
გადასცემს თუ არა ყარაბაღი ესტაფეტას აფხაზეთს?
17/10/2023 08:10:20 კონფლიქტები
2023 წლის სექტემბერი კავკასიაში ნიშანდობლივი გამოდგა: რეგიონის სამი დე-ფაქტო რესპუბლიკიდან ერთმა - ყარაბაღმა არსებობა შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის სამი ათეული წლის წინ დაკარგული ტერიტორია ძალისმიერი გზით დაიბრუნა, სამხრეთ კავკასიაში ორი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო რჩება - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. საქართველო მათ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, ხოლო რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის გასახარად - „დამოუკიდებელ ქვეყნებად“.
მთელი ეს წლები სოხუმი, ცხინვალი და სტეპანაკერტი ერთმანეთის „დამოუკიდებლობას“ აღიარებდნენ, აფორმებდნენ ერთობლივ დოკუმენტებს, ერთმანეთში ვიზიტებს ახორციელებდნენ, ერთად ზეიმობდნენ საკუთარი „გამარჯვებისა“ და „დამოუკიდებლობის“ წლისთავებს. თუმცა წელს ყარაბაღის დელეგაციამ აფხაზი კოლეგებისთვის მილოცვა ვერ მოახერხა და ამას ვეღარასოდეს შეძლებს, რადგან იმ დროს, როდესაც სოხუმში ტრადიციულად აღნიშნავდნენ „აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვებისა“ და „დამოკიდებლობის“ მოპოვების წლისთავს, დე-ფაქტო პრეზიდენტი სამველ შაჰრამანიანი „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის (არცახის)“ არსებობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულებას აწერდა ხელს.
საგულისხმოა თავშეკავებულობა, რომლითაც აფხაზეთში მომხდარს გამოეხმაურნენ. როგორც დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, „ყარაბაღის სიტუაციას აფაზეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა ეს რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს“. „ჩვენ ისტორიული კონტაქტები გვქონდა მთიან ყარაბაღთან და ამ მოვლენებს დიდი ყურადღებითა და გულისტკივილით ვაკვირდებით“ - დასძინა მან. დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ კი აღნიშნა, რომ ყარაბაღის პრეცედენტის გათვალისწინებით, აფხაზებს „განსაკუთრებული სიფხიზლე და ერთიანობა ჰმართებთ“. „უნდა განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა - და დღეს აფხაზეთის ხელმძღვანელობა სწორედ ამითაა დაკავებული, ასევე გავიმყაროთ სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან“ - ხაზგასმით აღნიშნა შამბამ...
და არც ერთი სიტყვა მთავარზე – იმაზე, რომ რუსეთმა ფაქტობრივად „ჩააბარა“ სტეპანაკერტი, რომელსაც 30 წელი უმაგრებდა ზურგს. აფხაზეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში თავი მოიკატუნეს, რომ ეს „ვერ შენიშნეს“.
თუმცა თუ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების სიფრთხილე კიდევ შეიძლება, გავიგოთ, აფხაზურ საზოგადოებაში, საექსპერტო წრეებსა და მედიაში გამეფებული აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ აფხაზეთს ყარაბაღის ბედი არც ერთ შემთხვევაში არ ემუქრება, სრულიად გაუგებარია.
ამ რწმენას იზიარებს, მაგალითად, ჟურნალისტი ინალ ხაშიგი, რომელსაც დასტურად შემდეგი არგუმენტები მოჰყავს: "1) რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ოფიციალურად იკისრა რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვა, განსხვავებით ყარაბაღის შეთხვევისგან; 2) არსებობს თურქეთის წონადი ფაქტორი და 3) ვლადიმირ პუტინს სოჭში, თავისი „აგარაკის ზღურბლზე“ ნატო-ს ხილვა არ სურს".
არგუმენტები თითქოს მყარია და ლოგიკურიც, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. მაგალითად, პირველი არგუმენტი - რომ ყარაბაღისგან განსხვავებით, აფხაზეთი რუსეთმა აღიარა და მისი დაცვის ვალდებულებაც აიღო, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის მიერ 2008 წლის აგრესიის შემდეგ წარმოებულ რეალურ პოლიტიკასა და ორი განუყოფელი ქართული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ შემდგომ აღიარებასთან. კერძოდ, თუ 2008-მდე იგივე რუსეთი განუხრელად აღიარებდა საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტის - საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, 2008-ში მან ორი ქართული რეგიონი გამოყო და დღემდე აგრძელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ან, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში რუსეთი არა მარტო აღიარებდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, არამედ თავად იყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ბუდაპეშტის 1994 წლის დეკემბრის მემორანდუმით, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებასთან უკრაინის მიერთებას უკავშირდებოდა (ბირთვული იარაღის გადაცემის სანაცვლოდ რუსეთმა, ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას ქვეყნის ტერიტორიული თლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ ძალის ან ძალის გამოყენების მუქარის არგამოყენების, ასევე უკრაინის უფლებების შემლახველი ეკონომიკური იძულების გამოუყენებლობის გარანტიები მისცეს). შედეგად რა? - რუსეთმა უმარტივესად გაიწვია უკან ადრე მიცემული გარანტიები, ახლა კი საერთოდაც ცდილობს, პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინული სახელმწიფოცა და უკრაინელი ერიც. თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის პროცესში მოსკოვმა ჯერ აღიარა ოკუპირებული უკრაინული მიწების „დამოუკიდებლობა“, ხოლო შემდეგ დადგა ბანალურობამდე პროგნოზირებადი შედეგი და ეს მიწები „ნებაყოფლობით“ შევიდნენ რუსეთის იმ იმპერიის შემადგენლობაში, რომლის აღორძინებასაც ახლა პუტინი ცდილობს.
ხაშიგის მეორე არგუმენტი - რომ მოსკოვმა გადაწყვიტა, არ ეკინკლავოს თურქეთს, რომელიც ბაქოს უმაგრებს ზურგს, „ორმხრივი მოძრაობით“ ხასიათდება: ბაქოსა და ანკარას დიდი ხანია, კარგი ურთიერთობები აქვთ თბილისთან და რბილად რომ ვთქვათ, არ იქნებიან წინააღმდეგი, რეგიონში რუსული გავლენა შესუსტდეს.
რაც შეეხება ბოლო არგუმენტს - ნატო-ს გამოჩენას სოჭში, პუტინის „აგარაკის ზღურბლზე“, იგი მხოლოდ მიამიტებზეა გათვლილი. კრემლის ეს მითი მოწოდებულია, შენიღბოს და გაათეთროს რუსეთის იმპერიალისტურ-დამპყრობლური პოლიტიკა. საკმარისია, დავაკვირდეთ, მართლაც ასე ძალიან ეშინია თუ არა პუტინს ნატო-სი და როგორ ებრძვის იგი ალიანსის გაფართოებას: ურაინის ომის შედეგად ხომ ნატო-ში ნეიტრალური ფინეთიც კი გაწევრიანდა, რიგშია შვედეთი. ფინეთის გაწევრიანების შემდეგ რუსეთის საზღვარი ნატო-სთან ორზე მეტჯერ - 1,2-დან 2,6 ათას კმ-მდე გაიზარდა - და გამოდის, რომ ნატო არათუ სოჭში პუტინის „აგარაკის ზღურბლზე“ ჩამოჯდა, არამედ მის მშობლიურ, უსაყვარლეს ქალაქ პეტერბურგშიც.
გარდა ამისა, თუ თავის პროპაგანდისტულ რიტორიკაში მოსკოვი უკრაინაში ვითომდა ნატო-სთან ომობს და დასავლეთთან ლამის ბირთვული ომისთვის ემზადება, მაშინ რატომ გააშიშვლა თავისი ფლანგები ესოდენ საშინელ მტერთან საზღვრებზე? ფაქტები ჯიუტი რამაა! ორიოდ კვირის წინ, სექტემბერში ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ეირიკ კრისტოფერსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ ქვეყანასთან საზღვარზე საკუთარი შეიარაღებული ძალები 20%-მდე შეამცირა, 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. „პუტინი რომ თვლიდეს, რომ რუსეთს საფრთხეს ვუქმნით, ჯარებს უკრაინაში არ გადაისვრიდა იქ ომის საწარმოებლად”, — განაცხადა კრისტოფერსონმა. შემცირდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება ფინეთთან საზღვარზეც, რომელიც ახლახანს ნატო-ში გაწევრიანდა, თუმცა რუსეთ-ფინეთის საზღვრის სიგრძე გაცილებით მეტია - 1300 კმ. რუსეთის მსგავსი ქცევა ადვილად აბათილებს პროპაგანდისტულ ნარატივს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან რუსეთისთვის ვითომდა მომდინარე საფრთხის შესახებ.
აქ შეგვეძლო, წერტილი დაგვესვა, მაგრამ რუსეთის 2008 წლის შემდგომი პოლიტიკის სრული სურათის აღსაქმელად უნდა გავაანალიზოთ ისიც, თუ როგორ კომენტირებენ მოსკოვში ყარაბაღის პროექტის ლიკვიდაციას. რუსეთი თითს ერევნისკენ იშვერს და ღიად აცხადებს, რომ ყველაფრის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სწრაფვაა, რუსეთის ინტერესების საზიანოდ დასავლეთში ეძიოს მეგობრები. სოხუმში ლოცვასავით იმეორებენ, რომ აფხაზეთში არასოდეს ყოფილა, არ არის და არც სამომავლოდ იქნება ანტირუსული განწყობები, ამდენად, თითქოს საშიშიც არაფერია. მაგრამ მოდით, ისევ და ისევ ყარაბაღთან გავავლოთ პარალელი: რუსეთის ვერსიით, დამნაშავე სომხეთია, რომელმაც ფაშინიანი აირჩია, მაგრამ დაზარალდა ყარაბაღი, რომელიც, აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე სამხრეთ კავკასიის ამ ნაწილში ყველაზე პრორუსული განწყობების სავანედ რჩებოდა და უსაფრთხოების საკითხშიც მხოლოდ "უფროს კრემლელ ძმას" ეყრდნობოდა.
ამასობაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის თითქოსდა სტაბილურ ურთიერთობებში გადაულახავი წინააღმდეგობებით გამოწვეული ძალზე სერიოზული ბზარები გაჩნდა. მათ შორისაა, კერძოდ, აპარტ-ოტელების თემა: იგი აფხაზებს უკვე უახლოეს მომავალში უქადის არა მარტო იმ აბსოლუტური მონოპოლიის დაკარგვას, რომლის დროსაც პრივილეგირებული ეთნოსი ყველა რესურსს აკონტროლებს და დანარჩენი მოსახლეობის ხისტ დისკრიმინაციას ეწევა, არამედ საერთოდაც აფხაზების, როგორც ეთნოსის გაქრობას. თუ გარკვეული დროის განმავლობაში ამ ველური ეთნოკრატიის მხარდაჭერა მოსკოვის ინტერესებში შედიოდა, ადრე თუ გვიან, ეს თემა აფხაზების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. მოსკოვს ხომ აპარტ-ოტელები არა უბრალო ახირებად სჭირდება: ათასობით ან სულაც ათიათასობით რუსი, რომელიც ამ აპარტამენტებში იცხოვრებს და აფხაზეთში ფულს ჩადებს, კრიტიკულად შეცვლის ადგილობრივ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ლანდშაფტს და საბოლოო ჯამში, რეგიონს რუსეთის კრასნოდარის მხარის სოჭის რაიონის დანამატად გადააქცევს.
ამავდროულად, სოხუმი არაშორსმჭვრეტელურად უგულებელჰყოფს ყარაბაღის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან გაკვეთილებს. კერძოდ, სომხური მხარე ორი ათწლეულის განმავლობაში სიმულირებდა მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რაც, ბუნებრივია, ამ პროცესის არა მარტო წარუმატებლობას, არამედ აზრს მოკლებულობასაც განაპრობებდა. მოლაპარაკებათა ნულოვანი შედეგის გაგრძელებას წარმოადგენდა ბაქოს მიერ ვითარების „გალღობა“, რომელიც ერთდღიანი ომითა და ჯამში ყარაბაღის „გაუქმებით“ დასრულდა. არადა, კონფიქტის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოგვარება რომ მოხერხებულიყო, რეგიონს შესაძლოა, გარკვეული სტატუსიც მიეღო და ყარაბაღიდან სომხების მასობრივი გადინებაც თავიდან ყოფილიყო აცილებული.
ამ თვალსაზრისით აფხაზეთი ყარაბაღის გზას იმეორებს: ისიც, სტეპანაკერტის მსგავსად, დიალოგს სიმულირებს და მხოლოდ რუსეთის იმედადაა. თუმცა სრული ანალოგია აქ ვერ იქნება, რადგან ბაქოსგან განსხვავებით, საქართველო სოხუმსა და ცხინვალთან სადავო საკითხების ძალისმიერი გზით მოგვარებას ნეგატიური რუსული ფაქტორის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი არ აპირებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისმა ცალმხრივად აიღო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის არგამოყენების ვალდებულება და რეგულარულად ადასტურებს კონფლიქტების მშვდობიანი გზით მოგვარების კურსისადმი ერთგულებას.
ყველა კონფლიქტი და ომი, ადრე თუ გვიან, ან შეთანხმებით მთავრდება, ან რომელიმე მხარის მიერ დასრულებით. ამდენად, მნიშვნელოვანია, არ დაკარგო ძვირფასი დრო და შესაძლებლობათა ფანჯარა, როცა დიალოგისთვის კარგი სასტარტო პოზიციები გაგაჩნია.
გასაგებია, რომ მოსკოვი ამ დრომდე იყენებს სოხუმსა და ცხინვალს თბილისისთვის სატყუარად, მაგრამ მსგავსი მდგომარეობა ხომ მუდამ ვერ შენარჩუნდება, მით უფრო - უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიით გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე. ისევ ყარაბაღის მაგალითს რომ მივმართოთ, ნათელია, რომ გარკვეულ ეტაპზე მან მოსკოვისთვის ფასეულობა დაკარგა: სტეპანაკერტი აღარ იძლეოდა ერევნის პოლიტიკაზე ეფექტური ზეგავლენის შესაძლებლობას და იმავდროულად აგრძელებდა ბაქოსა და ანკარასთან მოსკოვის ურთიერთობების წამლვას.
და აი, აქ დღის წესრიგში მთელი აქტუალურობით დგება კითხვა: წარმოადგენენ კი კრემლისთვის იმდენად დიდ ფასეულობას „დამოუკიდებელი“ სოხუმი და ცხინვალი, რომ ყარაბაღის მსგავსად ოდესმე ისინიც არ „გაყიდოს“?
რაჟდენ ქაჯაია