პრეზიდენტის ახალი ინიციატივა: შესაძლო მიზნები და შედეგები

16-12-2019 19:42:16 პოლიტიკა ,თვალსაზრისი ,საშინაო პოლიტიკა ,კომენტარი

იმ მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც მომავალი არჩევნების ბედი და სისტემა, რომლითაც ისინი უნდა ჩატარდეს, კვლავაც გაურკვეველია (მართალია, მმართველმა გუნდმა საკითხი ცალმხრივად „გაარკვია“, მაგრამ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის სხვადასხვა სოციალური ჯგუფები დათმობას არ აპირებენ), პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური ინიციატივით გამოდის: იმისათვის, რომ დიასპორა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, მისი წარმომადგენლები ან პარტიულ სიებში შეიყვანონ, ან მათთვის მაჟორიტარული ოლქები შეიქმნას.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველა პარტიას შეუძლია, დიასპორის თუნდაც ერთი წარმომადგენელი შეიყვანოს თავის სიაში, მაჟორიატრული სისტემის არსებობის პირობებში კი იგი მათთვის ერთი ან ორი მაჟორიტარული ოლქის შექმნას უჭერს მხარს:

“დღევანდელი შეკრება ეხება დიასპორის პრობლემას. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ მტკივნეული, მაგრამ იმედის მომცემი პროცესია, თუ ჩვენ სწორად მივუდგებით და ჩვენ ამ ხალხს გავუჩენთ იმ პირობებს - ან დაბრუნდნენ, ან ჩაერთონ ამ ქვეყნის ცხოვრებაში. მე განგებ ვთქვი, რომ ეს იქნება პროპორციული თუ მაჟორიტარული, მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ბევრი ქვეყნების გამოცდილება არსებობს, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი დიასპორა თავის ქვეყნების პარლამენტში და აქ არიან ეს ქვეყნები შეკრებილი. ეს არის აუცილებელი. ეს ეხება ყველა პარტიას. ყველა პარტიას შეუძლია და მე მათ მივმართავ, თავის სიაში შეიყვანონ ერთი წარმომადგენელი მაინც დიასპორის და ამ კუთხით დიასპორა იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ პარტიულად, მაგრამ თავისი ინტერესებით. თუკი მაჟორიტარული სისტემა იქნება, შეიძლება, შევქმნათ ერთი მაჟორიტარული ოლქი ან ორი დიასპორისთვის, რისი გამოცდილებაც ასევე არსებობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაზე, რომელიც დიასპორის საკითხებს ეძღვნებოდა.

რამდენად განხორციელებადია პრეზიდენტის ეს ინიციატივა და რა მიზანს შეიძლება, ის ემსახურებოდეს? - ამ საკითხზე „აქცენტი“ იურისტს ესაუბრა.

უშუალოდ ის, რომ დიასპორა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, ნეგატიური ვერ იქნება, თუმცა რიგი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ზურაბიშვილის ინიციატივას პოპულისტურად აფასებს:


„თუ დიასპორაში ვგულისხმობთ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, თუმცა არა საქართველოს მოქალაქეები, ასეთი პარლამენტის წევრი ვერ გახდება. ამდენად, დიასპორაში უნდა იგულისხმებოდეს ის პირი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ მუდმივად და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა. მაგრამ აქ მეორე საკითხი დგება: თუ ასეთი პირი არის ამა თუ იმ პარტიასთან კავშირში (არის პარტიის წევრი, ან აქტიური მხარდამჭერი) და პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი ღირებულია და უნდა იყოს პარლამენტში, მაშინ მოწოდება რა საჭიროა? - ისედაც შეიყვანენ სიაში. კანდიდატად წარადგინო მხოლოდ იმიტომ, რომ ის საზღვარგარეთ ცხოვრობს, - ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. სიაში უნდა შეიყვანო ის, ვინც, პარტიის აზრით, გამოდგება საქმისთვის, რომელიც შემდეგ პარლამენტში უნდა აკეთოს და ეს ბევრი რამაა, არა მხოლოდ პარტიასთან კავშირი: პროფესიონალიზმი, ცოდნა საქართველოს სინამდვილის და ა.შ. პარტიისთვის ხმების მოტანაც კი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ არაერთი გვყოლია პარლამენტში დეპუტატი, რომელსაც შეეძლო პარტიისთვის ხმების მოტანა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში საქიანობის მარგი კოეფიციენტი ნულოვანი იყო. ამდენად, აქ მოწოდება აბსოლუტურად ზედმეტი მგონია. გარდა ამისა,  ბუნებრივია, კანდიდატად შერჩეული პირი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, - რა საკვირველია, დისტანციურად ვერ იმუშავებს, ეს წარმოუდგენელია“. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები