
რა შედეგებით დასრულდა აზერბაიჯანულ–ქართული კომისიის შეხვედრა ბაქოში
24/05/2019 16:23:07 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ონა“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, კომისიის სხდომაზე განიხილეს სახელწიფო საზღვრის ხაზის გავლების საკითხები და ასევე განიხილეს საზღვრის ყველა ის მონაკვეთი, რომელიც არ არის შეთანხმებული.
სხდომის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ ექსპერტების ჩართულობით. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან და შეაფასებენ შესაბამის ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს და კარტოგრაფიულ მასალებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გარეჯში, ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა გაჰყავთ.
"ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, 500-700 მეტრი რჩებათ",– აცხადებს ადგილობრივი სასულიერო პირი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, "ქართულმა მხარემ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა და აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან შესაბამის განმარტებბს ელის".
ცნობისთვის: 23-24 მაისს ბაქოში გამართული კომისიის მე-12 სხდომაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის დელეგაციას კი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საზღვრებისა და კასპიის ზღვის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეგახსენებთ, რომ სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
დავით-გარეჯის თემა მორიგი მღელვარების საგნად 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. გზა 27 აპრილს გაიხსნა. იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ ბაქო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე ყოველთვის იყო და მზადაა, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.
„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე წყდება. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო და მზად არის, უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აბდულაევამ.
1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.
„[...] ის, რაც მოხდა დავით–გარეჯში, ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. [...] მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია, გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით. არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 1938 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამას დღეს, 2 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი კომენტარი მოჰყვა.
„ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებენ, 1938 წლის სქემატური ხასიათის რუქაა მასშტაბით 1:500 000. ეს რუქა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. 1942 წელს სსრკ–მა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუქის შესახებ მასშტაბით 1 : 100 000. გარდა ამისა, არსებობს რუქა, რომელიც 1963 წელს საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუქას ეყრდნობიან და დღემდე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრეა, იმედოვნებს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება და თავისი მხრიდან ამისთვის მზადაა“.