სოხუმი, ცხინვალი: ყარაბაღის გაკვეთილები

28-09-2023 15:36:31 კონფლიქტები

2023 წლის 19 სექტემბერს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: აზერბაიჯანის ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობა კაპიტულაციას დასთანხმდა.

შეგახსენებთ კონფლიქტის პრედისტორიას: 1988 წლის 20 თებერვალს აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში მყოფი, უმთავრესად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭომ სსრკ-ის ხელმძღვანელობას, სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს მთიანი ყარაბაღის სომხეთისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამას ერევანში, ბაქოსა და სტეპანაკერტში მასობრივი საპროტესტო აქციები, ასევე სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობის ურთიერთდარბევები მოჰყვა. 1994 წლისთვის მთიანმა ყარაბაღმა სომხეთთან ერთად ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწია და დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა, განახორციელა რა დამატებით აზერბაიჯანის კიდევ 7 შიდა რაიონის ოკუპაცია.

რას გვასწავლის ყარაბაღის გაკვეთილი? უპირველესად, მუდმივი არაფერია და დასრულებულად ვერც ერთი მოუწესრიგებელი კონფლიქტი ვერ ჩაითვლება, თუნდაც რომელიმე მხარის პოზიცია გარკვეულ ეტაპზე ურყევად და აბსოლუტურად მომგებიანად გამოიყურებოდეს, სანამ მხარეები ურთიერთმისაღებ კომპრომისამდე არ მივლენ.

მეორე: ყარაბაღის შედეგები აიძულებს მოკავშირეებსა და სატელიტებს, გადახედონ რუსეთის, როგორც გარანტის სანდოობას. ყარაბაღის კონფლიქტში ხომ რუსეთი სომხეთისა და სტეპანაკერტის მფარველად მოიაზრებოდა, აზერბაიჯანისთვის კი ანალოგიურ როლში თურქეთი წარმოჩინდებოდა. სახეზეა რეგიონში მსხვილი გეოპოლიტიკური ძვრა, რომელიც თურქეთისა და აზერბაიჯანის მომძლავრების ფონზე რუსეთის გავლენის შემცირებას მოასწავებს.

მესამე: ყარაბაღის მაგალითმა გვიჩვენა, რომ სეპარატისტულ კონფლიქტებს გააჩნია ძალისმიერი გადაწყვეტა.

მეოთხე: ყარაბაღი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვან სამხედრო, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ-მორალურ პრეცედენტად იქცა იმისა, რომ სახელმწიფომ საკუთარ მიწებზე კონტროლის 30-ზე მეტწლიანი დაკარგულობის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო.

მაგრამ მთავარი გაკვეთილი მდგომარეობს შემდეგში: თუ რომელიმე მხარემ გაცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია (მაგალითად, ვერ მოიპოვა ფართო კონსენსუსური საერთაშორისო აღიარება და უსაფრთხოების მრავალმხრივი გარანტიები), მან გარკვეულ ეტაპზე არსებული უპირატესობა დროულად უნდა დააკონვერტიროს რეალისტურ მომავალში – ანუ, მსოფლიოს კონსტრუქციულობა, ოპონენტებთან მოლაპარაკების სურვილი უჩვენოს, მით უფრო, როცა ძლიერის პოზიციაში იმყოფება. ყარაბაღის შემთხვევაში საბედისწერო შეცდომად იქცა ერევნისა და სტეპანაკერტის მიერ შესაძლებლობათა იმ დროის დაკარგვა, როცა ბაქო ათწლეულობით ითხოვდა ყარაბაღს მიღმა ოკუპირებული 7 რაიონიდან თუნდაც ნაწილის დაბრუნებას, რათა მხარეებს ნდობის აღდგენის პროცესი და რეალური მოლაპარაკებები დაეწყოთ. ვერასოდეს გავიგებთ, შეძლებდნენ თუ არა მხარეები ყარაბაღის საკითხში კომპრომისის მიღწევას ურთიერთდათმობების საფუძველზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ერევნისა და სტეპანაკერტის მხრიდან ამ დისკურსში რეალური ძალისხმევა არ გვინახავს. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, რომ სტეპანაკერტი თავის უსაფრთხოებას რუსეთს უკავშირებდა და სტატუს-კვოს გრძელვადიან შენარჩუნებას იმედოვნებდა, დარწმუნებული იყო რა, რომ დიადი რუსეთი ყარაბაღს არასოდეს დათმობდა.

ყველაფერი ერთიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2020 წელს 44-დღიანი ომის შედეგად ბაქომ ოკუპირებული ტერიტორიის ¾-ზე კონტროლი აღიდგინა. უკვე მაშინ გახდა ნათელი, რომ ამ პროცესს ვერც სომხეთი შეაჩერებდა, ვერც რუსეთი, თუმცა აზერბაიჯანის პოზიცია აღარ ითვალისწინებდა საგნობრივ მოლაპარაკებებს და ფაქტორივად, უპირობო კაპიტულაციის შესაძებ ულტიმატუმით შემოიფარგლებოდა.

და აი, 35 წლის შემდეგ სტეპანაკერტი იძულებული გახდა, თეთრი ბაირაღი გადმოეფინა. ამგვარად, პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი უძველესი კონფლიქტი ერთ-ერთი მხარის სრული გამარჯვებით დასრულდა, ყარაბაღმა კი აზებაიჯანში ავტონომიური სტატუსი საბოლოოდ დაკარგა და მთლიანობაში, ყარაბაღში სომხური უმრავლესობის მომავალი საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება.

მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა ქვეყნის მთლიანობა როგორც გლობალურ მასშტაბში, ისე რეგიონში რუსეთის ზოგადი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური დასუსტების კონტექსტში აღიდგინა და ეს პროცესი მოსკოვის მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მხოლოდ დაჩქარდება.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, „ყარაბაღიზაციის“ №1 კანდიდატი დნესტრისპირეთია: რუსეთმა, ისევე, როგორც ყარაბაღის შემთხვევაში, უკრაინის გავლით მოლდოვისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრა ვერ შეძლო, რაც უკვე უახლოეს მომავალში ტირასპოლს გაცილებით უფრო დამთმობს გახდის. ამდენად, მოლდოვაში სრულიად მიღწევადია რეინტეგრაციის მშვიდობიანი სცენარი. განსხვავებით საქართველოს რუსეთის მიერ ოუპირებული ტერიტორიებისგან - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ესაზღვრება და შესაბამისად, მარტივად აგრძელებს კონფლიქტების ცეცხლის გაღვივებას თბილისისადმი უნდობლობისა და მტრობის მაღალი გრადუსის შენარჩუნებაზე ზრუნვით. თუმცა მზარდი დაღმასვლისა და ყოველმხრივი დეგრადაციის პირობებში სოხუმისა და ცხინვალის მიმართ კრემლის პოლიტიკა შეიძლება, მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალოს, ან სულაც არაპროგნოზირებადი გახდეს.

მართალია, მსგავსი პერსპექტივა ჯერ არ გამოკვეთილა, მაგრამ სოხუმსა და ცხინვალს ჰმართებთ, სათანადოდ შეაფასონ ყარაბაღის პრეცედენტი, მათ შორის სტეპანაკერტის მიერ მისთვის მისაღები პირობებით ბაქოსთან მოლაპარაკების შესაძლებლობის ხელიდან გაშვების სავალალო შედეგები. მათ, სულ მცირე, ჰმართებთ, კარგად დაფიქრდნენ თბილისთან რეალური დიალოგის დაწყებაზე და სწორედ დღეს, როცა რუსეთს უკრაინის ომის გამო ხელ-ფეხი აქვს შეკრული, მსოფლიოს გარკვეული დამოუკიდებლობა, კონსტრუქციულობა, მოლაპარაკების უნარი უჩვენონ, იმის ნაცვლად, რომ გააგრძელონ პოზიციონირება ბრმა იარაღად რუსეთის ხელში საქართველოს დასასჯელად. ესოდენ კომფორტული სასტარტო პოზიცია სეპარატისტებს არასოდეს ჰქონიათ და მაღალი ალბათობით, აღარც მომავალში ექნებათ. ახლა ხომ რუსეთის საბაზისო შესაძლებლობები და საერთაშორისო გავლენა სწრაფ დაღმასვლას განიცდის და როცა მისი პოტენციალი მინიმალურ ზღვარს მიუახლოვდება, მოსკოვისა და მისი მარიონეტების აზრი აღარავის დააინტერსებს.

რა თქმა უნდა, კრემლი ჯერ იმდენად არ დასუსტებულა, რომ სეპარატისტებს ფსკერისკენ მიმავალი გემიდან ჩახტომისა და თბილისთან პოლიტიკური დღის წესრიგის განხილვის ნება დართოს, მაგრამ შექმნილ კონფიგურაციაში თუნდაც ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის დაწყება სრულიად შესაძლებელია. ამაზე უარის თქმის ფორმალური და ყალბი საბაბი - აქაოდა, საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება არ გაგვაჩნიაო, გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგან საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცალმხრივად აიღო ვალდებულება, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალა არ გამოიყენოს და ამ დრომდე რეგულარულად ადასტურებს სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრის კურსისადმი ერთგულებას.

მათ კი, ვინც ყარაბაღის შეცდომების გამეორებას აპირებს, უნდა ახსოვდეთ, რაოდენ სავალალო შედეგი მოაქვს რუსეთისადმი ბრმა რწმენას, მოსკოვისთვის აბსოლუტური კონტროლის დელეგირებასა და კონსტრუქციულობაზე სუიციდალური სიჯიუტით უარის თქმას.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები