
მედია: პენტაგონი ამზადებს აშშ-ის ჯარებს ისრაელში პოტენციური განლაგებისთვის
17/10/2023 06:53:03 მსოფლიო
"აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალების" 2000 ჯარისკაცი ისრაელის სანაპიროებისკენ მიემართება და პენტაგონი ამზადებს მათ ქვეყანაში პოტენციური განლაგებისთვის, რადგან შეერთებული შტატები მუშაობს, თავიდან აიცილოს ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შემდგომი გაფართოება, – იუწყება CNN პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელებზე დაყრდნობით.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2000 ამერიკელი ჯარისკაცი შეუერთდება აშშ-ის საზღვაო ფლოტს, რომელიც თავს იყრის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის მხარდასაჭერად.
"კვირას ღამით აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება, რომ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი მოემზადებინათ ისრაელში პოტენციური განლაგებისთვის, რათა ამერიკელმა სამხედროებმა სამედიცინო და ტექნიკური დახმარების ამოცანები შეასრულონ", იტყობინება CNN პენტაგონის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით.
- "ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს უფრო ფართო რეგიონალური ომის თავიდან აცილებას. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატები არ გეგმავს ამერიკულების ჩართვას ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომში, რომელიც ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა, ხანგრძლივი და რთული იყოს. მაგრამ დაგეგმვა და აშშ–ის ზომები გახსნის ფანჯარას იმ სახის დახმარებისკენ, რომელის გაწევაც აშშ-ს შეუძლია, მათ შორისაა ლოგისტიკის მართვა ფრონტის ხაზებიდან მოშორებით და სამედიცინო დახმარების შეთავაზება. ეს შეიძლება, განსაკუთრებით ღირებული იყოს, თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს", – იუწყება CNN.
ისრაელსა და "ჰამასსს" შორის ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის არმიამ ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილობა გააძლიერა. კერძოდ, ვაშინგტონმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაგზავნა მეორე ავიამზიდი Dwight D. Eisenhower და ავიაგამანადგურებლების(F-15 და F-16) ესკადრილია.
გასულ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ისრაელში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. ოსტინის განცხადებით, აშშ მიმართავს ყველა ზომას, რათა ისრაელი უზრუნველყოფილი იყოს თავდაცვის საშუალებებით. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა ისრაელს გაუგზავნა საბრძოლო მასალების პირველი პარტიაც.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 16 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1400–მდე გაიზარდა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი.
ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 199 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 16 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 2 808 და დაჭრილია 10 850 ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.