„ხისტი“, „მკაფიო“, "რთული დღე „ოცნებისთვის“ – ოპოზიცია ბორელის მიერ პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულ გზავნილებზე

08-09-2023 13:03:51 პოლიტიკა

ხისტი, მკაფიო, რთული დღე „ქართული ოცნებისთვის“,– ამგვარად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის გზავნილებს საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრის შემდეგ. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

დეპუტატი ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხი:

„ეს იყო რთული შეხვედრა, ვინაიდან ძალიან სპეციფიურად, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების საკითხი.[...] ბატონმა ბორელმა თქვა შემდეგი საკითხები: საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის და საქართველოსი უნდა იყოს სრულ თანხვედრაში; ხაზგასმული იყო დეოლიგარქიზაცია – სისტემური მიდგომა, საარჩევნო კოდექსი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა“.

„ლელოს“ წარმომადგენელ, დეპუტატ დავით უსუფაშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა „ვერ გაიგეს“ გზავნილების ნაწილი. ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციამ დღეს შეიტყო, რომ „ქარულ ოცნებას“ ევროკავშირისთვის მიუწოდებია 7–პუნქტიანი სამოქმედო გეგმა:

„ბატონმა ბორელმა პირდაპირ თქვა, „ევროპის კარი ღიაა“, აქ ჩამოვიდა საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილი არის შესრულებული, დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, დრო საკმარისია...ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგეს მე მგონი, ნაწილზე იქეთ „აუხსნეს“, როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს ღირსი საქართველოსი! კარგი ისაა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7–პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ. ერთი წელი დავკარგეთ ამაზე“.

ხსენებული გეგმის შინაარსი ამ დროისთვის უცნობია. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, უკვე დაამტკიცა მისი პროექტი და უახლოეს მომავალში მოხდება მთლიანად ამ სამოქმედო გეგმის მიღება. ამაზე გვქონდა საუბარი, თუ რამდენად მოცულობითი იქნებ ეს საკითხი".

„პარტია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ „საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“, ხოლო თავად მმართველმა გუნდა „შეუსაბამო ტონი“ გამოიყენა:

„ხაზი გაესვა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას და ის ნარატივი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნიდა, თითქოს ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერავის მოატუებენ! სხვებთან ერთად სამ საკითხე გამახვილდა კრიტიკული ყურადღება: დეოლიგაქიზაცია, მართლმსაჯულების სისტემა, საარჩევნო სისტემის რეფორმა. [...]“ქართული ოცნების“ მხრიდან იყო ძალიან შეუსაბამო ტონი. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ეს იყო მიზანმიმართული, თვითშემოქმედება თუ რა“.

„ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბორელის მხრიდან ითქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არ არის მრავალი მიმართულებით თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და „ჩამოთავა კონკრეტული მაგალითები, როგორიც არის რუსეთთან ფრენების აღდგენა“.

დეპუტატმა „რესპუბლიკელებიდან“ ხათუნა სამნიძემ დაადასტურა კოლეგების განცხადება, რომ „შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ჩამორჩება გეგმას, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო და საჭიროა ამ დროის ეფექტურად გამოყენება“.

მისი თქმით, ეს იყო ძირითადი გზავნილი.

„საკმაოდ მკაცრი იყო გზავნილები, მკაფიო და ხაზგასმული იყო, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ , საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,– შეაჯამა სამნიშემ.

საუბარი შეეხო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თემასაც და როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბორელზე დაყრდნობით აღნიშნეს, ეს დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ნეგატიურ "მესიჯად" მიიღეს ევროპაში.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები