Accentnews.ge
ვინ და რა დგას ქართველი «ტიტუშკების» უკან

ვინ და რა დგას ქართველი «ტიტუშკების» უკან

04/12/2019 14:51:40 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, ანალიზი

მიუხედავად საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდებისა, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგი დაეწყოთ, პირველივე უშედეგო შეხვედრის შემდეგ პოლიტიკურმა პროცესმა კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა, თანაც ახლა აქციების პარალელურად გაჩნდა კონტრაქციებისა და მხარდამჭერებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების კომპონენტი, გვყავს პირველი დაშავებულებიც. ძალადობრივი ინციდენტები მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისზე თავდასხმით დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა ქობულეთში, თბილისში, მცხეთაში, ზუგდიდში და ამას ბოლო არ უჩანს. კონტრაქციებს აშკარად ორგანიზებული ხასიათი აქვს (მათ მონაწილეთა შორის ფიქსირდებიან საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებიც; მონაწილეები აღჭურვილნი არიან ტრანსპარანტებითა და სხვა ინვენტარით, რისთვისაც ფულადი სახსრებია საჭირო და ა.შ.). და მართალია, ხელისუფლება მსგავს აქტივობებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, შესაბამის ეჭვს აღრმავებს მისი არათანმიმდევრული პოზიციონირებაც: მმართველი გუნდის წარმომადგენლები ძალადობას თითქოს ემიჯნებიან, თუმცა ამავდროულად, ცდილობენ, მას ერთგვარი გამართლება მოუძებნონ („ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღს“, „ბუნებრივი გამოძახილი“, „ოპოზიციისთვის თუ შეიძლება, სხვისთვის რატომ არ შეიძლება?!“) და ამასთან, ნებისმიერ გამოწვევაზე, მათ შორის დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზეც კი პასუხისმგებლობას ერთსულოვნად ოპოზიციას აკისრებენ.  

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა, გვაქვს თუ არა საქმე იმიტირებულ სამოქალაქო დაპირისპირებასთან, თუმცა მიმდინარე მოვლენები გარკვეულ ეჭვებს უჩენს:


„დასკვნების გაკეთება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც დავინახავთ, დაისჯებიან თუ არა ის მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქციების დროს აგრესიულად იქცეოდნენ, სცემდნენ ადამიანებს, აზიანებდნენ მეტოქის ქონებას და ა.შ. ჯერ-ჯერობით ყველა ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება სიმბოლურად დააპატიმრებს გარკვეულ პირებს და ალბათ, განუსაზღვრავს მინიმალურ სასჯელს. თუ ასე მოხდა, დანამდვილებით შეგვეძლება, ვთქვათ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროცესი, ისევე, როგორც თავის დროზე კორცხელში მოხდა. ამ მეთოდებს ხელისუფლებები დიდი ხანია, მიმართავენ. ამჟამინდელი ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს იმ მეთოდებს, რომელსაც წინასაარჩევნო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყენებდა“.

ფირალიშვილის დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ 2012 წლის განწყობების რეანიმირებას ცდილობს:  

„თურმე, შიზოფრენია შეიძლება, დაემართოს არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ადამიანთა ჯგუფს: შენ იმეორებ ერთი და იგივე საქციელს იმ იმედით, რომ ამისგან რაღაც ახალი გამოვა, რეალურად კი იგივე მდომარეობაში რჩები. ელემენტარული ადამიანური ფანტაზია არ ჰყოფნით. გული გწყდება, როდესაც აცნობიერებ, რამდენად ვიწრო ხედვა, არასტრატეგიული აზროვნება სუფევს [მმართველ გუნდში]. არა თუ სამი-ოთხი წლის, ერთი კვირის დიაპაზონშიც კი არ უყურებენ საკუთარი მოქმედების შედეგებს. თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ილუზია, რომ 2003 წლის განწყობების რეანიმირებას შეძლებდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ 2012 წლის განწყობების რეანიმირებას მოახდენს, ჩვენ კი მძიმე მდგომარეობაში ვართ, რადგან მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ამ უცნაურ მორევში შევიდა.  ამ ყველაფერს მაღალი რისკი ახლავს. წარმოიდგინეთ, რეალურად რომ დაიღვაროს სისხლი, ამას რა მოჰყვება... უკაცრავად შედარებისთვის, მაგრამ ერთგვარად პოლიტიკური ყაბზობის მდგომარეობაში ვართ: დაძაბულობა მაღალია, თუმცა უნაყოფო“.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი კი სამართალდამცველების მხრიდან აქტივისტების მიმართ ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს კონტრაქციების მართულობის ეჭვს აჩენს.


კერძოდ, როგორც ნანუაშვილი  განმარტავს, კანონდარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ისჯებიან, მმართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან  ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი სამართალდამცველები ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ:

"ვხედავთ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და ნივთების დაზიანებას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება კი არ არის სათანადო. დაუსჯელობის ნიშნები გამოჩნდა უკვე  ბოლო დღეების განმავლობაში. ეს მთლიანად საზოგადოებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უქმნის საფრთხეს. ხელისუფლება არ რეაგირებს მისი მომხრეების ძალადობაზე, აშკარა დარღვევებზე, რის გამოც ამ ყველაფრის უკან გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია იკითხება".

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი კონტრაქციების სავარაუდო მიზნებზე საუბრობს და ასეთად ქვეყანაში შექმნილი სოციალური პრობლემების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობას განიხილავს:


„ეს არის სრულიად მიზანმიმართულად დაგეგმილი წინააღმდეგობა სოციალური აქტივიზმის მიმართ. ეს არის წაქეზება დაპირისპირების სხვადასხვა, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის და სწორედ ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. თავის მხრივ დაპირისპირება გარკვეული ქაოსის გამომწვევია, ხოლო ქაოსის პირობებში აუცილებლად უნდა მოიძებნოს ვინმე, ვინც მასზე აგებს პასუხს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწყობს ეს ქაოსი, რათა შემდეგ სიმძიმის ცენტრი გადაიტანოს ოპოზიციაზე. საქმე იმაშია, რომ ქაოსის ფონზე რაიმე პროგრესული საქმის წარმოება რთულია, ხელისუფლებას კი ქვეყანაში შექმნილ არაჯანსაღ სოციალურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის ტვირთის ოპოზიციაზე გადატანა სურს“.

სოციოლოგი ხელისუფლების მოტივებს შორის არც ოპოზიციასთან დიალოგისთვის თავის არიდებას გამორიცხავს:

„ერთი შეხვედრა სრულიად უნაყოფო გამოდგა. საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ მიანიშნებენ ხელისუფლებას, რომ საჭიროა გარკვეული კომპრომისი. კომპრომისში კი, ცხადია, იგულისხმება იმ შუალედური ვარიანტის განხილვა, რომელსაც „გერმანული მოდელის“ ქართული ვარიაცია გულისხმობს. მაგრამ ხელისუფლებას არ სურს, ეს საკითხი დიალოგის თემად აქციოს. სრულიად გამჭვირვალე შეთავაზება იყო,  გავუგზავნოთ ყველაზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოს  - ვენეციის კომისიას საარჩევნო მოდელი და მის დასკვნას დავექვემდებაროთო, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ამაზეც არ მიდის. შესაბამისად, პროცესების ქუჩაში გადატანა მმართველ პოლიტიკურ ძალას ამ თვალსაზრისითაც აძლევს ხელს, რათა დიალოგი აიცილოს“.

სოციოლოგი სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ხედავს, თუმცა  ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა, რამდენად მაღალია ეს რისკი. ამავდროულად, იგი ყურადღებას მეორე რისკზეც ამახვილებს:  

„სხვა რისკი ქაოსის პირობებში ცხოვრებაა. მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უფრო ადვილია. ხელისუფლებისთვის კი „თევზი“ ქაოსზე და ოპოზიციაზე გადაბრალების გზით პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S