
რა დააბრუნებს აფხაზეთს მსოფლიო რუკაზე
10/08/2023 08:18:35 კონფლიქტები
აფხაზეთში არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი მოკრძალებული ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს ტურიზმი წარმოადგენს. ითვლება, რომ მასზე სახელმწიფოს შემოსავლების ლამის 1/3 მოდის. ახლა ჩვენმა ჩინოსნებმა რაღაც დასახლება-ანკლავების, ათობით ათასი აპარტამენტის მშენებლობა გადაწყვიტეს, თითქოსდა ჩვენთვის - მოსახლეობის სასიკეთოდ. მაგრამ რა სარგებელს მივიღებთ რიგითი აფხაზები მსგავსი „ძღვენის“ შედეგად და ხომ არ იმალება ამის უკან დანაელთა მზაკვრული ჩანაფიქრი?
მოდით, გულახდილად ვიმსჯელოთ. წინასწარვეა ცნობილი, რომ მთელი მშენებლობა ჩვენი ვეებერთელა მეზობლის ფულით იწარმოებს და აფხაზებს ამ სამუშაოებზე არავინ დაასაქმებს. როგორ ფიქრობთ, ჩადებს რომელიმე ინვესტორი თავის ფულს და ააშენებს ობიექტს, რათა მერე აფხაზებს აჩუქოს? ანდაც წარმოიდგინეთ ჩვენი გოგო-ბიჭები (რომ აღარაფერი ვთქვათ უფროსებზე), რომლებიც აფხაზეთის სტუმრებს უმაღლეს დონეზე ემსახურებიან, - ისე, როგორც მთელს მსოფლიოში, მათ შორის იგივე რუსეთშია მიღებული... ხომ ყველას გვესმის, რა ამბავი დატრიალდება, რუსმა უფროსმა ან შეზარხოშებულმა სტუმარმა რომ ჩვენს რომელიმე ბიჭს ან, ღმერთმა არ ქნას, გოგოს გადაკრული სიტყვა აკადროს? ამდენად, ჩვენებს არავინ დაასაქმებს და არც თავად ჩაუდგებიან არააფხაზს სამსახურში. შესაბამისად, ამ პროექტებისგან რიგითი აფხაზები ვერაფერს მივიღებთ – პირიქით, ჩვენი ხალხი დაკარგავს პერსპექტივას, თუნდაც ნელა, მაგრამ თავად განავითაროს სახელმწიფო, მათ შორის აშენოს და მართოს სასტუმროები, რათა თავად ვწყვეტდეთ, ვინ დავასაქმოთ საკუთარ ობიექტებზე.
მაგრამ აფხაზი ხალხისთვის მსგავსი ინვესტიციების სრულ უსარგებლობასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ ჩვენივე ხელით ვაქცევთ საკუთარ ქვეყანას სხვა სახელმწიფოდ - აღარ დავასახელებ, რომლად, ისედაც მიხვდებით. აპარტამენტების გაყიდვა და ინვესტორის „საჩუქრის“ მშენებლობა/მომსახურებისთვის დიდი ოდენობით მუშა-ხელის მოწვევა ხომ საბოლოოდ იმით დასრულდება, რომ კვლავ აღმოვჩნდებით უმცირესობაში ჩვენს მიწა-წყალზე და ყველაფერი, რაც მასზე იარსებებს, სხვისი იქნება.
ერთადერთი სარგებელი, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს, გადასახადებია. თუმცა ჯერ გასარვევია, ვის ჯიბეში აღმოჩნდება საბოლოოდ ეს შემოსავალი. გარდა ამისა, ეს გადასახადები ნამდვილად ვერ გადაწონის იმ შესაძლო კატასტროფას, რომელიც გარდაუვალია, თუკი საქმეს არასწორი მიმართულებით წავიყვანთ.
