
აშშ და სომხეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
07/11/2023 13:33:19 კავკასია
სომხეთის გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინა მოინახულა,– იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტმა ასრიანმა EUCOM-ის მეთაურის მოადგილესთან სტივენ ბაშამთან განიხილა რეგიონული უსაფრთხოებისა და სომხურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები, ასევე აშშ-ის დახმარება სომხეთის შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გატარებაში.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სტივენ ბაშამმა გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მხარდაჭერა, ასევე დაიწყოს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო განათლება, სამხედრო მედიცინა, სამშვიდობო და საბრძოლო წვრთნა.
EUCOM-ის შტაბ-ბინის გარდა, ედვარდ ასრიანმა მოინახულა აშშ-ის არმიის ევროპის ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო ცენტრი და სერჟანტთა აკადემია, რომელიც ჰოჰენფელსში მდებარეობს.