Bloomberg: რუსეთს ლიბიაში ბაზის მშენებლობა სურს, რაც ევროპას უქმნის საფრთხეს

06-11-2023 12:51:09 ,

რუსეთი აღმოსავლეთ ლიბიაში საზღვაო ბაზის შექმნას გეგმავს, რაც დაეხმარება მას ევროპის სამხრეთ საზღვარზე სამხედრო პლაცდარმის შექმნასა და მთელი ევროკავშირის მონიტორინგში,– ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ვლადიმირ პუტინსა და ლიბიის აღმოსავლეთის ძალების მეთაურს ხალიფა ჰაფთარს შორის თავდაცვის შეთანხმებაზე. ისინი ერთმანეთს სექტემბრის ბოლოს მოსკოვში შეხვედნენ.

79 წლის ჰაფთარი აკონტროლებს ლიბიის ნავთობის ბევრ მსხვილ ობიექტს – OPEC-ის წევრი ქვეყნის და აფრიკის ნავთობის მარაგების დაახლოებით 40%-ს.

ჰაფთარს სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ტრიპოლის კონკურენტი ძალებისგან დასაცავად, რომლებსაც თურქი სამხედროები უჭერენ მხარს. მას ასევე ესაჭიროება საჰაერო ძალების პილოტების და სპეცრაზმის მომზადება. სანაცვლოდ, რამდენიმე ავიაბაზა, სადაც ამჟამად "ვაგნერის" გასამხედროებული ძალებია განთავსებული, სავარაუდოდ, გადაკეთდება რუსული ჯარების განსათავსებლად, – წერს Bloomberg.

ჰაფთარისა და პუტინის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული ადამიანების თქმით, რუსულ ხომალდებს ასევე შეუძლიათ, მიიღონ მუდმივი ბაზირების უფლება ლიბიის ერთ-ერთ პორტში, სავარაუდოდ ტობრუკში, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის რამდენიმე ასეულ კილომეტრში საბერძნეთიდან და იტალიიდან.

ლიბიაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის ჯონათან ვინერის თქმით, ამ საფრთხეს აშშ-ის ადმინისტრაცია „ძალიან სერიოზულად“ აღიქვამს. „რუსეთის ხმელთაშუა ზღვაში არდაშვება იყო მთავარი სტრატეგიული მიზანი - თუ რუსეთი იქ პორტებს მიიღებს, ეს მას მთელს ევროკავშირში ჯაშუშობის შესაძლებლობას მისცემს". რუსეთს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საზღვაო ბაზა აქვს ხმელთაშუა ზღვაში - სირიაში, ტარტუსში.

მოსკოვი ასევე ცდილობს, წითელ ზღვაზე, სუდანში საზღვაო ბაზის შექმნას, რომელიც მას მუდმივ წვდომას მისცემს სუეცის არხზე, ინდოეთის ოკეანესა და არაბეთის ნახევარკუნძულზე, მაგრამ ამ ქვეყანაში სამოქალაქო კონფლიქტმა შეიძლება, შეაფერხოს ეს გეგმები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები