
სექსუალური ძალადობა და საომარი კონფლიქტები
18/08/2023 09:27:07 კონფლიქტები
უკრაინის მოვლენებმა სამხედრო კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის პრობლემა კვლავ საზოგადოებრივი ყურადღების ფოკუსში მოაქცია. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი, რომ ოკუპანტების ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ბავშვებიც ხდებიან. ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გაერო-ს ინიციატივით შეიქმნა უკრაინაში კანონდარღვევათა გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია, რომლის მონაცემებით, სექსუალური დანაშაულის მსხვერპლთა ასაკი 4-დან 80 წლამდე მერყევობს. 2023 წლის იანვრისთვის უკრაინის გენერალური პროკურატურა სექსუალური ძალადობის უკვე 155 საქმეს იძიებდა. და პრამილა პატენმა (გაერო-ს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში) ამ ციფრებს მხოლოდ „აისბერგის წვერი“ უწოდა.
საქართველოში ამას იშვიათად თუ ვიხსენებთ, მაგრამ აფხაზეთის ომის დროსაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უამრავი ქალი და ბავშვი გახდა. ეს დანაშაულები, საუბედუროდ, დღემდე არავის გამოუძიებია და არც არავინ დასჯილა.
გაუპატიურების კოშმარული შიში ძალიან ბევრმა გამოსცადა მათ შორის, ვინც მაშინ აფხაზეთიდან გაღწევა შეძლო. მედიაში დროდადრო კონკრეტული ფაქტები ქვეყნდებოდა. ცნობილია, მაგალითად, გაგრაში მომხდარი შემზარავი შემთვევა, რომლის დროსაც 19 წლის მ.ა. მამის თვალწინ ცამეტმა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ მამა-შვილი ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს; ოჩამჩირეს რაიონში 12-16 წლის ასაკის 25 ქართველი გოგონა მთელი სოფლის თანდასწრებით გააუპატიურეს; მსგავსი ფაქტები ამ რაიონის სხვა სოფლებშიც მოხდა.
როდესაც სოხუმის აღების საშიშროება დადგა, ქალებს სიკვდილზე მეტად გაუპატიურების ეშინოდათ. ხშირად ამის გამო ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილს და დევნილები ხდებოდნენ. უამრავი ქალის შემთხვევაში კი ეს მხოლოდ კოშმარული შიში არ ყოფილა და სულიერი ტრავმისგან დღემდე ვერ განიკურნენ.
დროა, დამნაშავეებს პასუხი საქართველომაც მოსთხოვოს
შოთა მალაშხიას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს (2004-2012 წ.წ.) მიაჩნია, რომ დროა, აფხაზეთის ომის დროს ჩადენილ ძალადობაში დამნაშავეებს პასუხი მოვთხოვოთ.
ამ კომისიას თავის დროზე უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ძალადობის ფაქტები დოკუმენტურად დაეფიქსირებინა. შეიქმნა მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეების აღძრვა და გამოძიების დაწყება:
- ვიდეოგადაღებაზე რომ დაგვთანხმებულიყვნენ, ცალკე მუშაობა დაგვჭირდა. დევნილები პარლამენტში მოგვყავდა, ვესაუბრებოდით და ვუხსნიდით, რისთვის იყო ეს საჭირო. ეთნოწმენდისა და თანმდევი მოვლენების (მათ შორის - გაუპატიურების) 600-მდე თვითმხილველი ჩავწერეთ. სახე ყველას დაფარული აქვს. ეთნოწმენდის ფორმატში განხორციელებული მასობრივი გაუპატიურებები განუზომლად უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე რიგითი გაუპატიურება და მათზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეთნოწმენდა არის ან კაცობრიობის წინაშე დანაშაული, ან სამხედრო დანაშაული, ან გენოციდი. ქართველების მიმართ ჩადენილ ეთნოწმენდას ასეთი კვალიფიკაცია რომ მისცემოდა, დოკუმენტური მტკიცებულებები უნდა გვქონოდა. სწორედ ამ მასალების შესაგროვებლად ვირჯებოდით. ადრე დასავლეთი 2008 წლის და 2014 წლის ომებსაც კი არ აღიქვამდა სერიოზულად, 2022 წელს კი, როგორც იქნა, გაიგო, ვისთან აქვს რუსეთის სახით საქმე. ახლა დადგა მომენტი, როდესაც შესაძლებელია ამ მასალების გამოყენება. ჩვენ გვინდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, რაც, მათ შორის, სამხედრო დამნაშავეების გამოვლენა-დასჯასაც ითვალისწინებს.
სამხედრო გაუპატიურების სწორი კვალიფიცირებისთვის აუცილებელია მისი დესტრუქციული არსის კორექტული შეფასება. მწერალი და ჟურნალისტი რაფაელ გრუგმანი თავის წიგნში „ქალი და ომი; სიყვარულიდან ძალადობამდე“ სამხედრო გაუპატიურებების სამ ძირითად ნიშანს ასახელებს:
- საჯაროობა, ანუ ყველაფერი ღიად ხდება; მოძალადე დარწმუნებულია თავის უფლებამოსილებაში, ჩაიდინოს ყველაფერი, რაც მოეპრიანება;
- ქალები ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან. მოძალადეთა ჭკუით, კოლექტიური ძალადობის აქტი სამხედრო საძმოს ერთიანობის სიმბოლური დადასტურებაა;
- გაუპატიურების მსხვერპლს ხშირად კლავენ.
