გეოლოგი განმარტავს, რატომ განვითარდა შოვში მეწყრული პროცესები

04-08-2023 12:15:46 საზოგადოება

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში მოხდა, გარდა 1991 წლის მიწისძვრისა, მსგავსი სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა. მან ისაუბრა იმაზე, რა შეიძლება, გამხდარიყო გუშინ მეწყრული პროცესების განვითარების მიზეზი.

"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ბუბის წყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენების თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა, ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში, ამას თან დაერთო უხვი ნალექი. უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა", - ამბობს გეოლოგი.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას, რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი, კერძოდ სოფელი ხახიეთი ჩაიმარხა:

"მსგავსი პროცესების მასშტაბი შეგვიძლია, შევადაროთ თბილისის სტიქიას, დევდორაკის სტიქიას".

"ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში", – დასძინა მან.

გეოლოგმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის.

  • შსს–ს ინფორმაციით, სტიქიას ამ დროისთვის 6 ადამიანი ემსხვერპლა.
  • შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები