
საქართველო-ნატო, ლონდონის სამიტი, შედეგები და პერსპექტივები
09/12/2019 14:32:56 თვალსაზრისი, ანალიზი
ტერორიზმი, არაკონტროლირებადი მიგრაცია, კიბერ- და ჰიბრიდული საფრთხეები, რუსეთის აგრესიული მოქმედება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევებია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ლონდონში გამართულ ორდღიან საიუბილეო სამიტზე. შემაჯამებელ დეკლარაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ალიანსი ეცდება, დაიცვას საკუთარი მოკავშირეების უსაფრთხოება და განაგრძოს ღია კარის პოლიტიკა.
ოფიციალური თბილისი ამ დეკლარირებულ პრინციპებს მიესალმა. თუმცა საექსპერტო საზოგადოების ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში საქართველო ცალკე ნახსენები არ არის.
“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამ გარემოებას «ქვეყნის მთავრობის მხრიდან ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ყოველგვარი ინიციატივების არარსებობის პირობებში» კანონზომიერად მიიჩნევს:
«იმისათვის, რომ პროცესი წინ მიიწევდეს და ვითარდებოდეს, აუცილებელია ალიანსში გაწევრიანების მსურველი მხარის აქტიურობა, ახალი გზების ძიება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ “Heritage Foundaton”-ის წარმომადგენელმა ლუკ კოფიმ ძალზე საინტერესო იდეა გააჟღერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ალიანსის წესდების მე-5 მუხლის არგამოყენების შესახებ საქართველოს ნატო-ში სრულუფლებიანი მიღებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პირობით. იგივე იდეა, რომელიც საქართველოსთვის მშვენიერ შესაძლებლობად შეიძლებოდა, ქცეულიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გაიმეორა. თუმცა ჩვენს მთავრობას შეეშინდა, რომ ეს რუსეთს გააღიზიანებდა, ითხოვა სასწრაფო კონსულტაციები ლავროვთან [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] და შეეცადა, დაემშვიდებინა მოსკოვი, რომ არაფერი ხდება. გაჟღერებულ წინადადებაზე მსგავსი რეაქციის შემდეგ ნატო-ს მხრიდან ალიანსის დეკლარაციებსა და სხვა დოკუმენტებში საქართველოს განსაკუთრებულად მოხსენიებებს არ უნდა ველოდოთ. და ეს – მაშინ, როცა იმ კონტრიბუციიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ალიანსის საქმიანობაში ახორციელებს, თბილისს უფლება აქვს, არათუ ითხოვოს, მოითხოვოს კიდეც ნატო-სგან მის მიმართ სათანადო დამოკიდებულება».
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელ დავით ბრაგვაძის დაკვირვებით კი, მართალია, ლონდონის საიუბილეო სამიტის მსვლელობაცა და საბოლოო დეკლარაციის შინაარსიც მოკლებული იყო კონკრეტიკას, რომელსაც წინა სამიტებზე ვხედავდით და ვერც საქართველო, ვერც უკრაინა საბოლოო დეკლარაციის ტექსტში ვერ მოხვდნენ, ალიანსის გზავნილი, რომ ის მოკავშირეებს დაიცავს, მაინც მნიშველოვანია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იქნა ნახსენები საქართველო ცალკე რუსული აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში, ბრაგვაძის აზრით, ამას შესაძლოა, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს:
„თავიდანვე ითქვა, რომ ლონდონის სამიტზე არაწევრი ქვეყნები არ იქნებოდნენ წარმოდგენილები, თუმცა საქართველო მაინც იყო წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით, განსხვავებით წინა სამიტებისგან, რომელზეც ქვეყანას პრეზიდენტი წარმოადგენდა. ეს კიდევ ერთხელ შეიძლება, მიანიშნებდეს, რომ სამიტი წელს უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მნიშნელოვანი ახალი მესიჯების გაჟღრებისთვის მზაობა არ იყო. პრინციპში, ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგან არც საქართველოს, არც უკრაინის შემთხვევაში ალიანსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ გვქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ ალიანსის წინაშე დგას მნიშვნელოვანი პრობლემები: ანკარასთან, რომელსაც ნატო-ს სიდიდით მეორე არმია ჰყავს, მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა; საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტმა სამიტის წინ განაცხადა, რომ "ნატო-ს ტვინი კვდომას განიცდის"; შეერთებული შტატებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პრინციპულ საკითხად იქცა დაფინანსების თემა - ის, რომ ალიანსის ყველა წევრმა დროულად მოახდინოს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის გამოყოფა (რასთან დაკავშირებითაც ლონდონში შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად მოხერხდა); ალიანსის გაფართოების მიმართ გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სკეპტიციზმი, რომელიც კვლავ ძალაშია, თუმცა სკოპიესა და ათენს შორის წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარების შემდეგ ნატო-ს მიეცა საშუალება, უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ მაკედონია თავის რიგებში მიიღოს, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მის ღია კარის პოლიტიკას. ასეთ რეალობაში, ცხადია, საქართველომ ბუნებრივად გადაინაცვლა მეორე პლანზე და ლონდონის სამიტისგან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ ყოფილა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგი სამიტებისთვის უფრო ამბიციური მიზნები არ უნდა გქვონდეს“.
მისივე თქმით, ასეთ რთულ მოცემულობაში საქართველოს ამოცანაა, გააგრძელოს მცდელობა ნატო-სთან მეტი დაახლოებისთვის და მის სტანდარტებთან თავსებადობის მისაღწევად.
„ასევე ჩნდება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, გაძლიერდეს ორმხრივი თანამშომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- დასძენს ბრაგვაძე.
ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ლონდონის სამიტისგან მაღალი მოლოდინი არ ჰქონდა არც ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს:
"ამ მომენტისთვის ნატო-ს თავად აქვს შიდა პრობლემები და ეს კარგად გამოჩნდა სამიტამდეც და მისი მიმდინარეობის დროსაც. საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემა მივიწყებული არ არის და ამის თაობაზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება. მაგრამ, ბუნებრივია, ამ ორი ქვეყნის საკითხი ამ ეტაპზე არ არის მთავარი განსახილველი თემა. როგორც ჩანს, საქართველოს და უკრაინას ჯერ კიდევ მოუწევთ ლოდინი და პარალელურად იმის მტკიცება, რომ იმსახურებენ ნატო-ში წევრობას. ჩვენ ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, რომ როდესაც ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, მალევე ვისარგებლოთ მისით. ასეთივე გზა გაიარეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც ჩვენი ყველაზე დიდი ლობისტები არიან დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება, მალე გავწევრიანდეთ და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, უბრალოდ ამის დრო ჯერ არ დამდგარა".
ამასთან, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსთა შეფასებით, ქართველი დიპლომატების საქმეს უპირველესად ამერიკელი სენატორები აკეთებენ. მიმდინარე კვირას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი გეგმავს, მიიღოს კანონპროექტი «რუსული აგრესიისგან ამერიკული უსაფრთხოების დაცვის თაობაზე», რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. ინიციატივა, კერძოდ, გულისხმობს სპეციალური ფონდის შექმნას რუსული გავლენისთვის წინაამდეგობის გასაწევად. მისი მოცულობა 2020-2021 ფინანსური წლისთვის 250 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფონდის შექმნა «აუცილებელია, რათა პასუხი გაეცეს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის შეჭრითა და მათი ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ოკუპაციას».
ამასთან, რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკლ მაკკოლის აზრით, რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, G7-ის ფორმატს დაუბრუნდეს, სანამ საქართველოს და უკრაინის ოკუპაცია არ შეწყდება.
როგორც ამასთან დაკავშირებით ბათუ ქუთელია აღნიშნავს, საქართველოსთვის დადებითია თავად ის ფაქტი, რომ დასავლეთმა და უპირველესად ნატო-ს საკვანძო სახელმწიფოებმა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყეს რუსეთის განხილვა მსოფლიო წესრიგისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ:
«2008 წლის შემდეგ პირველად მხოლოდ ვარშავის 2016 წლის სამიტზე დაფიქსირდა, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ მტერია. მასთან დიალოგი – ეს სხვა საკითხია, მაგრამ სტატუსის ცვლილებამ შეცვალა მთელი სამხედრო-პოლიტიკური პროცესიც: იგი რუსეთის შეკავებაზე გადაამისამართეს, რაც მანამდე არ ყოფილა. და აი, 2016 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა, ნატო-ს დღის წესრიგში დავაყენოთ საკითხები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ გვეხება. ჩვენი უსაფრთხოების საკითხები ხომ პირდაპირ კავშირშია ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებასთან. და ამ კონტექსტში წევრობის შესახებ დაპირებების გამეორება, რომლებიც ლონდონის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში აისახა, ძალზე მნიშვნელოვანია. სადღეისოდ ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რა როლის შეთავაზება შეუძლია საქართველოს თავისი თავისთვის რუსეთის შეკავების ამ ახალ ევროპულ არქიტექტურაში. და აი, აქ, სამწუხაროდ, ძალზე სიმპტომატურია ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ ბენ ჰოჯესის ამასწინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ იგი საქართველოს მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმს ვეღარ ხედავს. ეს ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემაა და დიაგნოზი იმისა, რატომ არ საუბრობენ საქართველოზე».
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021