მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში

12-12-2019 20:33:49 თვალსაზრისი ,ანალიზი

მიუხედავად უკიდურესად დაძაბული, ექსცესებით დატვირთული დღისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ერთპარტიულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს თუ არა, ხვალ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად შეეხება: პარლამენტმა მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული 20 კანდიდატიდან 14 მთლიანობაში - 1–წლიანი (ეკა ბესელიამ 1 წლის წინ ჩააგდო მოსამართლეების 10–კაციანი სკანდალური სია), დღეს კი ოთხსაათიანი დაგვიანებით, პოლიციის მიერ ალყაშემორტყმული შენობიდან უვადოდ გაამწესა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. მათ შორის არიან საქართველოს გენპროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც მაღალი ალბათობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოგვევლინება (ამ სურვილს თავადაც ადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ თადუმაძის დიპლომის საკითხი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად „ქართული ოცნების“ რიგი წევრებისთვისაც კი) და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.


კონტურები იმისა, რომელი კანდიდატები მოისხამდნენ მოსამართლის მანტიას უვადოდ, ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, რადგან შეხლა–შემოხლის, სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტების პირდაპირი მნიშვნელობით გათრევისა და მაგიდაზე ხელების ბრახუნის ფონზე სწორედ ამ 14 კანდიდატს გაუწია იურიდიულ საკიხთა კომიტეტმა რეკომენდაცია, რაც, მაღალი ალბათობით, იმაზე მეტყველებდა, რომ გუნდი კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერაზე უკვე შეთანხმებული იყო. შესაბამისად, სასამართლოს სვე–ბედზეც ისინი კოლექტიურად იზიარებენ პასუხისმგებლობას.

მართალია, ოპოზიცია, სხვადასხვა სოციალური თუ იურიდიული ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი კანდიდატთა მიმართ კრიტიკაში ერთსულოვანნი იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ სასამართლოში არსებული (მათ შორის კვალიფიკაციის კუთხით) უმძიმესი ვითარების ლუსტრაცია სწორედ საჯარო გასაუბრებამ მოახდინა, ის, რაც იურისტებისთვის „ელემენტარული საკითხების უცოდინარობაზე“ მიუთითებდა, პარლამენტარებისთვის "შთამბეჭდავი" აღმოჩნდა: თითოეული კანდიდატის მხარდამჭერ დეპუტატთა რიცხვი 83–დან 90–მდე მერყევობდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარდაჭერის მთავარ არგუმენტად სწორედ კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება დაასახელეს.  

თუ მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი კობახიძისას ვირწმუნებთ, „მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ, აწი კარგ რაღაცეებს გააკეთებენ“... მაგრამ რთულია, ირწმუნო, როდესაც არც ერთ კანდიდატს არ უღიარებია ქვეყნის უწინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის არც ერთი ფაქტი.  არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მთავარი პრეტენზია სწორედ მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებში მდგომარეობდა. თუ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას არც ერთი მოსამართლე არ აღიარებს და ამის გვჯერა, რადგან უვადოდ მოვასხით მანტია, მაშ როგორ არსებობდა რეჟიმი „დამოუკიდებელი სასამართლოს“ პირობებში?!

"დღეს „ნაცები“ იქცნენ ექს–„ნაცებად“, ხოლო „ქართული ოცნება“ – „ნაციონალურ მოძრაობად“,– ფიქრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. 


„მიხეილ სააკაშვილი თავად ხომ არ დარბოდა ქუჩაში და თავებს ხომ არ აჭრიდა, "სისხლიან 9 წელზე" რომ გველაპარაკებიან?! ამას ის სისტემის მეშვეობით აკეთებდა, ამ სისტემის ფუნდამენტური ნაწილი კი მართლმსაჯულება იყო. სწორედ მართლმსაჯულების საშუალებით „აკანონებდნენ“ იმ განუკითხაობას, რომელზეც „ქართულ ოცნებაში“ ასე უყვართ საუბარი. მოქმედმა ხელისუფლებამ კი დღეს იმ მართლმსაჯულების სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი. შესაბამისად, ეს არის განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ქუჩაში დარბის  ექს–„ნაციონალური მოძრაობა“,– განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.  

"დღეს რაც ხდება, შემზარავია – დღეს კლანმა გაიმარჯვა",– ასეთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის შეფასება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სასამართლოში არსებული პრობლემების აქტუალიზებაში და მათდამი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაში. 


„თითოეული მათგანი „კლანის“ ან მხარდამჭერია, ან აქტიური წევრი. პარლამენტმა დღევანდელი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფალია მიხეილ ჩინჩალაძე [მოსამართლე, სახელდება „კლანის“ ლიდერად] მისი კლანით, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას და რომლის პოზიციასაც იზიარებს პარლამენტი, რადგან მათ ერთმანეთი სჭირდებათ. დღეს დადასტურდა ის, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი – არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. პარლამენტმა დღეს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები უგულებელჰყო. მეგონა, პარლამენტი „კლანზე“ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოიქცეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არ არსებობს ზღვარი 2012 წლამდე არსებულ მოსამართლეებსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის“,– განუცხადა „აქცენტს“ ჯანეზაშვილმა. 

მისივე თქმით, ახლა უკვე მიზანმიმართული, ერთიანი ძალებით ბრძოლაა საჭირო ღირსეული სასამართლოსთვის:

„იმედი მაქვს, ეს გამარჯვება დროებითია. გზები ყოველთვის არსებობს, თუ იქნება პოლიტიკური ნება. დღეს მსგავსი პოლიტიკური ნება არ არსებობს. პოლიტიკური ცვლილებების გარეშე სასამართლოში არაფერი იცვლება. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა გავერთიანდეთ. მომავალ კვირას ნეპოტიზმის შესახებ რამდენიმე ფაქტს დავდებ მოსამართლეებისა და მათი ნათესავების შესახებ, ეს, მათ შორის, ეხება მოსამართლე ირაკლი შენგელიას.  ასეთი ფაქტებით უნდა ვებრძოლოთ ერთად, ეტაპობრივად და სტაბილურად და არა ფრაგმენტულად. ფრაგმენტული ბრძოლა „კლანს“ აძლიერებს“. 

არასამთავრობოთა კრიტიკულ შეფასებებს ენდობა კონსტიტუციონალისტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე


„ვიტყოდი, რომ მართლმსაჯულების დაღუპვის წინაშე ვდგავართ“.

რაც შეეხება დღევანდელი დრამატული პროცესების ფონზე მოსამართლეების არჩევას, ხმალაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უკვე კარგა ხანია, მოქმედებს პრინციპით "მე ვარ და ჩემი ნაბადი“ და ეს იყო ამის გაგრძელება“. 

სადავო მოსამართლეები სადავო საქმიანობით

ნინო ქადაგიძე


ალექსანდრე წულაძე


ქეთევან ცინცაძე


ლალი ფაფიაშვილი


ნუგზარ სხირტლაძე


გიორგი მიქაუტაძე


ვლადიმერ კაკაბაძე


შალვა თადუმაძე


ლევან მიქაბერიძე


თამარ ზამბახიძე


მაია ვაჩაძე


მამუკა ვასაძე


მირანდა ერემაძე


მერაბ გაბინაშვილი



ახალი ამბები

სხვა სიახლეები