
სოხუმის არჩევანი
24/08/2023 08:05:34 კონფლიქტები
2012 წლიდან ოფიციალური თბილისი თანმიმდევრულად ატარებს „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკას როგორც მოსკოვთან, ისე სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებაში. და ამ პოლიტიკამ გარკვეული შედეგები გამოიღო. კერძოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანდათან გალღვა. და ეს - მიუხედავად საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საპროტესტო აქციებისა, რომელთა მონაწილეებმა უკრაინის ომისა და ზოგადად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის ფონზე მოსკოვისადმი ლოიალობის მიუღებლობა გამოხატეს. რუსეთი ხომ მთელი ამ წლების განმავლობაში პედანტურად აგრძელებს იკუპირებული ქართული რეგიონების შთანთქმას, ინკორპორირებს რა მათ საკუთარ პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ფაქტობრივად ყველა სფეროს სინქრონიზაციისა და ჰარმონიზაციის საშუალებით. კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის 2020 წელს დამტკიცებული პროგრამები უკვე თითქმის სრულადაა იმპლემეტირებული.
შთანთქმის ამ დაუფარავი პროცესის პარალელურად საქართველო სოხუმსა და ცხინვალთან ხიდების გადების მცდელობებს აგრძელებდა. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ცალსახად განაცხადა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზის უალტერნატივობის თაობაზე. შემდეგ ორივე რეგიონს რამდენიმე პროგრამა შესთავაზეს, მათ შორის - სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რიგ შეღავათებსა და პრეფერენციებს ითვალისწინებს. საუბარია, კერძოდ, ერთობლივი ვაჭრობისა და ბიზნესის წახალისებაზე, ასევე საქართველოსა და დასავლეთში უფასო სწავლაზე. თუმცა ამ ინიციატივების ყველაზე წარმატებულ კომპონენტად, უდავოდ, იქცა სამედიცინო პრგრამა, რომელმაც არაერთ ათას ადამიანს ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცა და რეალურად, მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ძალისხმევამ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთა თბილისისადმი დამოკიდებულება გარკვეულწილად გააუმჯობესა, რაც მიღწევად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ამას იქით საქმე არ წასულა. ჯერ კიდევ 2009 წელს ოფიციალურმა თბილისმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალა არ გამოიყენოს და ეს ვალდებულება დღემდე ძალაშია, რეგულარულად დასტურდება რა ხელისუფლების მიერ. მაგრამ სოხუმი და ცხინვალი კვლავ დაუღალავად იმეორებენ მანტრას თბილისთან ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი დოკუმენტების გაფორმების აუცილებლობის თაობაზე, რაც, თბილისის ხედვით, ემსახურება მხოლოდ ერთ რეალურ მიზანს - საქართველოსგან ირიბი აღიარების მიღწევას.
სადღეისოდ შემდეგი მოცემულობა გვაქვს: ერთის მხრივ, რუსეთი აგრძელებს სოხუმისა და ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიის პროცესს და არსებობს საფრთხე, საბოლოო აკორდად იქცეს აფხაზეთის იძულება, რუსეთის ფედერაციას „ნებაყოფლობით“ შეუერთდეს. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხომ მოსკოვი უკვე ღიად, მთელი მსოფლიოს თვალწინ გადავიდა ტერიტორიული ექსპანსიის პოლიტიკაზე ქვეყნის რუსეთის იმპერიის საზღვრებში აღსადგენად და ამ ჭრილში რუსეთი მოქმედებს არა მარტო უკრაინის მიმართ, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც: მან ჯერ პაწაწინა სოფელი აიბღა მიისაკუთრა, ახლა კი აიძულა სოხუმი, მისთვის ბიჭვინთაში 80 ჰა ელიტური ტერიტორია გადაეცა და ამასთანავე, აგრძელებს აფხაზური ეკონომიკის ყველა სტრატეგიული ობიექტის მითვისებისა და რეგიონში დემოგრაფიული სურათის თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობებს, რაც, ცხადია, პრელუდიაა ოკუპირებული რეგიონის საბოლოო მშვიდობიანი შთანთქმისათვის. მეორეს მხრივ, არსებობს თბილისი, რომელიც წლებია, სოხუმთან საერთო ენის პოვნას ცდილობს. ამის პარალელურად კი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული დამპყრობლური ომის პირობებში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გვარდება. ეს მართლაც უცნაურია იმ ფონზე, რომ მოსკოვი მთელი ამ წლების განმავლობაში აიძულებდა სოხუმს, უკუეგდო თბილისის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ურთიერთობების მოგვარებას ემსახურებოდა და არც დღეს წყვეტს მცდელობებს, აფხაზეთში თბილისის მიმართ შიში და სიძულვილი თესოს, – ასეთია რუსული სტრატეგიის იმპერიული დუალიზმი „დაყოფისა და ბატონობის“ ჭრილში.
