24-08-2023 14:39:41 ანალიზი
მას შემდეგ, რაც ტვერის რეგიონში, ვლადიმირ პუტინის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გახდა ცნობილი, კრემლის ლიდერი ალბათ ყველაზე ხშირად ციტირებად პერსონად იქცა მისი გარემოცვის ყოფილი უახლოესი წევრის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც მან პრიგოჟინს ჯანყისთვის მოღალატე უწოდა და თქვა, რომ „ღალატს არ პატიობენ“. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ავიაკატასტროფის მიზეზების შესახებ, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაზუსტებით არაფერია ცნობილი, კომენტატორებს, მათ შორის დასავლეთში შემთხვევითობის არ სჯერათ. მედიის ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს: ხომალდის გაუმართაობას, პილოტის შეცდომას, გარე ზემოქმედებას და ტერაქტსაც, თუმცა კომენტატორებს შორის ორი ძირითადი ვერსია ფიგურირებს – თვითმფრინავში ბომბი ააფეთქეს, ან ხომალდი ჩამოაგდეს რაკეტით. ამ უკანასკნელი ვერსიისას იხსენებენ იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილთან ოთხი ეს–300–ია განთავსებული, რომლებიც პუტინის სასახლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
კომენტატორები პრიგოჟინის პერსონის და გამოცდილების გათვალისწინებით (წარსულშიც იუწყებოდნენ ავიაკატასტროფაში მის დაღუპვას, თუმცა რამდენიმე დღეში „მკვდრეთით აღსდგა), მით უფრო, რომ როგორც იუწყებიან, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ცხედრები ძლიერ არის დაზიანებული და იდენტიფიცირებისთვის გენეტიკურ კვლევებს საჭიროებენ, დნმ–ის სანდო პასუხებამდე ინსცენირებასაც არ გამორიცხავენ. მათ ნდობას არ იწვევს „ვაგნერთან“ დაკავშირებული ტელეგრამ–არხის Grey Zone–ს შეტყობინება, რომ „პრიგოჟინი დაიღუპა რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად. მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი ის საუკეთესო იქნებაო“.
თუმცა არ ვერსიის არ სჯერა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს ხრისტო გროზევს და საკუთარი ხედვის გასამყარებლად ყურადღებას ბორტზე მყოფ პირებზე ამახვილებს:
„ეს სტატისტიკურად შეუძლებელია“,– ამბობს ინსცენირების ვერსიის კომენტირებისას Bellingcat-ის ხელმძღვანელი გროზევი და განაგრძობს, „თუ დავუშვებთ ინსცენირების ვერსიას, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზატორი მზად იყო, გაეწირა „ვაგნერის“ მთავარი ხალხი, რაც ფაქტობრივად „ვაგნერის“ არსებობას შეწყვეტს“:
„უტკინი და ჩიკალოვი რომ იყვნენ ბორტზე, ამაზე არავინ კამათობს. ამდენად, ინსცენირების მომწყობი თავად პრიგოჟინი ვერ იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში ის დარჩება ყოველგვარი ლოგისტიკური მხარდაჭერის გარეშე. ხოლო ისეთ მასშტაბურ ინსცენირებას, რომ იქ არც უტკინი და არც ჩიკალოვი ყოფილიყო, გამოვრიცხავ: ომის დაწყების შემდეგ ინფორმაციის იმ მასშტაბის გაჟონვას ვადევნებთ თვალს, რომელთანაც ჩვენც ვმუშაობთ, რომ ვერ ვხედავ პირობებს, რომელიც მსგავსი მასშტაბის ოპერაციის კარგად დაგეგმვას გახდიდა შესაძლებელს“.
რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, გროზევი დარწმუნებულია, რომ „ეს იყოს შურისძიება, ანგარიშსწორება, რომელიც მოსალოდნელი იყო იმ მომენტიდან, როდესაც პუტინის ყოფილ „მზარეულს“ მოღალატე უწოდა“. და ეს გარემოება თითქმის ყველა კომენტატორის მთავარი არგუმენტია.
„არ ყოფილა შემთხვევა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, რომ ადამიანისთვის მოღალატე ეწოდებინათ და შემდეგ არ ეცადათ მისი ლიკვიდაცია. ზოგჯერ გამოსდიოდა, ზოგჯერ არა, როგორც მაგალითად, სკრიპალის [ბრიტანეთში მოწამლეს – რედ.]შემთხვევაში მოხდა“,– იხსენებს გამომძიებელი ჟურნალისტი.
აქვე ამბობს იმასაც, რომ გუშინდელი მოვლენები დაჩქარებული პროცესი იყო, რაზეც აფრიკის ფაქტორმა მოახდინა ზეგავლენა და საყურადღებო დეტალს იხსენებს:
„პრიგოჟინმა უარი არ თქვა აფრიკის მთავარი ბაზრის კურატორობაზე. იქ პირადად ჩაფრინდა, რომ ბაზარი შეენარჩუნებინა, გაეგრძელებინა ГРУ–სთან კონკურენტული ბრძოლა აფრიკის ტერიტორიისთვის. ამ ბაზარზე ძალიან ბევრი ბრილიანტია, ოქრო და ა.შ. და სწორედ ამან დააჩქარა ლიკვიდაციის თარიღი. ჩემთვის ძალიან საინტერესო მომენტი იყო, როდესაც რამდენიმე კვირის წინ პუტინმა თავის აფრიკელ „მეგობრებს“ წარუდგინა ახალი ჯგუფი. მათ შორის იყო ადამიანი, რომელიც პუტინის თქმით, კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. ეს არის ანდრეი ვერიანოვი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ГРУ–ს სახელით იყო პასუხისმგებელი კონკურენტების და „მოღალატეების“ წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაზე“.
იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ბრძანებით განხორციელდა თვითმფრინავის ლიკვიდაცია, გროზევი დარწმუნებულია, რომ ამ ოპერაციაზე ГРУ იყო პასუხისმგებელი, „როგორც რეალურად ГРУ–მ შექმნა პირობები, რომ 2014 წელს ჩამოეგდოთ მალაიზიური თვითმფრინავი, თუმცა პასუხისგებაში მისცეს პირები, რომელთა წინააღმდეგაც ადვილი იყო მტკიცებულებების შეგროვება“:
„რეალური კონტროლი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც 2014 წელს გადაიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე ГРУ–ს ჰქონდა და გასროლის ბრძანებაც ГРУ–ს პოლკოვნიკმა გასცა. ვფიქრობ, ახლაც იგივე მოხდა. თუ ამოვალთ ვერსიიდან, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა, მაშინ ეს მხოლოდ ГРУ შეიძლება, იყოს (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელით). ხოლო თუ თვითმფრინავზე ბომბი აფეთქდა, მაშინ – ФСБ. მაგრამ ამ ეტაპზე მე უფრო ГРУ–ს ოპერაციისკენ ვიხრები. ბორტზე ბომბის აფეთქების შემთხვევაშიც ГРУ–ს როლი არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან სწორედ ვერიანოვის ჯგუფია დაკავებული, მათ შორის, აფეთქებებით. მათ ძალიან ბევრი სპეციალისტი ჰყავთ ნელი მოქმედების ბომბების. მათ ააფეთქეს იარაღის საწყობები ჩეხეთში, ბულგარეთში“.
რაც შეეხება თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდების ვერსიას, ფიგურირებს ორი ვარიანტი: თვითმფრინავს მოხვდა რაკეტა „ჰაერი–ჰაერი“ ან ჩამოაგდეს ეს–300–ით. „ამ უკანასკნელზე ამახვილებენ ყურადღებას ФСБ–ს არხები. მაგრამ თუ დავაკვირდებით, როგორ ვარდება თვითმფრინავი, ვფიქრობ, ეს უფრო „ჰაერი–ჰაერი“ იყო, რადგან არ ჩანს კვამლის კვალი, რომელიც მუდმივად ფიქსირდება „მიწა–ჰაერის“ რაკეტის შემთხვევაში“.
„დასჯის“ დემონსტრაციულ მეთოდი გამომძიებელი ჟურნალისტისთვის ლოგიკურია, „პუტინს სურს, აჩვენოს დაუნდობლობა, როგორც მაფიოზები – ნებისმიერ ფილმში. უნდა მომკვდარიყო არა მხოლოდ პრიგოჟინი, არამედ ყველა, ვისაც შეეძლო, თავში ჩასდგომოდა მეორე ჯანყს“:
„მათ შეძლეს, „ვაგნერის“ ყველა ხელმძღვანელისთვის ერთად მოეკვეთათ თავები. გვესმის მუქარები პუტინის მიმართ შურისძიებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მათ ორგანიზატორი არ ჰყავთ. „ვაგნერში“ არ დარჩა ადამიანი, რომელიც მის ხელმძღვანელობას შეძლებს. თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში არ გამოჩნდება ვინმე, რომელიც ისარგებლებს ათასობით შეიარაღებულ, გაწვრთნილ და ნაბრძოლ დაქირავებულებში ჩამოყალიბებული უნდობლობით, რომლებსაც შურისძიება სურთ თავიანთი ხელმძღვანელობის მკვლელობის გამო“.
ჟურნალისტი ამბობს, რომ პრიგოჟინი სიმპათიით სარგებლობდა რუსულ არმიაში, რომელთაც, განსაკუთრებით უკრაინაში გამოვლენილი პრობლემების ფონზე „მოსწონდათ მისი ხელმძღვანელობა, მოსწონდათ, თუ როგორ ააწყო „ვაგნერის სტრუქტურა“. ამ კონტექსტში ის ყურადღებას ამახვილებს გენერალ სუროვიკინზეც, რომელიც „ვაგნერის“ ჯანყის შემდეგ იზოლირებულია და როგორც იუწყებიან, გადააყენეს თანამდებობიდან: „მას რეალურად პატივს სცემდნენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ უკრაინელებიც, თვლიდნენ რა, რომ ერთადერთი მაღალი დონის სტრატეგი იყო რუსეთის თავდაცვაში. რუსულ არმიაში ყალიბდება განწყობა, რომ ყველა ხარისხიან ხელმძღვანელს იშორებენ და არ ვიცი, ეს როგორ მოახდენს პოზიტიურ გავლენას მათ საბრძოლო განწყობაზე. ამდენად, ვფიქრობ, პუტინმა ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შეიქმნა“.