აი მხოლოდ ერთი ფაქტი აფხაზეთის ომის ვეტერანის მოგონებებიდან:
„კინდღთან „მხედრიონს“ ჰქონდა გზა გადაკეტილი. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ დიდი შეტაკება მომხდარა და ჩვენი ექვსი კაცი მოუკლავთ. გამწარებულებს უდანაშაულო აფხაზი დედა-შვილი შერჩათ ხელში. მივხვდი, რასაც უზამდნენ და ახალგაზრდა გოგო ადგილზე მოვკალი. დედამისმა ამისთვის მადლობაც კი მითხრა, რადგან მიხვდა, რომ მისი შვილი სიკვდილზე უფრო დიდ უბედურებას გადავარჩინე. გააუპატიურებდნენ და ბოლოს მაინც აუცილებლად მოკლავდნენ...“
სიუზენ ბრაუნმილერმა (ჟურნალისტი, მწერალი და ფემინისტი), რომელმაც სამხედრო გაუპატიურებები ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეისწავლა, საბოლოოდ დაასკვნა, რომ ომი დამატებითი გარემოა ქალის მიმართ უკვე არსებული სექსისტური დამოკიდებულების გამოსავლენად. მამაკაცთა სამხედრო საძმო ქალს აგრესიის ბუნებრივ ობიექტად განიხილავს.
ამ დასკვნას რაფაელ გრუგმანის ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებიც ეხმიანება. თქვენი მონა-მორჩილის აზრით კი, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ იარაღით გათავხედებული მოძალადე ხანდახან არც საკუთარი ხალხის წარმომადგენლებს ინდობს. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტი აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოხდა:
„...ერთი ძალიან ჭკვიანი გოგონა მოდიოდა აფხაზეთიდან, მაგრამ ვერ შეძლო გადმოფრენა თვითმფრინავით - ეს მაშინ ძალიან ძნელი იყო. ცხრა ბიჭი დაჰპირდა, რომ გამოაფრენდნენ. გოგონა მათ ენდო და გაჰყვა. სოხუმში რომ ჩავიდნენ, ძალიან სასტიკად მოექცნენ და გააუპატიურეს. გოგონამ ვერ აიტანა შეურაცხყოფები და იქვე ვენები გადაიჭრა. ამ ცხრა ბიჭიდან ერთ-ერთს ძალიან შეეცოდა და გადაარჩინა. საავადმყოფოში წოლისას იქვე იმყოფებოდნენ გოგონას ნათესავის მეზობლები. მათ შეატყობინეს ოჯახს და გოგონა სვანეთში გადმოიყვანეს. აქ კი, თანაგრძნობის მაგიერ, მშობლებისა და ძმებისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ბოლოს და ბოლოს, გოგონას თავი მოაკვლევინეს“ („ქალები; სიტუაციის პროფილირება საქართველოში“, 2002).
- არაერთგზის მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დამნაშავეს ეროვნება არ აქვს. მითუმეტეს, როცა დაუცველ ადამიანზე ძალადობს. ეს ომის კანონებით არ მართლდება. მოძალადე ყველა უნდა დაისაჯოს - ქართველიც და აფხაზიც! - ამბობს შოთა მალაშხია.
გაუპატიურება, როგორც ძალაუფლების დემონსტრირება
ნებისმიერი ძალადობის უკან საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია და მსხვერპლის დამცირების სურვილი დგას. სექსუალური ძალადობაც ამ კანონზომიერებაში ეწერება. მასობრივი სექსუალური ძალადობა ფსიქოლოგიური ომის იარაღია, რომლის მიზანს მოწინააღმდეგის დემორალიზება წარმოადგენს. ამ აქტით თავდამსხმელი, მის წარმოსახვაში, „პატივს აყრის“ არა მარტო კონკრეტულ ქალს, არამედ მთელ ქვეყანას.
ისტორიული პარალელი: ჩინგის ყაენს მოწინააღმდეგის ქალებისთვის პატივის აყრა და მათი შვილების დამონება/დახოცვა იდეალური მეომრის უწმიდეს მოვალეობად მიაჩნდა. იცოდნენ რა ამის შესახებ, ბუხარელმა მამაკაცებმა ჯერ ცოლები დახოცეს და მერე თავად მოისწრაფეს სიცოცხლე. ხოლო როდესაც პეკინი დაეცა, ქალაქის გალავნიდან ათეულ ათასობით ქალწულმა თავი გადაიჩეხა.
საერთაშორისო სამართალი
სპეციალური კანონმდებლობა სამხედრო გაუპატიურებების წინააღმდეგ დიდი ხანია, არსებობს.
ჯერ კიდევ 1988 წელს რუანდაში, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ტრიბუნალმა მასობრივი გაუპატიურება გენოციდის აქტს გაუტოლა, ხოლო 2001 წელს იუგოსლავიაში - კაცობრიობის წინაშე დანაშაულს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ქალი ტყვეები, ან დაკავებულები უნდა მოთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკევებით, ქალების მეთვალყურეობის ქვეშ. ქალები დაცულები უნდა იყვნენ ,გაუპატიურების, ძალადობრივი პროსტიტუციის და ყველა სხვა ფორმის შეურაცხყოფისაგან (ჟენევის მეოთხე კონვენცია, მუხლი 27, ასევე მუხლები 75 – 76, პროტოკოლი I). საომარი მოქმედებების არეალიდან გარიდებისას პრიორიტეტი ყოველთვის უნდა მიენიჭოთ ორსულებს, ახალნამშობიარებ ქალებსა და ჩვილი ბავშვების დედებს (მუხლი 70, პროტოკოლი I).
თუმცა მხოლოდ კანონებით ამ სენს ვერ ვუშველით, აუცილებელია პრევენცია, კერძოდ, აღზრდის იმგვარი სისტემის საყოველთაო დანერგვა, რომელიც ნებისმიერი ძალადობის შინაგან მიუღებლობას ჩამოაყალიბებს. ამისთვის კი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ხელისუფლებების ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.
მედეა გოგსაძე
ილუსტრაცია ავტორს ეკუთვნის