Accentnews.ge
 რას გვიქადის სოხუმის პორტის დაღრმავება

რას გვიქადის სოხუმის პორტის დაღრმავება

02/12/2019 14:55:05 კონფლიქტები, თვალსაზრისი, ანალიზი

სანამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი ამ დრომდე სასწორზე დევს, სოხუმის პორტი რვა მეტრით დააღრმავეს. მართალია, ამ ეტაზე ღრმაწყლოვან პორტზე საუბარი არ არის, თუმცა ვინაიდან ადგილზე ეფექტურ კონტროლს კრემლი ახორციელებს, ქართველი ანალიტიკოსები ნებისმიერი სახის მსგავს აქტივობას ეჭვით უყურებენ.   

როგორც დაანონსდა, სოხუმის პორტი საკრუიზო ლაინერების მიღებას გეგმავს. თუმცა სპეციალისტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გობრონიძე აღნიშნულ ინფრასტრუქტურას შავი ზღვის აუზში რუსეთის სამხედრო აღმშენებლობის ნაწილად განიხილავს.


მისი შეფასებით, ახალი ინფრასტრუქტურა რუსეთს შავი ზღვის სანაპიროზე დამატებით პოზიციას აძლევს.

„იმ ფონზე, როდესაც ჩრდილატლანტიკური ალიანსისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულება პრიორიტეტულია, შავ ზღვაზე პოზიციების გაძლიერება პრიორიტეტს წარმოადგენს რუსეთისთვისაც. როდესაც აფხაზეთში საკრუიზი მიმართულებებზე - ტურიზმის განვითარებაზე საუბრობენ, მოდი, გადავხედოთ, რომელი ქვეყნის გემები შედიან აფხაზეთის პორტებში. ესაა პანამის, ლიბერიის და სხვა იმ ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი გემები, რომლებიც არცთუ ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ. ამდენად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ განსაკუთრებული საკრუიზო ლაინერები შევლენ აფხაზეთში, ან აფხაზეთს ჰქონდეს რესურსი, ამ მიმართულებით ტურიზმი განავითაროს. ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხომალდებს, რომლებიც კრასნოდარის მხარეს ან რუსეთის შავი ზღვის სანაპიროში მოძრაობენ, კიდევ 7 მეტრით სჭირდებოდეთ პორტის დაღრმავება: რუსული წაროების ტურისტულ ხომალდებს საბჭოთა დროსაც მშვენივრად იღებდა სოხუმის პორტი. ამდენად, ნებისმიერი მსგავსი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ სამხედრო ჭრილში, როგორც ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო აღმშენებლობის ნაწილი“,- ამბობს „აქცენტრთან“ საუბრისას გობრონიძე.

მისი შეფასებით, ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი თანამეგობრობისთვის, განსაკუთრებით ნატო-სთვის, რომლის ძირითადი მოწინააღმდეგე შავი ზთვის აუზში რუსეთის ფედერაციაა:

„რუსეთი ღიად შეტევითი რეალიზმის პარადიგმაში უყურებს პროცესებს: ცდილობს, ე.წ. თბილ ზღვებში და სამხრეთის გასასვლელებში დასავლელ „მოწინააღმდეგეებს“ დაასწროს პოზიციების გამაგრება.  ეს მიმართულება უპირობოდ იქნება გამოყენებული სამხედრო თვალსაზრისით. შავი ზღვის ფლოტის გაძლიერების პროცესში რუსეთი ეცდება, დაამატოს კრეისერის ტიპის ხომალდები და ა.შ. დღეს რუსეთს შავ ზღვაზე აქვს ორი ფუნდამენტური დასაყრდენი: სევასტოპოლის სამხედრო ბაზა - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ბირთვი და ნოვოროსიისკის ბაზა, რომელიც არ გამოდგება ოპერაციებისთვის, რადგან არ არის ღრმაწყლოვანი და ზამთარში იმისათვის, რომ ფლოტი მხოლოდ ერთ ადგილზე არ იყოს კონცენტრირებული, რუსეთს შავი ზღვის რეგიონის უკეთ გასაკონტროლებლად ძალთა გადანაწილება სჭირდება“.

გობრონიძის აზრით, შექმნილ ვითარებაში ადეკვატური იქნებოდა იმ რისკების სრულფასოვანი შეფასება, რომლის წინაშეც ხსენებული ინფრასტრუქტურული პროექტის შემდეგ დგებიან რეგიონში საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები, მათდამი მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომ „ეს უკვე ჩვენი პრობლემა აღარაა“:

„ჩვენ საზღვაო-სამხედრო ძალები არ გაგვაჩნია, ამდენად, რუსეთი აფხაზეთში კრეისერს დააყენებს, ავიამზიდს თუ ტივს - ჩვენთვის  თანაბრად საშიშია. ეს უნდა იქცეს თავისტკივილად იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შავ ზღვაში ჩვენზე მეტი ინტერესი აქვთ და რომელთა პოზიციებსაც შავ ზღვაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის მსგავსი ხასიათის ინფრასტრუქტურული პროექტები. საქმის კურსში ჩაყენებას უნდა მოჰყვეს შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების მოთხოვნა“.

