Accentnews.ge
აფხაზეთი: სჯობს, ოკეანემ გშთანთქოს, ვიდრე ტლაპოში ჩაიხრჩო?

აფხაზეთი: სჯობს, ოკეანემ გშთანთქოს, ვიდრე ტლაპოში ჩაიხრჩო?

15/08/2023 11:50:43 კონფლიქტები

სჯობს, ოკეანემ გშთანთქოს, ვიდრე ტლაპოში ჩაიხრჩო - ეს იდეოლოგემა კარგად ახსოვთ მათ, ვინც აფხაზეთის ბოლო 30 წლის პროცესებს იცნობს. სწორედ მას ასახელებდნენ საქართველოსგან გამოყოფისკენ სწრაფვის საფუძვლად, მასზე დაყრდნობით მიდიოდა თამაში რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგობებზე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა სეპარატისტების მზადყოფნას სუიციდისთვის, ეს უფრო ლამაზი შეფუთვა იყო ერთი შეხედვით სრულიად რაციონალური მიდგომისა, რომ ოკეანემ შესაძლოა, არც გშთანთქოს და ამასთანავე, მისი ძალა შენს ინტერესში ტლაპოს წინააღმდეგ გამოიყენო. თუ გვერდიდან შევხედავთ, მხოლოდ მიამიტ რომანტიკოსს შეეძლო, თუნდაც თეორიულად დაეშვა, რომ ოკეანე ერთი ბეწო ნავს მის ტალღებზე დაუსრულებლად ლივლივის შესაძლებლობას მისცემდა. და მართალია, ფორმულა მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის უკანასკნელი ეტაპის დაწყების შემდეგ ამ იდეოლოგემამ შემაშფოთებლად პირდაპირი მნიშვნელობა შეიძინა.

კვლავ იმ იმპერიული აზროვნების გამო, რომელსაც ლენინი „ველიკოდერჟავულ რუსულ შოვინიზმს“ უწოდებდა, რუსეთი ბოლო ერთი წელია, უკრაინის ომის პარალელურად, სოხუმზე დაუფარავ ზეწოლაზე გადავიდა. მიზანი საკუთარი იმთავითვე ანექსიური დღის წესრიგის რეალიზებაა.

და პროცესები შესამჩნევადა დაჩქარებული: თუ რუსეთის მიერ საქართველოს სსრ-ის აფხაზეთის ავტონომიის ფარგლებში შემავალი პაწაწინა სოფლის - აიბღას მიტაცებას ათწლეულზე მეტი დრო დასჭირდა, ახლა უკვე ჰიპერბგერითი სისწრაფის მოვლენებს ვადევნებთ თვალს. დაგროვდა და სვლა მიეცა ერთდროულად რამდენიმე საკვანძო თემას: რუსეთისთვის ბიჭვინთაში 80 ჰექტარი მიწის გადაცემას; გაგრაში რუსული ანკლავის - „მოსკვა რისორთის“ მოწყობას; სოხუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 ათასი აპარტამენტის დაგეგმილ მშენებლობას; ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური „მოქალაქეობის“ მიღების გამარტივებას, რათა მათ (კრემლის სხვა სავარაუდო მზაკვრულ ზრახვებთან, მაგალითად, სამომავლო რეფერენდუმთან ერთად) მიწისა და უძრავი ქონების შეძენა შეძლონ. ამის პარალელურად მოსკოვი წარმატების სხვადასხვა ხარისხით აღწევს რუსი ინვესტორებისთვის ენერგეტიკის ობიექტებისა და აეროპორტის გადაცემას საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად... მოსკოვმა ყველა ეს სურვილი სოხუმის წინაშე გადაჭრით პრაქტიკულად სინქრონულად დააყენა.

ჩნდება კითხვა: რატომ აქ და ახლა? რუსეთი ხომ მისთვის უპრეცედენტო ლოიალობით მთელი 30 წელი ეფოფინებოდა სოხუმს და დიდად არ აწუხებდა არსებული სტატუს-ქვო, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა, არა მარტო სოხუმი, არამედ თბილისიც „მოკლე საბელზე“ ჰყოლოდა...

საქმე იმაშია, რომ უკრაინის ომის ბოლო ფაზამ დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობებს საბოლოოდ დაასვა წერტილი. ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთილია, ნიღბები - ჩამოხსნილი და ყველასათვის ნათელია, რომ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას ათწლეულები დასჭირდება. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ნორმების თუნდაც მინიმალურმა დაცვამ, უფრო სწორად, თავის მოკატუნებამ მოსკოვისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. ამასთანავე, რუსეთს, რომელიც დიდი ხნით ჩაეფლო უკრაინაში, კარგი საბაბი სჭირდება შიდა სტაბილურობის შესანარჩუნებლად. „პატრიოტი“ პრიგოჟინის ამასწინანდელი ჯანყი ხომ საშიშ პრეცედენტად იქცა კოლექტიური რუსული იმპერიული სულისკვეთების გამოვლინებისა, რომელიც უკრაინაში განცდილი წარუმატებლობებით გამოწვეული რისხვის ფრქვევისას მზადაა, „ეროვნული ლიდერის“ რანგში აღზევებულ პუტინზეც კი აღმართოს ხელი. ამიტომაც კრემლი უბრალოდ იძულებულია, რაიმე მცირე წარმატებით მაინც შეალამაზოს, შეარბილოს უკრაინაში დასახული თავდაპირველი მიზნების ვერმიღწევა და ამ კუთხით დიდი არჩევანი არ აქვს: არსებობს ორი ქართული რეგიონი, რომელიც, როგორც რუსეთში თვლიან, დიდი ხანია, „ჯიბეში უდევთ“ და რჩება მხოლოდ ერთი რამ - ეს სათანადოდ გაფორმდეს.

მაგრამ კრემლმა აფხაზეთზე სრული კონტროლი ჯერ ვერ მოიპოვა, განსხვავებით ცხინვალისგან. სოხუმი ამ დრომდე ინარჩუნებს გარკვეულ ავტონომიას ადგილობრივი დონის გადაწყვეტილებების მიღებაში და ჯიუტად ეწინააღმდეგება შესაძლებლობას, იქცეს რუსეთის მორიგ რეგიონად - თუნდაც გარკვეული პრეფერენციებით, მაშინ, როცა ცხინვალის - რუსეთის მიერ ოკუპირებული მეორე ქართული რეგიონის ხელისუფლება პირიქით, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის სურვილს ავლენს. და მართალია, მოსახლეობის რეალურ განწყობებზე საუბარი რთულია, მაგრამ სოხუმისა და ცხინვალის პოზიციებს შორის გარკვეული სხვაობა თვალნათელია: ცხინვალისთვის საკმარისია, მიიღოს ის, რაც სადღეისოდ სოხუმს გააჩნია, კერძოდ - უხვი დოტაციები და ავტონომიის მისაღები პირობები.

საქმე ისაა, რომ 2008 წელს ქართული მოსახლეობის ნარჩენების საბოლოო ეთნოწმენდის შემდეგ ცხინვალი წარმოადგენს ფაქტობრივად დაცარიელებულ მონოეთნიკურ ტერიტორიას, რომელიც მთლიანად მოსკოვის კმაყოფაზეა. ამასთან, გეოგრაფიით, ბუნებრივი პირობებით, დემოგრაფიითა და ამ ფაქტორების ერთობლიობიდან გამომდინარე ეკონომიკური პოტენციალით განპირობებული ობიექტური მიზეზების გამო რეგიონი მოკლებულია როგორც ოსური დომინაციის დაკარგვის საფრთხეს, ისე ეკონომიკურ პერსპექტივას, რომელიც თვალსაწიერ მომავალში ამ მიგდებულ კუთხეს ახალ მცხოვრებთათვის მიმზიდველად აქცევდა და ამით ოსურ დომინაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ამდენად, ცხინვალის საკითხის გადაჭრა მოსკოვისთვის ადვილია – საკმარისია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და შესაძლოა, არც არავის დაყოლიება დასჭირდეს.

