20-09-2023 18:32:02 ანალიზი
ცხადია, ვიდრე მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებრივი და უსაფრთხოების საკითხები არ გადაწყდება, ყარაბაღის კრიზისი გადაჭრილად არ ჩაითვლება, მაგრამ არსებული მოცემულობით უკვე ფაქტია, რომ რეგიონში დადგა არსებითად განსხვავებული მოცემულობა, ვიდრე 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ და მით უფრო, მანამდე იდგა: ყარაბაღი, როგორც ინსტრუმენტი, ზეწოლის ბერკეტი თავის თავს წურავს – აზერბაიჯანი აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სამხრეთ კავკასიის სამიდან ერთ ქვეყანას დატოვებენ რუსი სამხედროები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს და ბოლოს ლეგიტიმურ საზღვრებში აღდგენა შეძლო ერთ–ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ. ეს სერიოზული მიღწევა და პრეცედენტია. მსგავსი რამ აქამდე წარმოუდგენელი იყო. ანუ აქამდე არსებული სტატუს–კვო დაირღვა, რომ მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერავინ ახერხებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს მოხდა!“,– ამბობს „აქცენტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
ყავლგასული ინსტრუმენტი
ამდენად, როგორც უკვე ითქვა, ყარაბაღი, როგორც ზეწოლის მექანიზმი თავის თავს წურავს, მისი ეფექტი აქტორების კონტექსტში, ექსპერტების ხედვით, ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. კერძოდ, თუ აზერბაიჯანის, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამარჯვებულ მხარედ გამოცხადება უკვე ამ მომენტისთვისაც შესაძლებელია, შევა რა მისი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი, მიუხედავად არადემოკრატიული მმართველობისა, თურქეთისაც, როგორც რეგიონული აქტორის, მოკლევადიან პერსპექტივაში ასე დაბეჯითებით ვერ ვისაუბრებთ სომხეთზე – პრემიერ–მინისტრ ფაშინიანს კიდევ ერთხელ მოუწევს საზოგადოებრივ მღელვარებასთან და შესაძლო დივერსიებთან გამკლავება.
„ფაშინიანი ხვდებოდა, რომ მოუწევდა ყარაბაღის დათმობა და დათმო. აღარ ჩაერია და ამით არანაირი საბაბი არ მისცა აზერბაიჯანს, უშუალოდ სომხეთის ტერიტორიებზე მიეტანა იერიში. არ მგონია, რომ ამას მისი ხელისუფლების დამხობა მოჰყვეს, რადგან აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: რევოლუციას ახდენენ ახალგაზრდები და მე როგორც ვაკვირდები, იქ ახალგაზრდები მაინც უფრო პროდასავლურად არიან განწყობილები. ფაშინიანის დამხობა რომ პრორუსული ძალების მოსვლას ნიშნავს, ამას ალბათ ყველა ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ის არ არის იდეალური მმართველი, მისი წასვლა სომხეთისთვის გაცილებით უარესს ნიშნავს, რაც ცხადია, რუსეთის ინტერესში შედის. სომხეთისთვისაც და ჩვენთვისაც მისი ხელისუფლების შენარჩუნება სჯობს. თუ ფაშინიანი გადარჩა, ეს რუსებისთვის კარგი არ იქნება“,– ფიქრობს შარაშენიძე და დასძენს, რომ სომხეთს კიდევ რამდენიმე ამოცანა რჩება:
„სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნის მთავარი მიზეზი იყო ყარაბაღი. ახლა ეს მიზეზი რეალურად ქრება. სომხეთს კიდევ რამდენიმე რთული ამოცანა რჩება, რომლებიც დროს მოითხოვენ – ურთიერთობების საბოლოო დალაგება აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ამის შემდეგ შეიძლება, ითქვას, რომ მას მაინც და მაინც აღარ დასჭირდება რუსეთის სამხედრო ყოფნა, მაგრამ მათი გაძევება ასე მარტივი არ იქნება. ეს რომ შეძლონ, კატასტროფით უნდა დასრულდეს რუსებისთვის კამპანია უკრაინაში“.
„საქართველო გადარჩა“
თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველო, რომლის ინტერესია მშვიდობა რეგიონში და ყოველთვის ნეიტრალური პოზიციას იკავებდა მეზობლების კონფლიქტში, მათ შორის, ყარაბაღის კონტექსტში, სერიოზული რისკების წინაშე იდგა:
„ჩვენ გადავრჩით. ახლა იმდენად არა, მაგრამ სერიოზული რისკი იყო სამი წლის წინ, როდესაც ყარაბაღის სრულმასშტაბიანი მეორე ომი დაიწყო. მაშინ რუსეთი არ იყო გადართული უკრაინაზე, ეცალა რეგიონისთვის, სერიოზული რისკები იყო ჩვენი ომში ჩათრევის რუსეთის პროვოცირებით – ჩვენთვის მოეთხოვა კორიდორი და ა.შ. ეს იყო ის მძიმე საკითხი, რომელზეც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ისტებლიშმენტს არასოდეს ჰქონია პასუხი. როდესაც თავის დროზე (ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული) უშიშროების საბჭოს აპარატში ვმუშაობდი, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით და ელემენტარულად, რა უნდა ვქნათ? ამაზე პასუხი არ არსებობდა. ვვარდებოდით ძალიან მძიმე სიტუაციაში. გადავრჩით: წელს როდესაც განახლდა საბრძოლო მოქმედებები, გასაგები იყო, რომ ჩვენ მსგავსი რისკი აღარ გვედგა – რუსეთი გადართულია უკრაინაში, აშკარაა, რომ მიატოვა სომხეთი და არ ჩაერეოდა არანაირად და ეს ამბავი დასრულდა, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ უკეთ, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. მსხვერპლი და ომი რეგიონში ცხადია, ცუდია, მაგრამ აზერბაიჯანი არ წავიდა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ ყარაბაღზე გაჩერდება“.
არ მოუგია რუსეთს
რაც შეეხება რუსეთს, შარაშენიძის ხედვით, „აშკარად ვერ მოიგო“, რადგან საბოლო ჯამში, ფაქტია, რომ „თავისი მოკავშირე მიაგდო“. რუსული პროპაგანდა და რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ, ყარაბაღის ბოლო პერიოდის მოვლენები სომხეთის და უშუალოდ პრემიერ–მინისტრ ფაშინიანის პოლიტიკას გადააბრალოს, მაგრამ რეალურად, „ზურგის შექცევის“ მკაფიო მაგალითები 2020 წლიდან გამოჩნდა – ყარაბაღის მეორე ომის დროს, ფაშინიანმა კი კრიტიკული პოზიციონირება და „სტრატეგიული პარტნიორისთვის“ ვალდებულებების ღიად შეხსენება დაიწყო 2022 წლიდან – მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიები დაბომბა, ერევანი კი მარტოდ დატოვეს „მოკავშირეებმა“.
შარაშენიძის ხედვით, 2020 წელს რუსეთს არ ეგონა, რომ ასე „შორს წავიდოდა“ აზერბაიჯანი და შემდეგ შედეგები მოიმკეს – მოუწიათ ფაქტით წინაშე აღმოჩენა.
„მაშინ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა:
მაგრამ აზერბაიჯანი იმდენად სწრაფად წავიდა წინ, რომ მათი შეჩერება აღარ იყო მარტივი (ჩაერთო თურქეთის ფაქტორიც) და გააჩერეს, როდესაც სტეფანაკერტს მიუახლოვდა. შემდეგ უკრაინის ომი დაიწყო, უკვე რუსეთის პოზიციებიც შეიცვალა და აზერბაიჯანმა ძალიან კარგად გამოიყენა ყველაფერი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი ტერიტორიული პრობლემები აქვს, მარჯვე მომენტისთვის უნდა ემზადებოდეს. აზერბაიჯანი კი ამ მომენტს ძალიან კარგად მომზადებული დახვდა. ცხადია აზერბაიჯანის "ლობმაც" სერიოზულად იმუშავა – ძალიან დიდი ფული დახარჯეს მოსკოვში (სახელმწიფო სათათბიროში, პრესაში ) და როგორც შედეგებით ვხედავთ, ეფექტურადაც“.
მაგრამ რუსეთს, შარაშენიძის ხედვით, თავისი სამხედრო ბაზებით ჯერ კიდევ აქვს „მონოპოლია რეგიონში“: „ეს არის ერთადერთი გარე სახელმწიფო, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბაზები და ამ კუთხით მონოპოლია დღემდე აქვს. არ მგონია, თურქეთმა გახსნას ბაზები აზერბაიჯანში (არ სჭირდება, მისი მოკავშირეა) და ეს ექსკლუზიური გავლენა მაინც რჩება ჯერ–ჯერობით“. შესაბამისად, მისი ხედვით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ფაშინიანის ბედი და როგორ დასრულდება უკრაინის ომი, რაც ასევე გავლენას იქონიებს რეგიონზე.