ამასთან, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ზოგადად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისადმი ოფიციალური თბილისის პოზიცია ბუნდოვანია:  

„ჩემთვის ბუნდოვანია, საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი აქამდე რატომ არ ხდება მიმართვა, რომ ყველა იმ კომპანიას, ჯგუფს, ორგანიზაციას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე აწარმოებს რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ან ტვირთების გადაზიდვას, დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. იგივე რუსი გადამზიდავებისთვისაც კი ეს უნდა იყოს დისკომფორტის შემქმნელი. კარგად ვიცით, რომ აფხაზეთიდან ხე-ტყე, ინერტული მასალა დიდი ოდენობით გააქვთ, აფხაზეთის ეკოლოგიას სრულ ექსპლუატაციას უწევენ. ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, რა გვინდა აფხაზეთისგან. მე ისიც ვერ გავიგე, ამ რეგიონის იზოლირების გზით მივდივართ, თუ დეიზოლაციის. პირადად მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი ჩვენი თამაშის წესებს არ იღებენ, მაშინ იზოლაციის გზით უნდა წავიდეთ. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სამშვიდობო სტრატეგია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, პასუხად კი ვიღებთ, რომ თურმე, ქართველის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს; ვიღებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას გალსა და ახალგორში; გვპასუხობენ, „ჯერ ჩვენი სტატუსი აღიარეთ და შემდეგ ვიზაუბროთ რაიმე ტიპის კომუნიკაციაზეო“. ჩვენ კი არ დროს არასათანადოდ  ვცდილობთ, შეიქმნას რაიმე ტიპის პრობლემები მათთვის, ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“.

რაც შეეხება პორტის დარღმავებით მოსალოდნელ ეკონომიკურ სარგებელს, HUB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი სამ მიმართულებას ასახელებს:


  • საკრუიზო მიმართულება;
  • საზღვაო კავშირები, იგივე თურქეთთან;
  • სარკინიგზო გადაზიდვების გააქტიურება.

ამასთან, ანალიტიკოსი კატეგორიულად არ ელის იმას, რომ იგივე აფხაზეთის სტატუს-ქვოდან გამომდინარე, სოხუმის პორტი სატრანსპორტო ქსელში რეგიონული მოთამაშე გახდება.

„დაღრმავება სოხუმის პორტს აძლევს შესაძლებლობას, რუსეთთან საიმედო სატრანსპორტო კავშირი დაამყაროს: რუსეთიდან შემოვლენ საკრუიზო გემები, რაც ტურიზმის განვითარებას კარგ ბიძგს მისცემს. საკრუიზო გემები ტურიზტული ბიზნესის განვთარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისითაც; ადვილად არის შესაძლებელი, მყარი კონტაქტი დამყარდეს თუნდაც თურქეთთან: აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ თბილისს ამის უკანონობა არაერთგზის დაუფიქსირებია. ტყვარჩელის ქვანახშირი გადადის თურქეთში ოჩამჩირეს პორტიდან და შესაძლოა, სოხუმიდანაც გადაიზიდოს სხვადასხვა ტვირთები. აფხაზეთში მაღალი ხარისხის ქვანახშირია, ხოლო თურქეთს ქვანახშირის მაღალი მოთხოვნა აქვს საკუთარი მოხმარებისათვის. ნაწილი ყაზახეთიდან მიაქვს საქართველოს გავლით, ცენტრალური რუსეთიდანაც. აფხაზეთი ძალიან ახლოსაა. იგი საკითხს უყურებს ფინანსური თვალსაზრისით და ახორციელებს ამ გადაზიდვებს“.  

პორტის გაძლიერების შემთხვევაში ანალიტიკოსი სარკინიგზო ხაზის აქტუალიზებას პროგნოზირებს:  

„თუ პორტი გაძლიერდა და მოხდა დამატებითი ტვირთების გადაზიდვა თუნდაც თურქეთის მიმართულებით, ეს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვის განვითარებას მისცემს ბიძგს - სარკინიგზო გადაზიდვაზე მოთხოვნა გაიზრდება. სადღეისოდ, ვინაიდან საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნა არ არის, აფხაზეთის რკინიგზა წამგებიანია და თუ მას მყარი საფუძვლები ექნება საზღვაო გადაზიდვების სახით იგივე თურქეთის მიმართულებით, რა თქმა უნდა, რკინიგზა აქტუალური გახდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S