რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება

15-09-2023 17:09:12 კომენტარი

ეს ალბათ, მხოლოდ აისბერგის წვერია,– ასე ეხმიანება „აქცენტთან“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ბესო ალადაშვილი აშშ–ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ–რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

„რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში ათწლეულებია, მუშაობენ სხვადასხვა თანამდებობის, სოციალური ფენის, ასაკის ადამიანებთან, შემდეგ უყურებენ მათ პერსპექტივას, ზოგიერთს თავად უწყობენ ხელს წინსვლაში – მათ ზოგადად გავლენის აგენტები ჰქვიათ. რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ცხადია, ეს შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციის ძალიან მცირე ნაწილია და ვფიქრობ, არც შემთხვევითი იყო – არ გამოვრიცხავ, მომავალში კიდევ უფრო სკანდალური ინფორმაციის გაჟონვას ან სანქციებს. როგორც ჩანს, აშშ, რბილად რომ ვთქვათ, ქართული საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად – ანუ, ვინ ვინ არის. ამერიკის სპეცსამსახურები ტყუილად არ არსებობენ და მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ“,– ამბობს ალადაშვილი.

საქართველოში, მათ შორის ე.წ. მეგობრული კავშირებიც ბევრ რამეს წყვეტს და რა სახის ინფორმაციის გაჟონვას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი, ალადაშვილის ხედვით რთული სათქმელია, მით უფრო რომ „გადაბირებულ“ რიგით ბიზნესმენსაც კი შეეძლო ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მოტანა:

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანაა, გაანეიტრალოს მტრული გავლენა. ბოლო თვეებია, დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთის ქვეყნებშიც რუსული ღრმა დაშიფვრაში მყოფი აგენტურა გამოავლინეს. ესენი იყვნენ ბიზნესმენები გერმანიის, შვედეთის, ბრიტანეთის თუ ამერიკის მოქალაქეები. საინტერესოა, რომ ისინი ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის დროშითაც მოქმედებდნენ. ჩვენთან, საქართველოში ბიზნესმენის, მით უმეტეს, შეძლებულის, გავლენის სფეროები სწრაფად ფართოვდება, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. რიგით ბიზნესმენსაც, თუ ის უცხო ქვეყნის აგენტურის მიერ არის გადაბირებული, უამრავი ზიანის მოყენება შეუძლია. ახლა ამას შეადარეთ ის გავლენები, რაც რეალურად ჰქონდა ფარცხალაძეს თავისი წარსულიდან გამომდინარე“.

ალადაშვილი უშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული ფარცხალაძის შესაძლო საქმიანობის შესახებ სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე და ფიქრობს, რომ ახლა სუს–ის მთავარი ამოცანაა, დაადგინოს:

  • არსებობდა თუ არა რეალურად რუს სპეცსამსახურებთან კავშირი;
  • ზიანის მასშტაბი.

ამავდროულად, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, ჰქონდა თუ არა ამერიკულ მხარეს ქართულთან კომუნიკაცია ფარცხალაძის თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებამდე? თუ კი, რა რეაგირება ჰქონდა საქართველოს? თუ არა, რატომ? არის ეს კავშირში ნდობის დეფიციტთან? სუს–მა 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირების შესახებ გახდა ცნობილი, განაცხადა, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. ალადაშვილს ამ მიმართულებით გადაჭრით საუბარი უჭირს და არც თუ შორეული წარსულიდან საინტერესო ეპიზოდს იხსენებს:

„ბოლო პერიოდია, ურთიერთობები მცირდება საელჩოსთან და ოფიციალურ სტრუქტურებთანაც და არ გამოვრიცხავ, რომ მცირდება ნდობის ხარისხიც. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ (საუბარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდზე) ერთ–ერთ საელჩოში მიღებაზე ერთ–ერთი ამერიკელი დიპლომატი გამესაუბრა. იცით რომ მსგავს მიღებებზე არაოფიციალური გარემოა. მას ჰქონდა ჩემი საქმიანობის სფეროზე ინფორმაცია და ხუმრობით დამისვა კითხვა: „თქვენს სპეცსამსახურებში რუსეთის ამდენი ხალხი, აგენტურა რომ არის (კონკრეტული გვარებიც მითხრა), თქვენ იცითო ხომ?“. შევარდნაძის, ენმ–ის და დაახლოებით 2016–2017 წლებამდე „ქართული ოცნების პერიოდშიც ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე ამგვარი პრაქტიკა იყო, რომ მით უმეტეს სპეცსამსახურებში როდესაც ინიშნებოდნენ ადამიანები მაღალ თანამდებობებზე, გარკვეული ინფორმირება ხდებოდა პარტნიორების. სანდოობის კუთხით ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვინ ინიშნება, რა წარსული აქვს – პარტნიორები ყოველთვის შიშობენ, რომ არ მოხდეს სტრატეგიული თუ ტაქტიკური ინფორმაციის გაჟონვა. ვუპასუხე, „თქვენ ხომ ჩართული ხართ და იცით, ვინ ვინ არის და თუ რუსეთის კაცია, მაშ რატომ მუშაობს იქ?!“. მაგრამ ინფორმაციის გაცვლა თანდათან სუსტდებოდა“.

***

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ 14 სექტემბერს გახდა ცნობილი.

როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპრატმენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, "ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის". მასში, აღნიშნულია, რომ იგი ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE- სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50%–იან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად.

"ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია. ონიშჩენკომ და უშიშროების ფედერალური სამსახურმა გამოიყენეს ფარცხალაძე ერთგვარ ბერკეტად, საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან "ეფესბესთან", – ნათქვამია დოკუმენტში.იუწყებიან, რომ ფარცხალაძეს ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის მიღებაში.

ოთარ ფარცხალაძეს ეკრძალება, მიიღოს:

  • ნებისმიერი სახის ქონება და საკუთრება ან საკუთრების წილი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ის მოქალაქე, ან მომავალში ექნება ან გააკონტროლებს მას. შეუძლებელია მისთვის რამის გადახდა, ტრანსფერი და სარგებლის ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა.
  • იკრძალება მისთვის თანხის, საქონლის, ან სერვისების მიწოდება. შესაბამისად, იკრძალება მისგან თანხის, საქონლის, ან სერვისების მიღება.
  • ეკრძალება შესვლა აშშ-ის ტერიტორიაზე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მისი ქვეყანაში შესვლა აშშ-ის ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება.
  • აკრძალულია ნებისმიერი გარიგება, რომელიც სანქცირებულ პირს დაეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებასა და დადგენილი ნორმების დარღვევაში.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული. მანამდე სკანდალი აგორდა ფარცხალაძის განათლებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ირგვლივ.

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუდან გაირკვა, რომ მისი შვილი – ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

მისი გვარი ფიგურირებს ყოფილ მთავარ აუდიტორზე თავდასხმის ეპიზოდშიც.

იცილეთ ასევე: ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერად გადაცემის ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები