
ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ დადებითად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაორმაგდა
17/12/2019 08:26:05 სხვა, მსოფლიო
რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ დადებითადაა განწყობილი. მოქალაქეთა ამ კატეგორიის რაოდენობა 2018 წლის მაისიდან დღემდე გაორმაგებულია, - იუწყება "Левада-центр" ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარა.
კერძოდ, მისივე ინფორმაციით, გამოკითხულთა 47%-მა დადებითი განწყობა დააფიქსირა აშშ-ის, ხოლო 52%-მა ევროკავშირის მიმართ. 1,5 წლის წინ ეს მონაცემები, შესაბამისად, 20% და 28%-ს შეადგენდა.
ამასთან, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ უარყოფითად განწყობილი მოქალაქეების რაოდენობა შემცირებულია, შესაბამისად, 55-დან 34%-მდე და 69-დან 41%-მდე.
იგივე კვლევითი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთიდან წასვლას 18-დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქეების 53% ისურვებდა. ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 2009 წლიდან.