
იქცევა თუ არა ოჩამჩირე რუსეთისთვის სევასტოპოლის აფხაზურ ანალოგად?
15/10/2023 08:12:44 კონფლიქტები
გასულ კვირას გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აფხაზეთში დიდხანს ელოდნენ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მიიღო. სოხუმში ამ შეხვედრის ფაქტს ენთუზიაზმით შეხვდნენ, რადგან ყარაბაღის უკანასკნელი მოვლენების შემდეგ აფხაზეთს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი ღრღნიდა, რამდენად შესაძლებელია, გარკვეულ პირობებში მოსკოვმა ისინიც „გაყიდოს“.
თუ ასლან ბჟანიას განცხადებებს დავეყრდნობით, მოსკოვი დაჰპირდა მას, რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ ამღიარებელი ქვეყნების წრის გასაფართოებლად მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. გარდა ამისა, აფხაზმა ლიდერმა კვლავ ითხოვა „რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანება. და ალბათ, მთავარი: „რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით“ უახლოეს ხანებში რესპუბლიკაში გაჩნდება მორიგი სრულფასოვანი რუსული სამხედრო ბაზა. კერძოდ, გუდაუთაში არსებულ "სახმელეთო ჯარების ბაზასა" და გალში მოქმედ "უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ბაზას" ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი შეემატება. და როგორც ბჟანია გვარწმუნებს, ახალი რუსული ბაზის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჩამჩირეში ბაზა აქამდეც არსებობდა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს არცთუ დიდი ზომის ყოფილი საბჭოთა ბაზა ჯერ კიდევ 2009 წელს გადასცა. ამჟამად იქ სანაპირო დაცვის რამდენიმე რუსული კატარღა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რადიოსალოკაციო გემია განთავსებული. რამდენიმე წლის წინ სამხედროებმა ფსკერი 9 მ-მდე გააღრმავეს, რის შემდეგაც პორტს გაუჩნდა შესაძლებლობა, 10 000-ტონიანი წყალტევადობის რამდენიმე ხომალდი მიიღოს. თუმცა მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზად გადასაქცევად რუსეთს მასშტაბური სამუშაოების ჩატარება მოუწევს როგორც ინფრასტრუქტურის შექნის, ისე ფსკერის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. გარდა ამისა, საჭირო იქნება დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაშლა, ხომალდშემკეთებელი ქარხნის აღდგენა-გაფართოება, სხვა რიგი სამუშაოები. და ეს ყველაფერი - უკრაინასთან განგრძობადი ომის პირობებში, რომელიც რუსეთს უზარმაზარ სამხედრო რესურსებს უნადგურებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ დროისთვის ძნელი სათქმელია, რა დრო დასჭირდება რუსეთს ყველა ამ სამუშაოს შესასრულებლად. თუმცა გამორიცხული არაა, საბოლოო ჯამში, ოჩამჩირეს პორტში მაინც განთავსდნენ აქამდე სევასტოპოლში მდგარი რუსული სარაკეტო ხომალდები. ირიბად ამაზე მიანიშნებს ამასწინათ სოხუმში ხომალდ „ციკლონის“ შესვლაც, რომელიც ამ კონტექსტში ასლან ბჟანიამაც ახსენა.
უკრაინის ომის გარდა, საკითხს სხვა კონტექსტიც აქვს: მსგავსი ობიექტი დამატებითი გამოწვევა იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. პროექტის რეალიზების შემთხვევაში ხომ საოკუპაციო ხაზზე თანამედროვე ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდები აღმოჩნდებიან.
და მაინც, რაში დასჭირდა რუსეთს კიდევ ერთი მუდმივმოქმედი ბაზა აფხაზეთში ახლა, როცა საკუთრივ აფხაზეთს არაფერი ემუქრება, საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე, ამ სამხედრო ობიექტის ჩამოყალიბება კი რეგიონში ვითარებას მხოლოდ დაძაბავდა? ყველაზე მარტივი პასუხი, როგორც იტყვიან, "ზედაპირზე დევს": რუსეთს სასწრაფოდ გაჰყავს სევასტოპოლიდან საკუთარი ფლოტი, რომელსაც უკრაინა, აგვისტოდან მოყოლებული, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს (ჩაძირული ან მწყობრიდანაა გამოყვანილი რამდენიმე ხომალდი, დაიბომბა სამხედრო ფლოტის სევასტოპოლში მდებარე შტაბიც); როგორც დასავლური, ისე რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას გემების ნაწილი ნოვოროსიისკსა და ფეოდოსიაში გადაჰყავს, სადაც ისინი სევასტოპოლთან შედარებით, უფრო დაცულები იქნებიან; მაგრამ რუსეთისთვის უდავოდ არ იქნება ზედმეტი კიდევ ერთი ნავსაყუდელი, სადაც უკრაინელებისგან თავისი ხომალდების გადამალვას შეძლებს, მით უფრო, რომ ახლა მისთვის ყოველ გემს ოქროს ფასი აქვს (თურქეთმა, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, ომში ჩაბმული მხარეების ხომალდებს შავ ზღვაში შესვლა დაუბლოკა, რაც არსობრივად, იმას ნიშნავს, რომ თუ უკრაინას შავი ზღვის ფარგლებს გარეთ სამხედრო-საზღვაო ძალები არასდროს ჰყოლია, რუსეთი დანაკარგებს სხვა ფლოტების ხარჯზე ვერ შეივსებს და ამით მოწინაღმდეგეთა ძალები შავ ზღვაში თანაბრდება).
რაც შეეხება აბსურდულ მტკიცებებს, თითქოს ამ ეტაპზე რუსეთს ოჩამჩირეს ბაზა აფხაზეთის დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდება, ეს ერთადერთ მიზანს - აფხაზური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან სადღეისოდ რუსეთის მთავარი ამოცანა საკუთარი თავის დაცვა და ფლოტის დარჩენილი ნაწილის გადარჩენაა.
რას უქადის ეს აფხაზეთს? თუ ოჩამჩირეს ბაზის ხომალდები უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაებმებიან, კიევს სრული უფლება ექნება, ეს ბაზა ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილოს. აფხაზეთი საერთაშორისო აღქმაში ტერორისტი სახელმწიფოს მარიონეტის სტატუსს გაიმყარებს - აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივი თუ სხვა შედეგით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.
გარდა ამისა, ოჩამჩირეს საზღვაო ბაზას არასამხედრო, წმინდად ჰუმანიტარული განზომილებაც ექნება. ეს ზღვისპირა ქალაქი მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცევა ეკიპაჟების როგორც პირადი, ისე ოფიცერთა შემადგენლობისა და მათი ოჯახების წევრებისთვის. აქ გადმოსახლდებიან აგრეთვე დაჯგუფების შტაბი, ლოჯისტიკური ქვედანაყოფი, ხომალდსარემონტო დოკების ინჟინრები და მუშები, ისინიც - ოჯახებითურთ. შედეგად ოჩამჩირე რუსეთისთვის აფხაზური სევასტოპოლის ანალოგად გადაიქცევა. ამასთან, ყველა ეს ადამიანი უხეში რუსული იმპერიალისტური აზროვნების მატარებელია და ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მათ აფხაზეთის მომავალ სრულუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი აქ სამუდამოდ დარჩებიან და ეს მიწა უკვე არა აფხაზეთი, არამედ რუსეთი იქნება.
რაჟდენ ქაჯაია