თუმცა ცხინვალი არ წარმოადგენს იმ მსუყე ლუკმას, რომელიც რუსული იმპერიული შოვინიზმის ჯინს დაანაყრებდა. სულ სხვაა აფხაზეთი - პატარა სამოთხე, თავის დროზე - ყველაზე ცნობილი საბჭოთა კურორტი. და აღვირახსნილ რუსულ პროპაგანდას არ გაუჭირდება, უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე აფხაზეთი ელექტორატს რუსეთის სიდიადისთვის შესაფერის შენაძენად მიასაღოს. რაც შეეხება საქმის პრაქტიკულ ნაწილს, აფხაზეთს, მისი 200-ზე მეტკილომეტრიანი სანაპიროს გათვალისწინებით, ცხინვალისგან განსხვავებით, მაღალი ეკონომიკური პოტენციალი აქვს - ტურიზმის, ტრანზიტის, ენერგეტიკის ჩათვლით... ყველაფერთან ერთად, აქ მნიშვნელოვანია პუტინის პიროვნული ფაქტორიც: საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისთვის დასვენების საყვარელი ადგილი - სოჭი საზღვრიდან სულ ოციოდე კმ-ში მდებარეობს და რომ პუტინი მტრის რაკეტების ფრენის სიშორის თვლითაა შეპყრობილი. გულისამაჩუყებელია ეს ნაღვლით სავსე თვალები, როცა პუტინი სანუკვარ ბიჭვინთამდე და გაგრამდე კილომეტრებს გასცქერის...

აფხაზეთში, რა თქმა უნდა, ესმით, რომ ახლოვდება „X მომენტი“. ამდენად, რუსეთისთვის აუცილებელია, სასწრაფოდ გადაჭრას სოხუმის წინაშე დაყენებული საკითხების ის ნაწილი მაინც, რომელიც რეგიონში დემოგრაფიულ სურათს მოსკოვის სასარგებლოდ შეცვლის. ეს კი, ცხადია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ქართული რეგიონის საბოლოოდ შთანთქმის 30 წლით გაჭიანურებული პროცესის დასასრული იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდის მიუხედავად, მოსახლეობა მაინც მულტიეროვნული რჩება. თუმცა აფხაზების გარდა, ყველა დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლები მართალია, სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ უფლებრივ შეზღუდვას განიცდიან, რაც მათ რუსეთის უნებლიე მოკავშირეებად აქცევს. მოვლენათა რუსეთთან მიერთების სცენარით განვითარება კი აფხაზებისთვის ძალაუფლებაზე მონოპოლიის, ადგილობრივ რესურსებზე კონტროლის დაკარვის და რაც კიდევ უფრო უარესია, უფლებრივად ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან გათანაბრების ტოლფასი იქნებოდა, ეს კი მათ თვალში ეროვნულ კატასტროფას ნიშნავს.

რაღა თქმა უნდა, მოსკოვი აფხაზეთის მიტაცებას საკუთარი „მოქალაქეების“ ხელით ისურვებდა - ისევე, როგორც ყირიმის შემთხვევაში. ნაკლებ სავარაუდო ვარიანტი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში მიწვევაა, რადგან ეს ნაბიჯი პუტინის მხრიდან სასოწარკვეთის აღიარება იქნებოდა: მას ხომ დიდი ხანია, მობეზრდა ლუკაშენკოსნაირი ჯიუტი მოკავშირე, რომელიც ნანატრი ანშლუსის რეალიზების შესძლებლობას არ აძლევს. თუმცა შიდა სიტუაცია საკუთარ წესებს ჰკარნახობს: ახლოვდება მორიგი არჩევნები და პუტინისთვის აუცილებელია, იმპერიის გაფართოების დემონსტრირება მოახდინოს. ამასთან, ყველასთვის, ლუკაშენკოს ჩათვლით, ნათელია, რომ თანასწორობანას და რუსეთთან საკავშირო სახელმწიფობანას თამაში ჩვეულებრივი ბლეფია. როგორც ჩანს, ლუკაშენკო, სოხუმის მსგავსად, მთელი ეს წლები პუტინის მოთაფლვასა და დარტყმის სხვაზე გადატანას ცდილობს - თუნდაც უკრაინელების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ პუტინმა და რუსეთის ხელმძღვანელობამ არსებობის უფლება „ჩამოართვეს“ 40-მილიონიან უკრაინელ ხალხს, რომელიც „არასრულფასოვან რუსებად“ და „ავსტრია-უნგრეთის ანტირუსული ინტრიგების ხელოვნურ პროდუქტად“ გამოაცხადეს. მეტიც, კრემლში აცხადებენ, რომ ევროპის ტერიტორიულად უმსხვილესი სახელმწიფო უკრაინა „ლენინის მიერ გამოგონილი წარმონაქმნია“. გასაოცარია, არა? რუსეთი ხომ სულ ცოტა ხნის წინ აღიარებდა უკრაინული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მასთან ათობით სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტი ჰქონდა გაფორმებული, მოქმედებდნენ საელჩოები... მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად დაივიწყა... ამგვარად, თუ სოხუმი რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოში ან ნებისმიერ სხვა „თანასწორუფლებიან“ კავშირში გაერთიანების ნაკლებ სავარაუდო წინადადებას მიიღებს, ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდი იქნება მოსკოვისთვის ნულოვანი მნიშვნელობით.

ორივე ეს ვარიანტი – დემოგრაფიული ექსპანსია შემდგომი რეფერენდუმით ან საკავშირო სახელმწიფო – აფხაზეთის შთანთქმის შედარებით უსისხლო შესაძლებლობებია. მაგრამ თუ მშვიდობიანად ვერ გამოვა, ჩვენ, მაღალი ალბათობით, კვლავ გავხდებით ნებისმიერი საბაბით ან სულაც მის გარეშე „მშვიდობისთვის იძულების“ მორიგი ოპერაციის მომსწრენი. ბევრისთვის წარმოუდგენელი ომი უკრაინასთან, რომელსაც რუსეთი სულ ცოტა ხნის წინ „ყველაზე ახლობელ და მოძმე ქვეყნად“ მოიხსენიებდა, ამის ნათელი მაგალითია!

და მიუხედავად იმისა, რომ კრემლს სადღეისოდ თბილისის გაღიზიანება არ აწყობს, გამორიცხული არაა, აფხაზეთის ანექსიის ნაბიჯის გადადგმა მაინც მოუწიოს, რადგან რუსეთს ახლა ორ ბოროტებას შორის ნაკლების არჩევა უწევს, ასეთს კი მისი შიდა არასტაბილურობის საფრთხის ფონზე უდავოდ წარმოდგენს საქართველოს საბოლოოდ დაკარგვა.

აფხაზეთისთვის, ერთი შეხედვით, თითქოს გამოუვალი მდგომარეობა ყალიბდება და ერთადერთი შანსი იმ ავადსახსენებელი ოკეანეს მიერ შთანთქმის რაღაც წარმოუდგენელი გზით გადავადებაა. თუმცა, რეალური საფრთხის მიუხედავად, მდგომარეობას უიმედოს ვერ დაარქმევ. საინტერესოა, ესმით თუ არა სოხუმში, რომ შექმნილი მდგომარეობა მას უპირველესად - თბილისის, ასევე ევროკავშირისა და თურქეთის სიტუატიურ მოკავშირედ აქცევს? „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიოა“, - უთქვამთ ლათინელებს. თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ არაღიარება სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ სურთ, რუსეთის ანექსიურ ზრახვებს შეუშალონ ხელი. ამდენად, სოხუმმა მსოფლიოს უფრო ფართოდ, სასურველია, თავისი და არა რუსეთის თვალით შეხედოს, რადგან ანექსია აფხაზური ეთნოსისთვის ყველაზე ტრაგიკული შედეგის ტოლფასი იქნება.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S