Accentnews.ge
მაქიი – USAID-ს მიმართ ბრალდებებზე: ყალბია და დეზინფორმაციაა

მაქიი – USAID-ს მიმართ ბრალდებებზე: ყალბია და დეზინფორმაციაა

26/10/2023 13:46:09 პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ერინ მაქიი გამოეხმაურა სააგენტოს მიმართ საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს.

ერინ მაქიის განცხადებით, USAID "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი და ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ს მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ხალხს... ჩვენ ფოკუსირებული ვართ დემოკრატიის დაცვაზე“, - განუცხადა ერინ მაქიიმ ჟურნალისტებს თბილისში, განათლების სფეროში 14 მლნ აშშ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიებაზე.

ერინ მაქიი თბილისში ასევე დაესწრო "აბრეშუმის გზის ფორუმს".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში USAID ჩაერია. USAID–ს წინააღმდეგ ბრალდებებს წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მორიგი გამოძიების დაწყება საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გამართულ „ტრენინგების საქმეზე“. გამოძიება დასრულებული არ არის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ USAID-ს მიერ დაფინანსებული ტრენინგის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.

სუს–ის ცნობით, USAID-ს დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.

გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. სუს–ში მათ „გაუთქმელობაზე“ აწერინებენ ხელს. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაცია "კანვასის" (ყოფილი "ოტპორი") ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი და გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S