
რატომ არ იზდება "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია"
11/12/2019 16:32:56 თვალსაზრისი, ანალიზი
ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სფეროში ამერიკული „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიურ სასანქციო მექანიზმს შექმნის. ამის შესახებ ორგანიზაციის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. მან სასანქციო რეჟიმს „ყოვლისმომცველი“ უწოდა და დასძინა, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახური შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას.
ცნობისთვის: ე.წ. მაგნიტსკის აქტი აშშ–ში 2012 წელს მიიღეს და იგი ყოველწლიურად ფართოვდება. დოკუმენტი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის იზოლატორში ფონდ „Hermitage Capital“–ის იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან. მათ აშშ–ში შესვლა ეკრძალებათ და ფინანსურ სანქციებს ექვემდებარებიან. სადღეისოდ კი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეჰყავთ უკვე მთლიანობაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ან მსგავსი სამართლებრივი აქტები მიიღეს ასევე დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.
სერგეი მაგნიტსკი რუსეთში კორუფციულ სქემებს იკვლევდა. 2009 წელს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით დაკავებული, იგი დაპატიმრებიდან 1 წელიწადში ციხეში გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, თუმცა უფლებადამცველები იზოლატორის ხელმძღვანელობას რეალური მიზეზების დამალვაში ადანაშაულებენ.
როგორ შეიძლება, ეს ეხებოდეს საქართველოს?
ყველას გვახსოვს ალბათ, რომ 2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა «ევროპული საქართველოს» ინიციატივით მიიღო რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ. ეს არის დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და მათ დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. მოგვიანებით, იმავე წლის 12 ივნისს კი უკვე ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, «შავ სიაში» შეიყვანონ პირები, რომლებიც «ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში» შევლენ, ასევე მათ მიმართ ევროკავშირის მასშტაბით სანქციები იქნას შემოღებული.
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ შეადგინა, სულ 33 პირია შეყვანილი, რომელთაგანაც მინიმუმ, სამი - ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, რაულ კორტავა და ოთარ ტურანბა იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ. რეზოლუციის მიღების ინიციატორ „ევროპულ საქართველოში“ მაშინვე აცხადებდნენ, რომ მსგავსი სია არა მარტო „მკვდარი სულების“ გამო, არამედ იმ მხრივაც იმსახურებდა კრიტიკას, რომ მასში არ აღმოჩნდა საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც ან თავად სჩადიოდა დანაშაულს, ან ხელს აფარებდა დამნაშავეებს. გარდა ამისა, სიაში არ ფიგურირებდა ბევრი ის პირი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქართველების მიმართ როგორც ომის დროს, ისე შემდგომ წლებში.
კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ თავდაპირველი ვარიანტი იყო, სია აუცილებლად გაფართოვდებოდა და მასში მოხვდებოდნენ „დანაშაულის არა მარტო უშუალო შემსრულებლები არამედ ისინიც, ვინც მათ ხელი დააფარეს“.
საქართველოს მთავრობაში ასევე აცხადებდნენ, რომ სიაში შეყვანილ პირთა გარდაცვალების თაობაზე ოფიციალური ცნობების მიღების შემდეგ მოხდებოდა მისი ეტაპობრივი კორექტირება.
„ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის“ მიღებიდან დაახლოებით 2 წელი გავიდა. «აქცენტი» დაინტერესდა, რა მოხდა სიის კუთხით ამ საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. და გაირკვა, რომ არც არაფერი!
„ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია“ არ გაფართოებულა, ის იმავე სახითაა, როგორც თავდაპირველად იქნა მიღებული“, – განუცხადეს „აქცენტს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ რაიმე ცვლილების შემთხვევაში საზოგადოება ამის შესახებ სათანადოდ იქნება ინფორმირებული...
...აი, სეპარატისტები კი დროს არ კარგავენ და თავისუფლად დათარეშობენ რუსული პასპორტების გამოყენებით ევროპულ დედაქალაქებში კონტაქტების დასამყარებლად და რუსეთის ხელშეწყობით პროპაგანდისტული მიზნით ათასგვარი «კულტურული ცენტრებისა» თუ სხვა მსგავსი უწყინარი სახელწოდებების ორგანიზაციების გასახსნელად. კერძო პრორუსული განწყობის პირთა ხელშეწყობით ისინი გერმანიაში, ბრიტანეთში, იტალიაში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში მართავენ შეხვედრებს, რომელთაც ხშირად ადგილობრივი მასშტაბის (მაგალითად, რეგიონული ან საქალაქო საკრებულოებისა თუ მერიების) ოფიციალური პირებიც ესწრებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ასეთ შემთხვევებში თითქმის ყოველთვის იდენტურია: ე.წ კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის იდეა კერძო პირებს ეკუთვნით და ადგილობრივ ხელისუფლებებს იქაური კანონმდებლობით, არ გააჩნიათ ბერკეტები, ხელი შეუშალონ მათ ინიციატივებს. მსგავს ღონისძიებებში ადგილობრივ ოფიციალურ პირთა ჩართვას კი ამ პირთა „პრორუსული განწყობებით“ ხსნიან და აცხადებენ, რომ მათ პოზიციას არაფერი აქვს საერთო კონკრეტული ევროპული სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან.
ასეა თუ ისე, დაუსჯელობით შეგულიანებული სეპარატისტები ოკუპანტი რუსეთის ხელშეწყობით სულ უფრო აქტიურად იღწვიან ევროპული დედაქალაქების «ასაღებად». ამის ილუსტრირებისთვის მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული რამდენიმე ღონისძიების ჩამონათვალს გთავაზობთ:
• 2019 წლის 14 მაისს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიის ქალაქ რანდაცოს მუნიციპალიტეტთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
• 2019 წლის 15 ოქტომბერს ავსტრიაში „აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოება“ შეიქმნა
• 2019 წლის 19 ივნისს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო არაკომერციული ასოციაციის Renaissance-Sandidzan (ბელგია) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში – ევროპაში ოსური კულტურის დღეებში მონაწილეობდა.
• 2019 წლის 12 ნოემბერს დიმიტრი მედოევი ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატ გუნარ ლინდერმანის მიწვევით გერმანიას სტუმრობდა.
• 2019 წლის 15 ნოემბერს მედოევი ეტალიაში ჩავიდა და მილანში მეგობრობის ასოციაციის „იტალია–სამხრეთ ოსეთი–ალანია“ დაფუძნების ცერემონიას დაესწრო.
• 2019 წლის 21 ნოემბერს დიმიტრი მედოევი ლატვიელი ევროპარლამენტარის - ტატიანა ჟდანოკას ხელშეწყობით ევროპარლამენტს სტუმრობდა.
• 2019 წლის 9 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში „აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. ორგანიზაციის ცნობით, ამ მიზნით "კონგრესის" წარმომადგენლები აფხაზ-აბაზინელთა დიასპორების წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს ხანებში ჰოლანდიასა და გერმანიაშიც გეგმავენ.
ეს ყველაფერი ალბათ, არ მოხდებოდა და არ მოხდება მომავალში, სეპარატისტთა და ოკუპანტთა პასუხისმგებელი პირები რომ «ოთხოზორია-ტატუნაშვილის» სიაში იყვნენ და საქართველოს ხელისუფლება მათ დასასჯელად უფრო მეტ ძალისხმევას (ნებას) იჩენდეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021