ასლან ბჟანია გვიჩვენებს ბათუმს და ამბობს, „ნახეთ, რა კარგად მისდის საქმე ჩვენს ენგურსგაღმელ მეზობელსო“. ფოტოები მართლაც ლამაზია (ეჭვი მაქვს, ბევრ ჩვენგანს ბათუმი უკვე საკუთარი თვალითაც აქვს ნანახი). მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათთან არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორები აშენებენ, თანაც არა ერთი რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩასულები. და რამდენიც არ უნდა იძახონ, „ბათუმი თურქებმა წალეკესო“, რეალობა ისაა, რომ მართალია, თურქები იქ მართლაც ბევრნი არიან, მაგრამ ბევრია ასევე ინვესტორი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან, არიან არაბი ბიზნესმენებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებიც კი. ამდენად, ბათუმი ეკონომიკურად არაა მიბმული რომელიმე ერთ, თუნდაც ყველაზე მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენ კი ვაპირებთ, მივიღოთ კანონი, რომელიც კარს მხოლოდ რუს ინვესტორებს გაუხსნის და ამით კონკურენციას იმთავითვე გამოვრიცხავთ. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი - აფხაზეთი იაფად გადავცეთ ერთ ხელში, თანაც არა უბრალოდ ვინმეს, არამედ რუსეთს - ანუ, იმდენად დიდ მეგობარს, რომელსაც სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში თავს ვეღარასოდეს დავაღწევთ - ვერც სამართლერივი, ვერც სხვა გზებით.
გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ენგურსგაღმელებს საკმარისად აქვთ საკუთარი - ქართული ბიზნესიც, რომელიც უცხოური კაპიტალის პარტნიორის სტატუსით ბევრ მსხვილ პროექტშია წარმოდგენილი. მოსახლეობის კუთხითაც ქართველებს არ აქვთ იმდენად სერიოზული პრობლემები, როგორიც ჩვენ და ამასთანავე, მათ, ჩვენგან განსხვავებით, მომსახურების სფეროში მუშაობაც ისწავლეს. ასე, რომ ბათუმის ფოტოები, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ ქართველებისა და ჩვენი სიტუაციები სრულიად განსხვავებულია.
მაშ რა ვქნათ? ტურიზმი ხომ უდავოდ საჭიროა! რა და, ეს პროცესი იმგვარად დავაორგანიზოთ, რომ აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის ინტერესები არ დაზარალდეს.
აქ უნებლიედ ჩნდება ერთი არასასიამოვნო აზრი: ეგებ თავად ვერ ვამჩნევთ პერსპექტივას, რომელიც თვალწინ გვაქვს, ან იქნებ თვალს გვიხუჭავენ, რომ ვერ შევამჩნიოთ? რატომ არ გვინდა, ჩვენთან უცხოელებიც ჩამოდიოდნენ? ვისთვის იქნება ეს ცუდი?! ჩამოვიდნენ, რა გზითაც სურთ - გინდ ფსოუდან, გინდ ენგურის გავლით... რა გვარგო სავიზო რეჟიმმა მსოფლიოს უდიდეს ნაწილთან? ქართველები ხომ აფხაზეთში შესვლას არავის უკრძალავენ, - მთავარია, ენგურის გავლით შედიოდნენ. რატომ არ უნდა მიბაძოს ჩვენმა ხელისუფლებამ ქართველებს საკუთრივ ამ საკითხში, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციების საფარქვეშ აფხაზეთში ახალი მოქალაქეები შემოგვისახლოს? ქართველები ხომ ცალმხრივი უვიზო რეჟიმით უშვებენ თავისთან რუსეთის მოქალაქეებსაც კი, რომელთანაც დიპლომატიური კავშირიც არ გააჩნიათ და მეტიც, სიტყვიერად, დღემდე ლამის ომის მდგომარეობაში იმყოფებიან! განა ცუდი იყო, ომამდე სოხუმის ნავსადგურში თითქმის ყოველდღე რომ შემოდიოდნენ პოლონელები, გერმანელები, ჩეხები, რუმინელები? განსაკუთრებით პოლონელები გვახარებდნენ - ყოველთვის თან ჰქონდათ გასაყიდად დეფიციტური საქონელი, გერმანელები კი ბავშვებს საღეჭ რეზინებს სჩუქნიდნენ... რატომ არ ვიჩენთ ამ მიმართულებით ძალისხმევას და მეტიც, ხმამაღლა დაშვებაც კი გვეშინია იმის, რომ ეს ტურისტები კვლავ ჩამოდიოდნენ ჩვენთან? რატომ ვიმწყვდევთ საკუთარ თავს ჩიხში, შემოვიფარგლებით რა მხოლოდ რუსებით? რისთვის? - იმისთვის, რომ შემდეგ უმადური სტუმრებისგან ვისმინოთ, „ჩვენ გადაგარჩინეთ და დღემდე ჩვენს კმაყოფაზე ხართო“? იქნებ სჯობს, უვიზო რეჟიმი დავუწესოთ ტურისტებს ევროკავშირიდან, თურქეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, - ყველა კუთხიდან, საიდანაც საჭიროდ ჩავთვლით? დასავლელი ტურისტებისგან, ან გნებავთ, თურქებისა და არაბებისგან ხომ ნაკლებ სავარაუდოა, ოდესმე მოვისმინოთ ქედმაღლური დაყვედრება, თუნდაც სიმთვრალეში გამოთქმული. ქალაქში საცურაო ტრუსით სეირნობაც მსოფლიოს მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს მოსდით თავში, - ევროპელებს ამის ნებას მათი კულტურა არ აძლევთ. ამასთან, ისინი ყოველთვის ინტერესდებიან ადგილობრივთა ტრადიციებით, ცხოვრების ნირით, მენტალობის თავისებურებებით და ამ ყველაფერს უსიტყვოდ ითვალისწინებენ, იღებენ ისეთად, როგორიც არის.
ვუკეტავთ რა უცხოელებს კარს, ვუქმნით რა მაქსიმალურ წინაღობებს, თავად ვშლით საკუთარ თავს მსოფლიო რუკიდან, ნებაყოფლობით ვამბობთ უარს კაციობრიობასთან ურთიერთობასა და სარგებლის მიღებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ასე აწყობს. მაგრამ თუ ვინმეს აფხაზეთის იზოლაცია სჭირდება, რათა მის შესახებ არასოდეს არავინ არაფერი გაიგოს, არ ემეგობროს, არ ჩამოვიდეს სტუმრად, არ იქონიოს თუნდაც არაოფიციალური კონტაქტები, ესე იგი, იმ ვიღაცას ჩვენს მომავალთან დაკავშირებით არცთუ სასიკეთო გეგმები აქვს.
ვიცი, შემეწინააღმდეგებიან - ჩვენი სერვისი უცხოელებს არ დააკმაყოფილებსო… წინასწარ ვცემ პასუხს: მსგავსი მოსაზრებები, საუკეთესო შემთხვევაში, უნებლიე შეცდომაა, არაინფორმირებულობით გამოწვეული. იცით, რამდენი ტურისტი ჩადის მდიდარი ქვეყნებიდან პლანეტის ყველაზე განუვითარებელ კუთხეებშიც კი? აფხაზეთი რა, მაგალითად, კუბაზე უარეს მდგომარეობაშია, თუ ჩვენი სერვისი ჩამოუვარდება ახალი გვინეის აბორიგენებისას? ჩვენი მთები და გამოქვაბულები, ტაძრები, ტრადიციები, ფოლკლორი, სტუმართმოყვარეობისა და უხუცესთა დღეგრძელობის ფენომენები, ეროვნული სამზარულო - ეს ყველაფერი ყოველთვის იწვევდა უცხოელებში ცოცხალ ინტერესს. დაგეთანხმებით, თუ მეტყვით, რომ პირველ ხანებში ბევრნი არ ჩამოვლენ, მაგრამ სამაგიეროდ ისინი მეტს ხარჯავენ და ქცევაც ისეთი აქვთ, როგორიც სტუმარს შეეფერება. უცხოელები ჩვენს მოსახლეობას რეალურ შემოსავალს მოუტანენ, ხალხიც ნელ-ნელა წელში გაიმართება, თან ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ყოველგვარი გასხვისების გარეშე, საკუთარი მიწა-წყლის მესაკუთრედ დარჩება და ყველაფერთან ერთად, აფხაზეთი მსოფლიო რუკაზე დაბრუნდება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
ახრა სანგულია
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება