რა სამართლებრივი (ან პოლიტიკური) საფუძვლები აქვს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო სტატუსის მოხსნას

13-12-2019 17:54:21 თვალსაზრისი ,კომენტარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება საბოლოოდ მისთვის პარლამენტის წევრის სტატუსის მოხსნით დასრულდა. გადაწყვეტილების საფუძველი სასამართლოს 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილების აღსრულებასაც, მელიას თქმით, მას ედავებიან, 12 დეკემბერს მმართველი გუნდის უმრავლესობის მხარდაჭერით 2045 წლამდე უვადო მოსამართლედ გაამწესეს


„ხომ წარმიდგინეს ბრალი და თქვეს, რომ “ქართუ ბანკს” მელია აკოტრებდაო"? “ქართუ ბანკთან” დაკავშირებით წინა ხელისუფლებამ იდიოტური ცვლილება მიიღო, როდესაც მას პირველი იპოთეკარის უფლება წაართვა, მაგრამ აქ არაფერ შუაში იყო აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი: ბიურო აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვინ იყვნენ მოსამართლეები? ერთ გვარს დაგისახელებთ, რომელიც ახლა 2045 წლამდე დანიშნეს – გაბინაშვილი. აი, ეს გაბინაშვილი დაარტყამდა ბეჭედს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით "ქართუ ბანკს" შეუტევდა, გადაწყვეტილება გამოცხვებოდა და მოიტანდნენ აღსრულების ბიუროში, ის კი ვალდებული იყო, აღესრულებინა” - აცხადებს ნიკა მელია.

ჯერ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „პარლამენტში კრიმინალების ადგილი არ არისო“, შემდეგ 88 დეპუტატმა მელიას უფლებამოსილება ერთხმად მოუხსნა. 

ერთადერთი, ვინც უხერხულობა იგრძნო, მმართველი გუნდის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აღმოჩნდა: მელიას გასაჩივრების უფლება აქვს და თუ მეორე ინსტანციაში მოიგებს პროცესს, დეპუტატებს იმავე დარბაზში მოუწევთ მისთვის მანდატის დაბრუნებაო.

სწორედ პარლამენტის სიჩქარე გახდა კრიტიკის მთავარი საფუძველი, მით უფრო, რომ მელიას წინააღმდეგ საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ არ არის დამდგარი – წინ ორი ინსტანციაა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაში პოლიტიკურ საფუძვლებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია. საკუთარ შეფასებაში ხმალაძე რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობა. ერთ–ერთი მათგანია არასაპატიმრო სასჯელი, რაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს არ უშლის:  


„როგორც მოვისმინე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაეკისრა ჯარიმის გადახდა და რამდენიმე წლით აეკრძალა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა კანონით არის განსაზღვრული და ეს ვრცელდება არჩევით თანამდებობაზეც. თუმცა არის ერთი რამ: როდესაც თავის დროზე დაიწერა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი და იქ ერთ–ერთ საფუძვლად მითითებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა, ვფიქრობ, იმთავითვე ის იგულისხმებოდა, რომ თუ პარლამენტის წევრს თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, ის უფლებამოვალეობას ვერ შეასრულებს, ამიტომ უწყდება უფლებამოსილება. ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთა არ აქვს შეფარდებული. გადაწყვეტოლებას კენჭისყრით იღებს პარლამენტი. კენჭისყრა კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, არსებობდეს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მაგრამ პარლამენტმა მიიჩნიოს, რომ ის არ არის საკმარისად დასაბუთებული და პარლამენტის წევრს არ უწყვეტს უფლებამოსილებას. თუმცა კანონში ეს ასე არ წერია“.  

ამასთან, მას კითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ საქმე შვიდი წლის წინანდელ მოვლენებს ეხება: 

„რატომღაც დანაშაული, რომლის გამოც სასამართლომ სცნო დამნაშავედ და შეუფარდა ჯარიმა, ჩადენილი იყო 7–8 წლის წინ და განაჩენი ახლა დადგა. აქამდე რას აკეთებდა გინდ პროკურატურა, გინდ სასამართლო?! ნიკა მელია პარლამენტის წევრი 2016 წელს გახდა, არ ჰქონდა იმუნიტეტი და იმ 4 წლის განმავლობაში მართლმსაჯულება რას აკეთებდა? ამდენად, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ გადაწყვეტილების საფუძველი იყო პოლიტიკა, შესაბამისად, გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური“.

კიდევ ერთი გარემოება, რაც ხმალაძეს აფიქრებინებს, რომ საქმე უფრო პოლიტიკურ საფუძვლებზე დგას, ვიდრე სამართლებრივზე, სიჩქარეა: 

„ჯერ კიდევ არ დამდგარა პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება. კანონი ამბობს, რომ თუ პარლამენტის წევრის მიმართ დადგა გამამტყუებელი განაჩენი და მას შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ხოლო შემდეგ იგი გამართლდა, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული უფლებამოსილების ვადა და მისი ადგილი პარლამენტში სხვა წევრს არ აქვს დაკავებული, მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა აღუდგეს და მიეცეს კომპენსაცია. მაგრამ ვუბრუნდები პირველ არგუმენტს – მას არ აქვს საპატიმრო სასჯელი და ხელი არ ეშლება უფლებამოსილების განხორციელებაში. ხოლო არგუმენტად იმის თქმა, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი და ვიღაცას თურმე, არ უნდა „სისხლის სამართლის დამნაშავის გვერდით ჯდომა“, მაშინ გადახედონ პარლამენტის შემადგელობას - გინდ დღევანდელს, გინდ ადრინდელს და ნახონ, ხომ არ არიან მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც მაგალითად, თავიუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, ან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ?!“.