21-10-2023 11:34:28 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად, "ქართულმა მხარემ ოთარ ფარცხალაძეზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებები ვერ მივიღო".
საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ციტირებს ოფიციალურ განცხადებას.
"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციები დაუწესდა აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით", – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტს".
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სანქციების თემაზე აშშ–ის ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ პარტნიორებთან, მათ შორის - პირადად":
"ზოგადად, აშშ–ის ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ მთელს მსოფლიოში მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის - პირადად, სანქციების რეჟიმის შესანარჩუნებლად, შესაძლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პოტენციური დამატებითი სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ანგარიშვალდებულებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია შეფერხდეს".
ცნობისთვის: 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა.
აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“. იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით ჰქონდა მიღებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.