
გერმანიამ საქართველოს ხანგოშვილების ინტერესების დასაცავად ხელი გაუხსნა: რას მოიმოქმედებს თბილისი?
04/12/2019 17:23:22 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საგარეო პოლიტიკა, ანალიზი
გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების წინააღმდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოში გარკვეული იმედები გააჩინა. კერძოდ, იმედი იმისა, რომ 23 აგვისტოს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის საქმემ შესაძლოა, პოლიტიკურ კონიუნქტურას სძლიოს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, გერმანიამ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი (გერმანული გამოცემების ცნობით, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები) პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა განუსაზღვრა. შესაბამისი ნოტა დღეს დილით გერმანიის საგარეო უწყებაში დაბარებულ რუსეთის ელჩს გადასცეს კრემლის მიმართ დაჟინებულ სიტყვიერ რეკომენდაციასთან ერთად, ითანამშრომლოს გერმანიის გენერალურ პროკურატურასთან, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს იძიებს.
„არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებები იმისა, რომ მკვლელობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“,- წერს გერმანული გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა „შპიგელი“.
მანამდე იგივე დასკვნამდე მიდიოდნენ საკუთარი ძიების საფუძველზე გავლენიანი საერთაშორისო მედიაორგანიზაციებიც, გერმანიის საგამოძიებო უწყებები კი არ ჩქარობდნენ. ახლა, როგორც ჩანს, მათაც დაიჯერეს, რომ საქმე რიგით კრიმინალურ აქტს, მხოლოდ ერთი უცხოელის მიერ მეორეს მკვლელობას არ ეხება.
არსებობს თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულების იმედის საფუძველი? მოვლენათა რა მიმართულებით განვითარების მოლოდინს ქმნის გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? როგორ პოზიციონირებს ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისი, როგორ იცავს იგი საქართველოს მოკლული მოქალაქის უფლებებს? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ ყოფილ დიპლომატებსა და ხანგოშვილის ოჯახის წევრებს ესაუბრა.
ირკვევა, რომ გერმანიაში საქართველოს საელჩოდან ხანგოშვილებთან კონტაქტზე ამ დრომდე არავინ გასულა, ოჯახს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გერმანიის სახელმწიფოს მიერ აყვანილი ადვოკატი აწვდის და სწორედ ის დაიცავს საქართველოს მოკლული მოქალაქის უფლებებს გერმანიის სასამართლოში.
„მკვლელობის დღიდან ამ დრომდე საქართველოს საგარეო უწყებიდან ჩემთან კავშირზე არავინ გამოსულა, არც საქართველოში გადმოსვენების პროცესში მიუღიათ მონაწილეობა. ამ საკითხით საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან არავინ შეწუხებულა. თითქოს არც არაფერი მომხდარა, არც ვარსებობთ, ასეთი განცდა გამიჩინა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებამ ამ საქმესთან მიმართებაში: არც აქ - გერმანიაში, არც საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ. განსხვავებით მთავრობისგან მოსახლეობის მხრიდან სერიოზული თანადგომა ვიგრძენით. დაკრძალვაზე ჩემთვის უცნობი უამრავი ადამიანი იყო და დიდი მადლობა მათ, ვინც გულთან ასე ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი",-უამბო «აქცენტს» მოკლულის ძმამ ზურაბ ხანგოშვილმა.
ოჯახთან ამ დრომდე კავშირზე იყო საქმის გამომძიებელი:
"გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ადვოკატი მაწვდის. გუშინ მაცნობა, რომ ახალი დეტალები გამოიძიეს, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და საქმე გერმანიის გენპროკურატურას გადაეცა. ჩემთან კავშირზე იყო საქმის გამომძიებელიც. ვინადან საქმე გენპროკურატურას გადაეცა, მას ალბათ, სხვა გადაიბარებს და ველი, რომ ჩემთან გამოვლენ კავშირზე. ვნახოთ. თავად საქმის დეტალებზე ინფორმაციას არც ადვოკატს და არც მე მაწვდიდნენ. გამომძიებელი განმარტავდა, «ძიება არ დასრულებულა და გამოძიების ინტერესები დაზიანდება, საქმე სასამართლოში რომ წავა, ყველა ინფორმაციას მიიღებთო». ისე კი, გამომძიებელმა საწყის ეტაპზევე დამაიმედა, «ეჭვიც ნუ გექნება, რომ რამეს გამოუძიებელს დავტოვებთ, ისე, როგორც საქართველოშიო“ - ამბობს ხანგოშვილი.
რაც შეეხება რუს დიპლომატებთან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ოჯახის სურვილია, მათ მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი:
„თუ იმ დიპლომატებს რაიმე სახის შეხება ჰქონდათ საქმესთან, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იქნებოდა, გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმსდგარიყვნენ, მაგრამ იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი და ჰქონდათ თუ არა დიპლომატების დაკავების უფლება, ვერ გეტყვით“.
გერმანიის გადაწყვეტილებამ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ოპტიმისტურად განაწყო:

„ეს შემთხვევა არ არის ორდინალური. ხმამაღალი განცხადებების კეთებას ნუ ვიჩქარებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პრინციპული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და იმედი მაქვს, პროცესები ამით არ დასრულდება - გაგრძელდება და შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. ადრე თუ გვიან, ეს უფრო მგრძნობიარე უნდა გახდეს რუსეთისათვის. ვფიქრობ, ასეთი შანსი არსებობს და ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, რუსეთი ბრძოლას გააგრძელებს და შესაძლოა, უღირსი მეთოდებიც გამოიყენოს. მართალია, სკრიპალების საქმეს არ ჩაუვლია უკვალოდ, მაგრამ ღირსეული სასჯელი ჯერ არ დამდგარა. ამ და ლიტვინენკოს საქმეზე საერთაშორისო საზოგადოებას ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა იმისათვის, რომ ბოროტმოქმედები დაისაჯონ. ასევე იქნება ხანგოშვილის საქმის შემთხვევაშიც“.
რაც შეეხება ოფიციალური თბილისის პოზიციონირებას, მენაღარიშვილის შეფასებით, მოვლენათა განვითარება ამჟამად მეტ შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე აქამდე:
„მსოფლიო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასეა მოწყობილი: ზოგს მეტის გაკეთება შეუძლია, ზოგს - ნაკლების. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ღირსეულ სახელმწიფოს მოეთხოვება და შეესაბამება. აქამდე თავად გერმანიაში არსებული დამოკიდებულება ბევრის საშუალებას არ იძლეოდა, ახლა კი ვფიქრობ, მეტი შესაძლებლობა იქნება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სახლმწიფო მოიქცევა ისე, როგორც საჭიროა“.
უფრო კრიტიკულია საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე:
„საქართველოს ხელისუფლების მოქმედების (უფრო უმოქმედობის) ამოსავალი წერტილი რუსეთის არგაღიზიანებაა. ამ პოლიტიკამ სერიოზული საფასური მოიტანა საქართველოს მრავალი მოქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთს ამის სანაცვლოდ არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოუდგამს, რომელიც საქართველოს ან თუნდაც მმართველი პარტიისთვის იქნებოდა მომგებიანი. პოლიტიკაში უპრინციპობას ზოგჯერ "პრაგმატიზმით" ამართლებენ, როდესაც დათმობებით (ხშირად მორალური ხასიათის) გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ჩვენს შემთხვევაში ეს ხელისუფლება მორალურ და პოლიტიკურ დათმობებზე ისე მიდის, რომ სამაგიეროდ არც არაფერს იღებს. მას მხოლოდ შიში ამოძრავებს“.
თბილისი ჯერ ისევ დუმს, ოჯახი, მათ შორის ზელიმხან ხანგოშვილის ხუთი მცირეწლოვანი შვილი კი მართლმსაჯულების აღსრულების მოლოდინშია.
იხილეთ ასევე:
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021