მატყუარებისა და “რადიკალი ექსტრემისტების” როლები საარჩევნო ტრაგიკომედიაში

28-11-2019 16:47:04 თვალსაზრისი ,ინტერვიუ

ქართული ოპოზიცია კვლავ დაჟინებით აყენებს, არსობრივად, ერთადერთ მოთხოვნას: 2020 წლის არჩევნები ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელით ჩატარდეს. “ოცნების” ხელისუფლება  ამ წინადადებას ასევე დაჟინებით უკუაგდებს, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს “200 “ნაციონალის” ექსტრემიზმად” წარმოაჩენს და საარჩევნო რეფორმის თემას “დახურულად” აცხადებს. კრიზისი კი მწვავდება: 2003 წლის შემდეგ  პირველად, პარლამენტის შენობის პერიმეტრზე კვლავ გაჩნდა რკინის ზღუდეები და დღეს დილით უმრავლესობის წევრებს სამსახურში მოხვედრა კანცელარიის გავლით, თანაც პოლიციის თანამშრომლების თანხლებით უწევდათ...

ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, კრიზისის გამომწვევი მიზეზი დავიწყებას მიეცეს და “ერთი ექსტრემისტული ძალის ქმედებებზე ადექვატური პასუხის” აუცილებლობაზე საუბრებით გადაიფაროს, ფაქტია, რომ საპროტესტო მოძრაობა ხელისუფლების მიერ არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობას მოჰყვა. ამასთანავე, ფაქტია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის დროც და შესაძლებლობაც, პოლიტიკური მხარეები ღირსეულ შეთანხმებამდე მივიდნენ და “გერმანული მოდელის” საკითხი დაუძლეველი წინაღობა არ არის.

თავად ამ “გერმანულ მოდელზე” ამ დღეებში ბევრი ითქვა: ეწინააღმდეგება თუ არა იგი საქართველოს კონსტიტუციას, რატომ მოითხოვს ოპოზიცია მის შემოღებას ესოდენ დაჟინებით, ხელისუფლება კი ასევე დაჟინებულად უკუაგდებს ამ ინიციატივას? - თავად ამ მოდელის არსმა, მოქმედების მექანიზმმა ამ ყველაფრის ფონზე უკან გადაინაცვლა. არადა, იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს გერმანული მოდელი, საკმარისია, შევადაროთ, რამდენი ადგილი მიიღო მმართველმა პარტია “ქართულმა  ოცნებამ” პარლამენტში 2016 წელს და რამდენს მიიღებდა, არჩევნები რომ გერმანული მოდელით ჩატარებულიყო:

2016 წელს საარჩევნო ბლოკმა «ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო» ხმათა 48% მიიღო. «ოცნებამ» მოიპოვა 71 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში და 44 პარტიული სიით. ამგვარად, მას პარლამენტში 115 ადგილი ერგო. არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარების შემთხვევაში კი ძალთა გადანაწილება ასეთი იქნებოდა: ხმათა 48%, რომელიც “ოცნებამ”, როგორც საარჩევნო ბლოკმა მოიპოვა, უდრის 150-დან 72 ადგილს პარლამენტში. თუმცა ეს ადგილები პირველ რიგში, გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატებს უნდა დაეკავებინათ “ოცნებიდან”. ასეთი 2016 წელს 71 იყო. დარჩენილი 72-ე ადგილი ერგებოდა კანდიდატს პარტიული სიიდან.

«შემოთავაზებული მოდელი იძლევა იმის გარანტიას, რომ ერთპარტიულ საპარლამენტო უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს, რომელიც ხმათა რაოდენობის ნახევარზე – 50%-ზე ნაკლებს მოიპოვებს. მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით კი, პარტიამ, რომელიც ხმათა ნახევარზე ნაკლებს მიიღებს, შეიძლება, მიიღოს პარლამენტში ადგილების, მაგალითად, 77%, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, – ამას მანდატების სამართლიან განაწილებას ვერანაირად ვერ უწოდებ», – აცხადებს ყოფილი დეპუტატი “რესპუბლიკური პარტიიდან”, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ნობისთვის: 2016 წელს სწორედ ამ პარტიამ წარმოადგინა წინადადება გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლის თაობაზე, ხმალაძე კი ამ ინიციატივის ავტორად გვევლინებოდა.

ამასთან, როგორც ხმალაძე ამბობს, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი გერმანულს სრულად არ ემთხვევა: მასში შენარჩუნებულია მხოლოდ პროპორციულობის პრინციპი, როცა პარლამენტში სავარძლების რაოდენობა პარტიის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმებისას შეესაბამება. იმ პირობით, რომ ამ სავარძლებს იკავებენ უპირველესად პარტიული კანდიდატები, რომლებმაც მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს. ამასთან, ამომრჩევლის ამოცანა უცვლელი რჩება: მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ორი არჩევანი: ერთი - პარტიის, მეორე – ამა თუ იმ მაჟორიტარული ოლქიდან კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ.

«რა წარმოადგენს მსგავსი მიდგომის საფუძველს? - ის, რომ ამომრჩეველს შეიძლება, მოსწონდეს ესა თუ ის კანდიდატი პიროვნულად და ის აირჩიოს, მაგრამ ვინაიდან ეს კანდიდატი ამავდროულად პარტიის წარმომადგენელიცაა, ხოლო პარტიისადმი თავისი დამოკიდებულება ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა, მისცა რა ხმა ამა თუ იმ პარტიას, კონკრეტული პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში არ უნდა აღემატებოდეს იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებიც მას მხარს უჭერენ», – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.

«ოცნებაში» ირწმუნებიან, რომ ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე ამ დღეებში “იმედის” პირდაპირ სატელევიზიო ეთერში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთ ექს-სპიკერთან, “რესპუბლიკელ” დავით უსუფაშვილთან სატელევიზიო დებატებში ჩაება. მისი მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ დებულებას, რომლის თანახმად, პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს 150 დეპუტატით, რომელთაგან 77 პროპორციული სისტემით შევა, 73 – მაჟორიტარულით. გერმანული მოდელი კი, კობახიძის შეფასებით, არსობრივად, 150-ვე სადეპუტატო სავარძლის პროპორციული სისტემით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

«საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მარტივი რამ გვიწერია: 2020 წელს პარლამენტი უნდა შედგებოდეს პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარულით არჩეული 73 წევრისაგან. ეს სიტყვა-სიტყვითაა ნათქვამი. ლოგიკა მარტივია. როცა გერმანული მოდელის, მისი “კონსტიტუციურობის” სასარგებლოდ ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ პუნქტი იმის შესახებ, რომ «მანდატების განაწილების წესი საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება”, რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციაში წერია, თუმცა ამ დებულებას თავისი ჩარჩოები აქვს» - განაცხადა კობახიძემ.

ილიას უნივერსიტეტთან არსებული სამართლის სკოლის საკონსტიტუციო კვლევების ცენტრის მკვლევარი ალიკ კუპრავა კი, მთელი რიგი სხვა ექსპერტების მსგავსად, მიჩნევს, რომ გერმანული მოდელის ქართული ვერსიის ირგვლივ დავა უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი:

«ეს მოდელი აკეთილშობილებს სადღეისოდ მოქმედ სისტემას და მას უფრო სამართლიანად აქცევს. შინაარსობრივად ეს მოდელი, საბოლოო ჯამში, უახლოვდება პროპორციულ სისტემას. ეს კი მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც რაღაც არგუმენტების მოშველიებას ცდილობს - “კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო”. ეს მოდელი კონსტიტუციურია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს (…), უბრალოდ ეძებენ მიზეზს მასზე უარის სათქმელად და არსებული მახინჯი სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც მმართველ ძალას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს».

ასეა თუ ისე, საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები მათი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. უკან არც ხელისუფლება იხევს. როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, "თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა":

„საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი არ არსებობს. შესაბამისად, თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა არჩევნებისთვის მზადებისა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები კი ფიზიკური დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ და გვთავაზობენ ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელიც, მათი მტკიცებით, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას. აქ ნათლად იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხელწერა, რომელიც სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს არის შეგნებული სიცრუე, რაც უმარტივესი სამართლებრივი, ლოგიკური და არითმეტიკული ანალიზითაც კი დასტურდება. შესაბამის არგუმენტებს აქტიურად ვუზიარებთ საზოგადოებას და მზად ვართ, ეს არგუმენტები ყველა დაინტერესებულ პირს სხვადასხვა საჯარო პლატფორმის მეშვეობით წარვუდგინოთ“.

დღეს ეს განწყობა დაადასტურა  მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც  „რადიკალური» და «ექსტრემისტული“ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ქვეყნისთვის სიმძიმით ოკუპაციისა და სიდუხჭირის გამოწვევებს გაუთანაბრა:

"დღეს ჩვენი ქვეყანა, გარდა ოკუპაციის, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევებისა, დგას საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას – ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის, კერძოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. თუმცა სახელმწიფო დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და  მოწოდების სიმაღლეზეა, ადექვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას".

თუმცა საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ხელისუფლების ხედვას არ იზიარებენ, კრიზისზე პასუხისმგებლობას მას აკისრებენ და გამოსავლის ძიებასაც მის ვალდებულებად მიიჩნევენ.

"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ კოორდინატორ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ის, რაც მოხდა საარჩევნო კანონის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის  და „ქართულ ოცნებას“ ამ ფონზე სარეპუტაციო ზიანის კომპენსირების მომგებიანი გეგმა არ გააჩნია:

„გეგმა, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა აირჩია, რეპუტაციის თვალსაზრისით წამგებიანია: ეს არის არა კომპრომისის, ურთიერთობების დათბობის გზების ძიების, არამედ საკუთარი პოზიციის დაცდის გეგმა, რომელიც საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან აუცილებლად იწვევს კონფრონტაციას. შეიძლება, ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი არგუმენტები აქვს, მაგრამ ის არ უნდა დაავიწყდეს, რომ მმართველ ძალას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში არსებულ გარემოზე, პოლიტიკურ კლიმატზე, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ან სხვა ჯგუფებს. ამიტომ კომპრომისები უნდა ეძებოს მმართველმა ძალამ - ეს მისი მოვალეობაა: მას აქვს ვალდებულება საზოგადოების წინაშე და მანდატი, ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას უზრუნველყოფდეს. ხოლო ნაბიჯები, რომლებიც სტაბილურობას ვერ უზრუნვეყოფს, ან მეტიც, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას, ვერ განიხილება სწორ ნაბიჯებად და სტრატეგიად. ნების შემთხვევაში, არსებობს მიღებული ზიანის კომპენსირების შესაძლებლობები და ეს გზა დიალოგზე გადის. მიღებული რეპუტაციული ზიანის კომპენსირება შესაძლებელია, მოხდეს ერთ თვეშიც, თუ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს, რა არის მთავარი პრიორიტეტი: რომ პრიორიტეტი არა მომავალ პარლამენტში ადგილების დიდი უმრავლესობით მოპოვება, არამედ ეროვნული თანხმობა, დემოკრატიის, კანონიერების დაცვა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ეს მიღწევადია ყველა გზით, მაგრამ გზა, რომელიც ახლა ყველაზე ნათლად ჩანს, არის დიალოგისა და კომპრომისების გზა. და დიალოგზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მმართველი ძალა იქნება. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა უპირატესობა ძალის, შესაძლებლობების და სხვა კუთხით, სწორედ მან უნდა უზრუნველყოს თანასწორუფლებიანი დიალოგი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან, თუ სურს, მიაღწიოს სტაბილურობას და სრულად აღიდგინოს როგორც საკუთარი, ისე ქვეყნის რეპუტაცია“.

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თორნიკე შარაშენიძე  ქვეყნისა და საკუთხრივ მმართველი ძალისთვის მიყენებული სარეპუტაციო ზიანის კომპენსირების ერთადერთ გზად ხელისუფლების მიერ დანაპირების შესრულებას მიიჩნევს, თუმცა “ქართული ოცნების” მხრიდან მსგავს ნებას ასევე ვერ ხედავს:

„გუშინ ვუსმინეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და გვითხრეს, “ყველაფერი კარგად მიდის, ერთი მუჭა „ნაციონალების“ ბრალია ყველაფერიო”... ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ?! შეიძლება, „ქართულ ოცნებაში“ ვინმე საღად მოაზროვნე ხვდება, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ბატონ ბიძინას ვერაფრის თქმას უბედავენ... რეპუტაციული ზიანის კომპენსირების ერთადერთი გზაა, შეასრულონ დანაპირები (რისიც მე არ მჯერა), ჩაატარონ არჩევნები პროპორციულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი წლის განმავლობაში ვიქნებით მსგავს სიტუაციაში. ბუნებრივია, ამ სიტუაციას გამოიყენებს ოპოზიცია, რადგან პირველად ხდება, რომ ოპიზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით მორალურად მართალია „ქართულ ოცნებასთან“, ხოლო ამის არგამოყენების უფლება მათ, როგორც პოლიტიკოსებს, არ აქვთ. შესაბამისად, ალბათ, ერთი წელი მსგავსი სიტუაცია გვექნება: შეეცდებიან, მთავრობა პროვოკაციაზე წამოაგონ, მიიყვანონ წერტილამდე, როცა მთავრობა გატყდება და ჩამოიშლება. მაგრამ ამას ცდილობენ იმიტომ, რომ შანსი მიეცათ და ვინ მისცა შანსი? - „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც მოსახლეობა “გადააგდო“.


ახალი ამბები

სხვა სიახლეები