რაც შეეხება სოხუმს, შეუძლებელია, იქ არ ესმოდეთ, რომ რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგობებზე ბალანსირების ეპოქა ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა და დროა, თავად დაიწყონ ზრუნვა საკუთარ გადარჩენაზე. ამის გაცნობიერების გამოვლინებად შეიძლება, ჩაითვალის რიგი გაბედული ინიციატივები, რომელიც „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ მისი მმართველობის დასაწყისში გააჟღერა. მათ შორისაა თბილისთან მოლაპარაკებების ახალი ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია. კერძოდ, 2022 წლის 4 დეკემბერს „პრეზიდენტმა“ დაამტკიცა „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“, რომლის 2.3 პუნქტში ნათქვამი იყო: „აფხაზეთის რესპუბლიკა დასაშვებად მიიჩნევს პირობების შექმნას საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატის ჩამოყალიბებისთვის მის ფარგლებში ქართულ მხარესთან ორმხრივი ინტერესის მქონე იმ საკითხების განსახილველად, რომელთა გადაჭრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შეუძლებელია“. მაგრამ უკვე 2021 წლის 25 მაისს, ადგილობრივი პოპულისტების, რევანშისტებისა და კრემლის მიერ მართულთა ზეწოლით ბჟანია იძულებული გახდა, უკან დაეხია და ხელი მოეწერა ბრძანებულებისთვის დოკუმენტიდან ხსენებული პუნქტის ამოღების შესახებ. აქ აუცილებელია, ვაღიაროთ ოფიციალური თბილისის გარკვეული ბრალეულობაც: საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინა იმხანად ბჟანიას გუნდისგან მომავალ სიგნალებზე რეაგირების კუთხით.
აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ საკუთარი ინიციატივების დაცვა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა, კერძოდ - თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციის ნაწილში, ისიც - საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე. 2022 წლის აპრილში ბჟანიამ დაამტკიცა ახალი ჩამონათვალი საქონლისა, რომლის აფხაზეთში შეტანაც მოსახლეობას ლეგალურად შეუძლია. მათ შორისაა ნერგები, თესლი და სხვადასხვა სათესლე მასალები, შინაური ფრინველი, შინაური ცხოველის საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწარმოო დანადგარები, ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები და საავტომობილო ზეთები.
უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყებამდე საგრძნობლად შეასუსტა ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალს რეგიონის „დამოუკიდებლობის“ ამღიარებელ სახელმწიფოთა წრის გასაფართოებლად. ცხადია, მოსკოვს უბრალოდ არ ძალუძს კოსოვოს აღიარების ანალოგიით სოხუმისა და ცხინვალის ამღიარებელი ქვეყნების მეტ-ნაკლებად მისაღები რაოდენობა უზრუნველყოს, მაგრამ სულ ოთხი სახელმწიფო - ეს სასაცილოც აღარაა! თუმცა ნათელია სხვა - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტიც: რუსეთი „ამღიარებელთა“ წრის გაფართოების მიმართ ინტერესს აღარც იჩენს. 2014, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან დაწყებული მოვლენები თვალნათელი დემონსტრირებაა რუსეთის სტრატეგიის საბოლოო შეტრიალებისა „ახალი სუბიექტების აღიარების“ პოლიტიკიდან მათი ანექსიისაკენ. კერძოდ, მოსკოვის მიერ მანამდე „დამოუკიდებლად“ აღიარებული უკრაინული ოლქები და ყირიმის ავტონომია სადღეისოდ რუსეთის კონსტიტუციაში ფედერაციის ახალ რიგით სუბიექტებადაა ჩაწერილი.
ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნებისმიერი აფხაზისთვის მარტივი წარმოსადგენია, რა ელის აფხაზეთს, თუკი საბოლოოდ გადასცემს რუსეთს მთელს თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოტენციალს.
სასწორის მეორე მხარეს კი საქართველოა თავისი სამშვიდობო პოლიტიკით. თბილისი აფხაზეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც, თბილისი სოხუმს ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს სთავაზობს, კონფლიქტის მოგვარების მისეული ხედვა კი აფხაზური კულტურული და ენობრივი იდენტობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. არც ისაა დასავიწყებელი, რომ თბილისს ერთი ნაბიჯი აშორებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს, ევროპაში კი არ მიმართავენ ბრუტალურ ძალას არც შიდა პოლიტიკაში, არც ოპონენტების წინააღმდეგ. შესაბამისად, მეტი ევროპეიზაცია და მეტი ღიაობა მხოლოდ გააძლიერებს სოხუმს და შესაძლოა, გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყოს რუსეთის მზარდი მადის საპირწონედ. რაც შეეხება სეპარატიზმის პრობლემებს, კატალონიის, შოტლანდიისა და სხვა მსგავსი მაგალითების საკითხები მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული, სამართლებრივი მეთოდებით გვარდება. ბოსნიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და იგივე კოსოვოს კონფლიქტები ხომ მოგვარდა ან დარეგულირების სტადიაშია შეთანხმებების საფუძველზე და არა ძალის გამოყენების, ანექსიისა და კულტურული იდენტობის დაკარგვის ფასად. და თუ სოხუმი შექმნილ მოცემულობას საკუთარი პრაგმატული ინტერესის გადასახედიდან შეხედავს, ნათელია, რომ იგი რთული, მაგრამ ცხადი არჩევანის წინაშე დგას. უკრაინის ომმა ხომ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რუსეთის საფრთხეცა და რეალური სახეც. ამდენად, სოხუმისთვის უმჯობესია, სცადოს, ჩაეჭიდოს თბილისსა და ევროპას, - ან რუსეთთან პირისპირ დარჩენა მოუწევს.
ამასთან, სოხუმს გადაწყვეტილების შემჭიდროებულ ვადებში მიღება ჰმართებს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები, ასე თუ ისე, ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავს, მაგრამ უკვე რესეთის მიერ შექმნილი, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონო სუბიქტების აზრის გათვალისწინების გარეშე.
რაჟდენ ქაჯაია