03-11-2023 15:18:34 მსოფლიო ,ეს საინტერესოა
ირანთან ურთიერთობების განმტკიცებით და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან“ კავშირების განვითარებით, რუსეთი კარგავს ისრაელის კეთილგანწყობას, რომელიც აქამდე ინარჩუნებდა ურთიერთობას ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან. ისრაელში ბევრი იწყებს მის მტრულად აღქმას და ამან დაიწყო გავლენის მოხდენა სირიაში არსებულ ვითარებაზე, სადაც აქამდე მხარეები კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა არ დაზარალდნენ ერთმანეთი,– წერს Bloomberg.
ისრაელი რეგულარულად ახორციელებს დარტყებს სირიაში, ძირითადად, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" მებრძოლების წინააღმდეგ და მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრის დასაცავად.მას შემდეგ, რაც პუტინმა 2015 წელს სირიაში ჯარები გაგზავნა ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად, ისრაელმა და რუსეთმა დაიწყეს თავიანთი ქმედებების შესახებ ერთმანეთის ინფორმირება. ამიტომ ისინი ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ შეტაკებები მათ ძალებს შორის ან შემთხვევითი ინციდენტები.
ხუთი წლის წინ პუტინმა დაარწმუნა ბენიამინ ნეთანიაჰუ (ისრაელის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი), რომ არ დაუშვებდა ირანის და "ჰეზბოლას" გაძლიერებას სამხრეთ-დასავლეთ სირიაში, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის სიმაღლეებზე. თავის მხრივ, ისრაელის სამხედროები ყოველთვის აფრთხილებდნენ რუსებს სირიის ტერიტორიაზე დარტყმების შესახებ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ისრაელმა შეინარჩუნა ნეიტრალური პოზიცია, ინარჩუნებდა საქმიან ურთიერთობებს მოსკოვთან.
ბოლო კვირებში ისრაელმა სირიაში გაახშირა დარტყმები, რათა თავიდან აიცილონ ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტების გაძლიერება და მეორე ფრონტის გახსნა ჩრდილოეთიდან, ვიდრე ის აწარმოებს ოპერაციებს "ჰამასის" წინააღმდეგ სამხრეთ ღაზას სექტორში. თუმცა, რუსეთი არ ყოფილა ინფორმირებული ამ დარტყმების შესახებ, – განუცხადეს Bloomberg-ს ვითარების მცოდნე ადამიანებმა.
ამრიგად, 30 ოქტომბერს ისრაელის თვითმფრინავებმა დაბომბეს სამხედრო ბაზა სამხრეთ სირიაში, მანამდე კი მიმოფანტეს ბროშურები, რომლითაც სირიის ჯარებს მიმართავდნენ, არ დაუშვან ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებს ისრაელის საზღვართან მიახლოება. ხუთი დღით ადრე ისრაელმა გაანადგურა იარაღის საცავი სირიის დიდ ბაზაზე, სადაც ადგილობრივ ჯარებთან ერთად იმყოფებოდნენ ირანელი ოფიცრები და "ჰეზბოლას" აგენტები, ასევე იქვე დამონტაჟებული რადარები.
სხვათა შორის, რუსი სამხედროებიც დროდადრო სტუმრობენ ახლომდებარე ობიექტს, – წერს Bloomberg; უცნობია იყვნენ თუ არა ისინი იქ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების დროს.ისრაელმა არ შეატყობინა რუსეთს ამ თავდასხმების შესახებ, – აცხადებენ სააგენტოს წყაროები.
დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთმა აქტიურად დაიწყო კავშირების განვითარება ირანთან, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, კერძოდ ირანული დრონების გამოყენებით უკრაინაში სამიზნეების დასაბომბად. "ჰამასს" ასევე ესალმებიან კრემლში – გასულ კვირას დაჯგუფების წარმომადგენლები, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსკოვს სტუმრობდნენ და გამართეს შეხვედრები. აღნიშნულს ისრაელმა "ამორალური" უწოდა. 29 ოქტომბერს კი ასობით ადამიანმა დაიკავა მახაჩკალას აეროპორტი და ებრაელებს ეძებდნენ თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავში. ანტისემიტური გამოვლინებები ბევრისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ რუსული პროპაგანდა გამუდმებით თესავს სიძულვილს საკუთარ საზოგადოებაში.
”ფაქტობრივად, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენს მტრებს”, - ამბობს ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი ამოს იადლინი.
ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში სირიის პროგრამის დირექტორმა ჩარლზ ლიცერმა თქვა, რომ რუსეთი "მზადაა, სიამოვნებით უყუროს ქაოსის ზრდას, მეტიც მოახდინოს ამ ქაოსის სტიმულირება".
ცოტა ხნის წინ გაერო–ში რუსეთის წარმომადგენელმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა და თქვა, რომ არ აქვს თავდაცვის უფლება.