ნუ ებოდიშებით ამ ყმაწვილს, ის არ არის თქვენი უფროსი! – ბესელია სასამართლო პროცესს აფასებს

04-10-2023 17:33:29 პოლიტიკა ,კომენტარი

დღევანდელმა დღემ გვაჩვენა აბსოლუტური უპასუხისმგებლობა პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან: არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი შეხვედრებზე გასცდა სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებს, თავისი მოქმედებით რაიმე ზიანი მიაყენა ქვეყანას, საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით რაიმე კორექტივები შეიტანა, დააზიანა,– ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას იურისტი ეკა ბესელია.

„იმპიჩმენტი წამოიწყეს მხოლოდ იმიტომ, რომ (და ეს აღიარა კობახიძემ), არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც აკრიტიკებს და აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით და არა გარეთ. ჩვენს დღეს მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება: კობახიძემ თქვა, „იმიტომ არ დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა ადრე, რომ მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთო“. ამაშია საქმე! რატომ დღეს და რატომ ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ტესტს გადის, რომ მიიღოს სტატუსი?!“,– მიუთითებს ბესელია.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა არაერთგზის შესთავაზა მმართველ გუნს, მასთან ერთად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი ქვეყნის საგარეო კურსის მხარდამჭერ შეხვედრებზე, თუმცა უარი მიიღო.

„ამაზე რატომ არ ლაპარაკობს [კობახიძე]? და საერთოდ, უარს რატომ ეუბნებოდნენ? სხვათა შორის, სულ ველოდები, რომ რომელიმე მოსამართლემ დასვას ეს კითხვა. ბატონებო და ქალბატონებო, დასვით ეს კითხვა, კობახიძე არ არის თქვენი უფროსი და ნუ შესციცინებს ზოგიერთი თვალებში! ეს ძალიან უხერხული იყო. ძალიან დიდი ხნის საადვოკატო გამოცდილება მაქვს და როგორც ჩანს, სხვაგვარად ვგრძნობ...კითხვას რომ სვამ მოსამართლე, არ უნდა გეტყობოდეს, რომ გერიდება ამ კითხვის დასმა! ეს ყველას არ ეხება, მაგრამ იქ ბევრ მოსამართლეს ვიცნობ – თავის დროზე მერაბ ტურავას ადვოკატი ვიყავი, როდესაც დევნიდნენ. მინდა, დავინახო, რომ ეს მოსამართლეები არიან თავისუფალნი, რადგან ქვეყნის ბედს ეხება საქმე. რამდენიმე საინტერესო კითხვა დასვა რამდენიმე მოსამართლემ. ნუ ებოდიშებით ამ ყმაწვილს, რომელიც ქვეყანას ანგრევს, მომავალს ხელიდან გვართმებს და არ მივცემთ ამის უფლებას!“,– მიმართა მოსამართლეებს ბესელიამ.

მან მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა:

„მან სასამართლოს მიმართა, „თუ არ დააკმაყოფილებთ ჩვენს წარდგინებას, ამით კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს შეუქმნითო“. ეს იყო პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე. ეს უტვინო და უშონაარსო ფარატინა ფურცლები წარმოადგინა სასამართლოში და ამაზე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნა დაწეროს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ერთადერთი დარჩა ხელისუფლებიდან, რომელსაც ევროკავშირი უყურებს როგორც ხალხის ხმას და მხოლოდ მას ხედავენ ამ პროცესში, რომელიც მყარად დგას ევროპულ გზაზე. ამ პრეზიდენტზე ამბობს, „იმიტომ არ არის პრეზიდენტობის ღირსი, რომ ჩვენი სიტყვებით არ საუბრობსო, თუ ამას არ გააკეთებთ, კონსტიტუციური წესრიგი არ გვექნებაო“, გესმით, რა დონეზა დასული ამათი აზროვნება?! რას ლაპარაკობს! დღეს, როგორც იურისტი, შოკირებული ვარ!“.

მან თქვა, რომ კობახიძისგან არაფერი აკვირვებს, მაგრამ სურს, სასამართლომ მიუჩინოს მას ადგილი:

„ნუ ჩანს ბოდიშები კითხვაში! სასამართლომ იკითხოს, რატომ ეუბნებიან პრეზიდენტს უარს ვიზიტებზე?! მტკიცების ტვირთი მთავრობაზეა. [...] სასამართლოს დღეს აქვს უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო საკონსტიტუციო "მუხრუჭის" ფუქნცია, რომ ეს სიგიჟის სღვარზე და სირცხვილის გზაზე დამდგარი პროცესი მოატრიალოს, ამ ყმაწვილებს, იქ რომ ჩამწკრივებულან უთავმოყვარეოდ, უთხრას, „დაოკდით და ეს მიტაცებული ძალაუფლება მშვიდობიანად მიიტანეთ არჩევნებამდე!“.

ის ახსენებს მოსამართლეებს, რომ სამოსამართლეო ვადა ეწურებათ და შემდეგ ამავე ქვეყანაში უნდა განაგრძონ ცხოვრება.

მეორე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებას იხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები