუამავლის როლზე ჰქონდა პრეტენზია, აფხაზურ მხარეს იარაღით, ასევე ფინანსურად ეხმარებოდა და რეგიონის მაცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა. არსობრივად, აფხაზეთი წარმოადგენდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ რუსულ პლაცდარმს, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევდა;

5) კოსოვოს შემთხვევაში სუვერენული მთავრობა საკუთარ ხალხს ატერორებდა, აფხაზეთში კი აგრესიას შეუერთდა უცხო ქვეყანა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მოქმედებდა. და დღესაც კი აფხაზეთი, რომელიც უკვე აღიარებულია რუსეთის მიერ, კონფლიქტის გამჩაღებელი მოსკოვის ეფექტურ კონტროლქვეშ იმართება.

6) ნატო-ს სამხედრო ინტერვენციამ კოსოვოელი ალბანელების ეთნიკური წმენდა შეაჩერა, მაშინ, როდესაც ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში ეუთო-ს ბუდაპეშტის (1994 წ.), ლისაბონის (1996 წ.), სტამბოლის (1999 წ.) სამიტების დამგმობი დოკუმენტების მიუხედავად, აფხაზების მიერ სერიოზულად დღემდე არ განხილულა და არ აღმოფხვრილა.

7) კოსოვოელი ალბანელებისგან განსხვავებით, აფხაზებს აფხაზეთში ენისა და კულტურული ავტონომიის შენარჩუნების სრული გარანტიები გააჩნდათ (იქ აფხაზურ ენაზე ფუნქციონირებდნენ საგანმანათლებლო ცენტრები და სამეცნიერო დაწესებულებები, გამოიცემოდა წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, მოქმედებდა უნივერსიტეტი, ტელე- და რადიო-მაუწყებლობა). გარდა ამისა, ძირითად ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებდნენ ეთნიკური აფხაზები, რომელთა წილი (50%-ზე მეტი) მნიშვნელოვნად აჭარბებდა მათ პროცენტულ წილს მოსახლეობაში (17%). ასე, მაგალითად, აფხაზები ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში წარმოდგენილები იყვნენ 43%-ით, მაშინ, როცა ქართველები, რომლებიც იმ დროს მოსახლეობის 47%-ს შეადგენდნენ - 40%-ით, რაც ერთი მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის რეალურ დომინირებას ნიშნავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა აფეროში;

8) კოსოვოში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი შეიარაღებული კონფლიქტს დაწყებამდე (1992 წ.) ჩატარდა, თანაც ადგილობრივთა აბსოლუტური უმრავლესობის (80%) მონაწილეობით. აფხაზეთში კი იგი 1999 წელს ჩატარდა ვითარებაში, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა განდევნილი იყო და შესაბამისად, რეფერენდუმში ვერ მონაწილეობდა;

9) კოსოვოს კონფლიქტი ეთნიკური და რელიგიური ფაქტორებით განისაზღვრებოდა, ხოლო კონფლიქტი აფხაზეთში უმთავრესად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და პროვოცირებული/მართული იყო გარე ძალის მიერ. იგივე ძალამ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კონფლიქტის ზონაში ეთნოწმენდის პროვოცირება მოახდინა;

10) კოსოვოს ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდა, აფხაზური ჯგუფები კი იყოფოდნენ ეროვნულ და პრორუსულ ტენდენციებს შორის. ამასთან, მოსახლეობის ქართული უმრავლესობა (კონფლიქტამდელი 47%) აფხაზეთიდან განდევნის ან რეპრესიების შედეგად კანონიერი საარჩევნო უფლებით დღემდე ვერ სარგებლობს.

ჩამონათვალი კიდევ შეიძლება, გავაგრძელოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ათი მნიშვნელოვანი განსხვავებაც საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ "კოსოვოს პრეცედენტზე" საუბარი სხვა არაფერია, თუ არა კრემლის სიცრუე და მზაკვრობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მისი გეგმების საბოლოოდ რეალიზების, კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. ხოლო თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კოსოვოსთან ნებისმიერი სახის პარალელების გავლება კრემლს ამ მიზნის რეალიზებაში საუკეთესო დახმარებას უწევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები