11-10-2023 03:35:46 კონფლიქტები
"ქართული ოცნების" მითი მოსკოვის მიმართ "სტრატეგიული თმენის" პოლიტიკის ვითომდა შედეგიანობის თაობაზე სანთელივით დნება. მასთან ერთად ცამტვერდება საქართველოში კრემლის რეალური მიზნების რეალიზების ხელშემწყობი ის სიცრუეც, თითქოს მოსკოვის მიმართ ლოიალობის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწებს დაგვიბრუნებს. ამ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ნარატივს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ყაიდის პრორუსული ძალები ბოლო დროს დაუღალავად ავრცელებენ. თუმცა შორს მიმავალი მიზნებით ლუბიანკაზე შეთხზული მითები ერთია, რეალობა კი - სულ სხვა: რუსეთი, საიდანაც ბოლო დროს შესაშური სიხშირით გაისმის საქართველოს მთავრობის ქება "ქართული ოცნების" ხელისუფლების "პრაგმატულობის" გამო, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას უკვე მეორე დარტყმას აყენებს - და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ დასაწყისია.
კერძოდ, სულ ორიოდ დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ გვამცნო, რომ სწორედ ის რუსეთი, რომელსაც საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები, 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მიმართ მორიგი აგრესიის, ორი ქართული რეგიონის ამ დრომდე ოკუპირებულობის, ომისშემდგომი განგრძობადი მცოცავი ოკუპაციის, ბოლო წლებში კი უკვე ღიად ანექსიური ზრახვების გამოაშკარავების მიუხედავად, საქართველოსთვის ლამის "მოყვარედ" ასაღებენ, ანაკლიიდან სულ ორმოციოდე კმ-ში - ოჩამჩირეში თავისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს.
"ოცნებამ" - ისეთი რა ხდებაო? ჯერ გასარკვევია, რაშია რეალურად საქმე, რადგან ბჟანიას სასურველის რეალობად გასაღება სჩვევიაო... საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებული საპროტესტო რეზოლუციის მიღებაც კი არ ჩათვალეს მიზანშეწონილად - ისევ და ისევ იმ "პრაგმატული" პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც, სხვათა შორის, ბოლო დღეებში მოსკოველი "ბოსების" კვალდაკვალ ბჟანიაც უქებდათ - სწორედ ის ბჟანია, რომელსაც, "ოცნების" შეფასებით, სასურველის რეალობად გასაღება სჩვევია...
ამ ამბიდან ორიოდ დღეში კი ვიღებთ ახალ დარტყმას: მოსკოვი აფხაზეთს არათუ არ გვიბრუნებს, პუტინის "საკავშირო სახელმწიფოში" აწევრიანებს!
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, კრემლის ახალგაზრდა შეგირდი ინალ არძინბა 10 ოქტომბერს პუტინის იმპერიალისტური პროექტის - ე.წ. "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს" სახელმწიფო მდივან მეზენცევს შეხვდა, "რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე საკავშირო პროგრამების რეალიზების გამოცდილებას" გაეცნო, მოგვიანებით კი რუსულ ტელეგადაცემა "Большая игра"-ში ოფიციალურად დააფიქსირა "აფხაზეთის რესპუბლიკის განზრახვა", რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს.
"ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს, რომლის დროსაც სახელმწიფოთაშორის გაერთიანებებში პატივს სცემენ წევრი ქვეყნების თვითმყოფადობასა და კულტურულ კოდს. ამიტომაც გვსურს, ერთად ვიყოთ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის რესპუბლიკასთან" - განაცხადა არძინბამ.
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია კი მოსკოვმა საბოლოოდ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ "დაარწმუნა" აუცილებლობაში, აფხაზეთმა რუსეთს "სუვერენიტეტი უწილადოს". დღეს აფხაზი ლიდერი გამალებით იმეორებს, რომ ეს "აფხაზი ხალხის ნებაა" და "აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება".
რამდენადაა პუტინის ახალ იმპერიალისტურ წარმონაქმნში გაწევრიანება "აფხაზეთის განზრახვა" და რამდენად ასახავს ეს აფხაზეთის მოსახლეობის ნებას - ვიცით ყველამ, ვინც ზედაპირულად მაინც ვფლობთ ინფორმაციას ბოლო დროს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და ანტირუსული განწყობების რეკორდულად ზრდის შესახებ. მაგრამ როდის იყო, კრემლელ იმპერიალისტებს მისატაცებელი ტერიტორიების მცხოვრებთა აზრი აინტერესებდათ?!
ისე, "სხვათა შორის", იმ "საკავშირო სახელმწიფოში" რუსეთი ჩვენი ქვეყნის არა მარტო ორ ოკუპირებულ რეგიონს მოიაზრებს, რომელთა "დამოუკიდებლობა" საქართველოს მიმართ 2008 წლის აგრესიის შემდეგ მალევე აღიარა, არამედ მთელს დანარჩენ საქართველოსაც.
თუ ვინმე ამმხრივ საქმის კურსში ჯერაც არაა, მინდა, გავახსენო თუნდაც სოხუმისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ ბრძანებულების ხელმომწერი ყოფილი პრზიდენტის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, საყოველთაოდ ცნობილი ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ "კრემლის ახალი რუპორის" როლის შემსრულებელი დიმიტრო მედვედევის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება - "საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ რუსეთის ახალი იმპერიის შემადგენლობაში შეიძლება, გაერთიანდესო!"....
ამავე კონტექსტში შეგახსენებთ ასევე ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის - იმ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომლის ქვეყანა ჯერ-ჯერობით ერთადერთია, ვინც რუსეთთან ერთად პუტინის ახალ იმპერიას - "საკავშირო სახელმწიფოს" ქმნის: აფხაზ ლიდერ ასლან ბჟანიასთან ბოლო შეხვედრისას იგი გამოვიდა ინიციატივით, "ბელარუსი, საქართველო და აფხაზეთი რამენაირად შეიკრან და შეკოწიწდნენ"... სად "შეკოწიწდნენ" - ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, თუმცა ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
შეუძლებელია, "ქართულ ოცნებას" ყველა ზემოაღნიშნული განცხადება გამოჰპარვოდა. შეუძლებელია, მმართველმა ძალამ არაფერი იცოდეს იმ ანექსიური ნაბიჯების შესახებ, რომელსაც რუსეთი ბოლო წლებში აქტიურად დგამს აფხაზეთში. ძნელი წარმოსადგენია, "ოცნებას" არაფერი წაეკითხოს ან სმენოდეს მოსკოვიდან სოხუმში გაგზავნილი "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით კანონმდებლობათ ჰარმონიზაციის" იმ 45-პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომლის რეალიზებას რუსეთი აფხაზეთს უკვე ორ წელზე მეტია, ყველა შესაძლო გზითა და ხერხით აიძულებს. შეუძლებელია, ბჟანიას მმართველობის საწყისი თვეების განმავლობაში "ოცნების" ყურამდე არც ერთხელ არ მისულიყო აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლებისა და აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა ფენების, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლების მკაფიო მესიჯები თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სხვადასხვა დონეებზე დიალოგის დაწყების სურვილის შესახებ - და ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე, აფხაზეთის ახალ "საგარეო-პოლიტიკურ დოქტრინაშიც" კი იყო ასახული, სანამ თბილისის სრული საპასუხო დუმილის ფონზე მოსკოვმა სოხუმს თითი არ დაუქნია...
დიახ, ვინმესთვის შესაძლოა, ჯერაც ძნელი წარმოსადგენი იყოს, მაგრამ არაფერ ამას თბილისიდან რეაგირება არ მოჰყოლია! ჩვენ ხომ "პრაგმატულ" პოლიტიკას ვეწევით, მოსკოვს "არ ვაღიზიანებთ", აგრესორს "სტრატეგიულად ვუთმენთ", შედეგად კი "მშვიდობა გვაქვს უზრუნველყოფილი" და "დღეს თუ არა, ხვალ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დაგვიბრუნებს"...
კი, კი, "მშვიდობა" გვაქვს არნახული! და ტერიტორიებსაც აუცილებლად "დაგვიბრუნებენ" - დღეს თუ არა, ხვალ მაინც... მოვლენები ხომ სწორედ ამაზე მეტყველებს?!
თუ ვინმეს კითხვა უჩნდება, როგორ შეიძლება, გაწევრიანდეს პუტინის ახალ იმპერიულ პროექტში აფხაზეთი, რომლის "დამოუკიდებლობა" ამ პროექტის ორიდან ერთ მონაწილეს - ლუკაშენკოს ამ დრომდე არ უღიარებია, ამ კითხვას ზემოთ ხსენებულმა ინალ არძინბამ იქვე უპასუხა: "ამჟამად აფხაზეთის ხელისუფლება აქტიურად ვსწავლობთ მოსკოვისა და მინსკის ურთიერთქმედების გამოცდილებას. მართალია, სადღეისოდ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნების რიცხვში არ შედის, თუმცა სწორედ ახლა აქტიურად იქმნება საამისოდ ფუნდამენტი. ჩვენი რესპუბლიკა მოსკოვის ყოველმხრივი აქტიური მხარდაჭერით მუშაობს ბელარუსთან ჩვენი ურთიერთქმედების პრინციპების ფორმულირებაზე. უკვე ამოქმედდა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტები, ბელარუსში - აფხაზური, აფხაზეთში კი ბელარუსული საქონლის მიწოდებების ჩათვლით. გარდა ამისა, მიმდინარეობს ბელარუსიის წარმომადგენლების მიერ ოჩამჩირეში მსხვილი საკურორტო კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხილვა. პარალელურად, ცხადია, აქტიურად მიდის მუშაობა სამომავლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც და უახლოეს ხანებში აფხაზური დელეგაცია ბელარუსში ჩავაო"...
მოკლედ, გადასარევი პერსპექტივები შეგვიქმნა "ოცნების" "პრაგმატულმა" პოლიტიკამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, - რას იტყვით?
რაც შეეხება "უზრუნველყოფილ მშვიდობას", ჩვენს მტერს მისცეს ღმერთმა ასეთი "მშვიდობა", რომლის დროსაც ოკუპანტები მცოცავი ანექსიით საქართველოს სისტემატიურად, ნაკუწ-ნაკუწ აგლეჯენ ახალ-ახალ მიწებს, იტაცებენ და გვიკლავენ თანამოქალაქეებს, ჩვენ კი ვერც ერთ მათგანს ვერ ვსჯით და ვერც აფხაზურ ციხეში უკანონოდ გამოკეტილ ბებუასა და თაკალანძეს ვიხსნით - უბრალოდ ვივიწყებთ მათ გასაჭირს!
რაც მთავარია, რუსეთმა უკვე მკაფიოდ მიგვანიშნა, რა სახის "მადლობის" მიღებას ისურვებდა საქართელოსგან ასეთი "მშვიდობის" სანაცვლოდაც კი: საფასური, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და პუტინის ახალ იმპერიაში "მშვიდობიანად" შესრიალებაა!
აი, ასეთი "მოყვარე" გვყავს, ამხანაგო რუსეთმეებო, თქვენი სათაყვანებელი აგრესორი სახელმწიფოს სახით! და აი, ასეთი ფასის გადახდა უწევს, ადრე თუ გვიან, ყველას რუსეთის "მოყვრობაში", მის მიმართ "სტრატეგიულ თმენასა" და ლოიალობაში - გინდ "პრაგმატული პოლიტიკა" უწოდოთ ამას, გინდ "შაშვი, შაშვი მაყვალი"!
რაც შეეხება საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროპას, რომელიც ძალიან გსურთ, რუსეთისთვის საქართველოში საქმის გასაადვილებლად ჩვენი ქვეყნის "მტრებად" წარმოაჩინოთ, ისევ იმ ინალ არძინბას განცხადებას მოგიყვანთ, იმავე რუსულ ტელეგადაცემაში გაკეთებულს და ვისაც გონი მოეკითხება, თუნდაც ამ მორიგ ნათელ მაგალითზე დაყრდნობით თავად განსაჯოს, როგორი "მტერია" საქართველოსთვის დასავლეთი და როგორი "მოყვარეა" რუსეთი:
"ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს რუსეთში პალესტინის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან, ვეკონტაქტებით რუსეთში პალესტინის ელჩს და შემიძლია, გულახდილად გითხრათ, რომ უკვე ახლა შეგვეძლო, დიპლომატიური ურთერთობები გვქონოდა პალესტინასთან, ეს რომ აშშ-ს არ დაებლოკა... ამჟამად სოხუმი აქტიურად მუშაობს ბელარუსისა და რუსეთის პარტნიორი მთელი რიგი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც, რაც, ვიმედოვნებთ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნების ჯგუფის გაფართოებით დასრულდება".
ასე, რომ, ამხანაგო ყველა სჯულის რუსეთუმეებო, თუკი ოდნავ მაინც შეგტკივათ საქართველოს მომავალზე გული და 3 რუსულ რუბლად ჩვენი დაუძინებელი მტრის ინტერესებს არ ემსახურებით ამ ქვეყანაში, დროა, გაიაზროთ, რომ დიახ, მტრის მიმართ პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოო, ოღონდ ამ პოლიტიკას პრაგმატული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ეწოდოს, თუკი მისი წარმოებისას სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს დღის წესრიგიდან არ აქრობ! ხოლო ის, რასაც თქვენ ეწევით მოსკოვის მიმართ და რისკენაც ქვეყანას უბიძგებთ, არა პრაგმატული, არამედ სწორედაც რომ არაპრაგმატული პოლიტიკაა - თუ გაცილებით უფრო მკვახე ეპითეტებს არ გამოვიყენებ!
არავინ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მაგალითად, საარტილერიო ხაზი მოაწყოს და მისი დაფარვის ზონაში მოაქციოს ოჩამჩირეს პორტი, სადაც რუსეთი მორიგი სამხედრო ბაზის განლაგებას გეგმავს, - ამას ვერც გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს, თუნდაც იმ ორგზის ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მხოლოდ მშვიდობიანი გზების გამოყენებას ითვალისწინებს. მაგრამ სადაა მოსკოვის ამ მორიგი მტრული ნაბიჯების ფონზე თუნდაც ელემენტარული მცდელობა, კონსოლიდირებული დიპლომატიით წნეხი გავზარდოთ რუსეთზე?! - ეს მაინც ხომ სრულიად შესაძლებელია, თუკი ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს დასავლურ დედაქალაქებთან საქართველოს ეროვნული ინტერესისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით?!
თუმცა რაზე ვსაუბრობ, რომელ დასავლურ დედაქალაქებთან მუშაობაზე - რომლებიც "საქართვლოს მტრები" არიან, ჩვენი "მოყვარე" მოსკოვის მოწინააღმდეგეები და რომელთა დაუღალავი ლანძღვაც ისმის ბოლო დროს საქართველოდან?! მათ ხომ საბოლოოდ უნდა ვაქციოთ ზურგი, საბოლოოდ დავუბრუნდეთ "ერთმორწმუნეთა" რუსულ ორბიტას!
სამწუხაროდ, წაკითხულისა და მოსმენილის გააზრებაც კი გვეზარება უკვე ქართველებს - გვირჩევნია, ინდაურივით გადაუმუშავებლად ვყლაპოთ ნებისმიერი ბოდვა, მაგალითად, ლუბიანკაზე შეთხზული ყოველგვარი ანტიდასავლური სიცრუე, თუნდაც ყველაზე მდარე ხარისხის პროპაგანდისტული გზავნილები.... აი, როდესაც დასავლელი პარტნირებისთვის ზურგშექცეულები მარტონი და სრულიად დაუცველნი დავრჩებით "მოყვარე" მოსკოვის პირისპირ, საფიქრალი და გასააზრებელიც თავისთავად გაგვიქრება, რადგან შეგვრჩება ერთადერთი შესაძლებლობა - დამოუკიდებლობაზე უბრძოლველად უარის თქმა და პუტინის პატარა, ბნელ, სრულიად უპერსპექტივო "საკავშირო" იმპერიაში შესვლა, სადაც პარტნიორებად ვაშინგტონის, პარიზისა და ლონდონის ნაცვლად ტერორისტი პუტინი, დიქტატორი ლუკაშენკო და "მოყვარე" პუტინის მიერ ახლა უკვე ანექსირებული აფხაზეთის მარიონეტი მმართველი ბჟანია გვეყოლებიან...