
აეროპორტისა და რკინიგზის რუსული პროექტები, როგორც აფხაზეთის დასასრულის დასაწყისი
14/08/2023 18:08:55 კონფლიქტები
რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის უარს მის ქვეყანაში აეროპორტის ან რკინიგზის მშენებლობაზე? - მართალია, არც ერთი! მაგრამ აფხაზეთს ეს პროექტები შესაძლოა, დასასრულის დასაწყისად ექცეს.
ვეცდები, განვმარტო ფაქტებზე დაფუძნებული ესოდენ ხისტი დასკვნის მიზეზები. ფაქტები ხომ, როგორც ცნობილია, ჯიუტი რამაა...
დაპირებები იმის შესახებ, რომ ერთ-ორ წელიწადში აფხაზეთში აეროპორტი ამოქმედდებოდა და აფხაზური ლაინერები მსოფლიოს მაშტაბით დაიწყებდნენ ფრენას, დიდი ხანია, გვესმის. ამ ლამაზ ზღაპარს ჩვენი ხელისუფლებები შესაშური რეგულარულობით გვიყვებოდნენ არჩევნებამდე და არჩევნების დროს. მაგრამ გადიოდა წლები, აეროპორტი კი კვლავ უმოქმედოდ ჩანაგდებოდა.
მორიგი იგავი აეროპორტის მოსალოდნელ ამოქმედებაზე, რაც “აფხაზეთის ეკონომიკას არნახულად ააყვავებდა”, 2021 წელს მოვისმინეთ. თუმცა მაშინ ხელისუფლებას „პატარა იაღლიში“ მოუვიდა ქალბატონი ეკონომიკის მინისტრის სახით, რომელმაც საკუთარი დაუდევრობით ხელთ ჩაუგდო ჟურნალისტებს რეალური ინფორმაცია დოკუმენტის შინაარსის, კერძოდ, იმის შესახებ, თუ რა რჩებოდა აფხაზური სახელმწიფოს მფლობელობაში სოხუმის აეროპორტის „არნახული“ პროექტის რეალიზების შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, რუსი „ინვესტორის“ მფლობელობაში გადადიოდა ყველაფერი, აეროვაგზლამდე მისასვლელი გზის, №5 ნაგებობაში შესასვლელი კარისა და მთავარ დარბაზში ჩამოკიდებული ჭაღის გარდა... მაშინ ყველაფერი „დოკუმენტის შინაარსის არასწორ ინტერპრეტირებას“ მიაწერეს და აგორებული სკანდალი ჩააცხრეს, თუმცა ყველას ესმოდა, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.
საქმეში ჩაუხედავი მკითხველი შესაძლოა, ვერ მიხვდეს, რატომაა ეს თითქოსდა რიგითი საინვესტიციო პროექტი ესოდენ მიუღებელი აფხაზური საზოგადოებისათვის. მოკლედ განვმარტავ მიზეზებს: დავიწყოთ იმით, რომ აეროპორტი - ეს სტრატეგიული ობიექტია, თანაც აფხაზეთის შემთხვევაში - ორმაგი დანიშნულების (მშვიდობიან დროს - სამოქალაქო ლაინერების ფრენებისთვის, ომიანობის პერიოდში - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის ამოცანების შესასრულებლად). მსგავსი ობიექტები ყოველთვის, ხაზს ვუსვამ - ყოველთვის სახელმწიფო საკუთრებაში უნდა რჩებოდეს. თუ აფხაზეთს აეროპორტის რეკონსტრუქცია-ამოქმედების რესურსები არ გააჩნდა, მაშინ მსგავსი ობიექტის ინვესტორისთვის გადაცემისას ხელისუფლება ვალდებული იყო, სახელმწიფოს უპირატესი წილობრივი მონაწილეობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს რატომღაც არ გაკეთებულა.
ყველა საინვესტიციო პროექტი, რომელიც ამ დრომდე აფხაზეთს აეროპორტთან დაკავშირებით შესთავაზეს, საზიანო იყო სახელმწიფოსთვის და არა სასარგებლო, მათ შორის - ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
და მაინც, 2023 წლის 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე უკვე ხსენებულმა ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა აფხაზური სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც სოხუმის ვ. არძინბას სახელობის აეროპორტის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
ვინ გახდა სტრატეგიული ობიექტის მეპატრონე, ისევე, როგორც დეტალური ინფორმაცია პირობებზე, რომლითაც აეროპორტი რომელიღაც რუს ოლიგარქს გადაეცა, ამ დრომდე უცნობი რჩება. სამაგიეროდ ცხადი გახდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ აფხაზეთის მომავლით თამაშს მიჰყო ხელი და სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტებს ჩამოდის ფსონად.
ეხლა გადავიდეთ რკინიგზაზე. მისი ამოქმედების თემის განხილვაზე აფხაზეთის ხელმძღვანელობა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ამბობდა კატეგორიულ უარს. რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. მაშინ აფხაზმა ხალხმა ძლივს გადაიტანა რკინიგზის აღდგენა-განვითარებისთვის 2010 წელს აღებულ 2-მლიარდიან საექსპორტო კრედიტთან დაკავშირებული ისტორია, - ვალთან, რომელსაც აფხაზეთი დღემდე იხდის. რუსულმა კრედიტმა შესაძლებლობა მოგვცა, აგვემოქმედებინა მატარებლები სოხუმიდან მოსკოვის, პეტერბურგის, სოჭისა და ბელგოროდის მიმართულებით, თუმცა თავად რკინიგზა დღემდე ისეთივე სავალალო მდგომარეობაში რჩება, როგორშიც მანამდე იყო: ვაგზლების შენობები მცენარეებითაა დაფარული, სახურავებიდან კვლავ წყალი ჟონავს... აი, ასეთი ორმილიარდიანი ვალი, თანაც საკმაოდ სერიოზული პროცენტით, დააწვა მხრებზე ისედაც გაღატაკებულ აფხაზ ხალხს. კრედიტის ირგვლივ აჟიოტაჟი 2015 წლამდე გრძელდებოდა, მერე კი თითქოს ჩაცხრა.
განვლო კიდევ ექვსმა წელიწადმა. 2021 წელს კი სახელისუფლებო დერეფნებში მოულოდნელად ალაპარაკდნენ კრემლიდან გამოგზავნილ დოკუმენტზე, რომელიც „რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის ინტერესებში“ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის ამოქმედებას ითვალისწინებდა. აფხაზური საზოგადოება შოკში იყო იმის გამო, რომ ხსენებულ სამმხრივ პროექტში, რომლის შინაარსი ფართო მასებმა ისევ და ისევ შემთხვევით, სოცქსელიდან შეიტყვეს, აფხაზეთი მხოლოდ კოორდინატების სახით ფიგურირებდა: მასში არც დაბების სახელწოდებები იყო მოცემული, არც ქალაქების, არც თავად ქვეყნის. და ვიმეორებ: ჩვენი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს დოკუმენტი „სტრატეგიული პარტნიორი“ მოსკოვიდან გამოუგზავნეს, თანაც თანდართული ინსტრუქციითურთ, რა უნდა მოემოქმედა სოხუმს რუსეთისთვის საინტერესო ამ პროექტის რეალიზებისთვის.
არ ვიცი, რა ზეციური ძალები ჩაერთვნენ მაშინ საქმეში, რომ პროექტი იმ ჯერზე სახელისუფლებო კაბინეტებს არ გასცდენია, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა - კვლავ მოკლე დროით.
როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ასლან ბჟანია რუს ჩინოსნებთან სერიოზულ დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთის გავლით სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. მაგრამ თუ დასაწყისში იგი ამას „სომხეთის უკიდურესი საჭიროებებით“ ხსნიდა, ამჯერად რუსეთისა და ირანის დიდ ინტერესს დაუკავშირა.
მაინც რაში სჭირდება რუსეთს ეს პროექტი? ამჟამინდელ ვითარებაში, როცა სხვა სახელმწიფოებთან რუსეთის ლოჯისტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნადაა გართულებული, ქართულმა მიმართულებამ მოსკოვისთვის უმნიშვნელოვანესი დატვირთვა შეიძინა. კერძოდ, საქართველოსა და ირანის დახმარებით (საბრალო სომხეთს კრემლი თითქმის აღარც ახსენებს) სანქციებისთვის გვერდის ავლა, საქონლის ექსპორტი და იმპორტი კრემლისთვის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად იქცა. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსკოვის მუდმივი სწრაფვა, საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით რაც შეიძლება, მჭიდროდ მიიბას, რათა საბოლოო ჯამში, ქვეყანა კვლავ თავის ორბიტაზე დააბრუნოს.
რაც შეეხება თავად საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა „მხოლოდ საქართველოს გამთლიანების შემდეგაა შესაძლებელი“ და ამ თემაზე „არავითარ ფარულ მოლაპარაკებებს არავინ აწარმობს“. ქართველი ანალიტიკოსები კი საკითხის პოლიტიკური ასპექტის პარალელურად, იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ სადღეისოდ მსგავსი პროექტი ქვეყნისათვის ეკონომიკური კუთხითაც არაფრისმომტანი იქნებოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ სანქციებზე, რომელიც საქართველოს დასავლური სასანქციო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში რუსეთის ხელშეწყობის შემთხვევაში ელის.
მიუხედავად ამისა, ასლან ბჟანია, რომელსაც სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის თემაზე საუბარი ორი წლის წინაც უყვარდა, მაშინვე აცხადებდა, რომ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან საკითხი უკვე შეათანხმა და საქმე „დამასრულებელ სტადაში“ იყო. ბოლო პერიოდში კი, იმავე თემაზე საუბრისას, ბჟანიამ საკმაოდ კონკრეტული განცხადებები გააკეთა, კერძოდ, დააზუსტა, რომ სარკინიგზო ტრანზიტის თემაზე პუტინს ტელეფონით ესაუბრა, ყველა დეტალი შეთანხმებულია და რჩება მხოლოდ ერთი ნაბიჯი - პროექტის პრაქტიკული რეალიზების დაწყება. ხოლო თუ ამ სიტყვებს დავუმატებთ სხვადასხვა რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, ასევე თემის „რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს“ ამასწინანდელ სხდომაზე განხილვის ფაქტს, უნებლიედ ჩნდება აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო დროს რუსეთის მიმართ სულ უფრო მეტ ლოიალობას იჩენს, ძალიანაც კარგადაა „საქმეში“ და მისთვის ერთადერთ გადასაჭრელ საკითხად ის რჩება, როგორ აუხსნას ამ საქმეში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობასა და დასავლელ პარტნიორებს ისე, რომ წყლიდან მშრალი გამოვიდეს. არადა, რეალურად საკითხავი ისაა, რა ფასის გადახდა მოუწევს ამ ყველაფერში საქართველოს?
რაც შეეხება აფხაზეთს, აქ საქმე ბევრად მარტივადაა: რუსები აფხაზი ხალხის აზრის კითხვას არ აპირებენ, რადგან დიდი ხანია, აფხაზეთს თვლიან საკუთარ ტერიტორიად, რომელიც ხსენებულ პროექტში მხოლოდ კოორდინატებითაა აღნიშნული. ეს - ალბათ, ქართველების მოსათაფლად, რომელთათვისაც მათ ხელისუფლებას მალე სიმართლის გამხელა მოუწევს.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება