
ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობა "დააბოქლომა"
17/12/2019 10:28:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. მისი თქმით, „ეს არის ქაჯეთის ციხე, ჩრდილოეთ კორეა, სადაც არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ფუნქციონირებს“.
„ბოქლომი რატომ მოვიტანე? ნახევარი საათია თქვენ ხედავთ, რომ მარტო კაცი, საკრებულოს წევრი ვცდილობ სამსახურში შევიდე. ეს არის ქაჯეთის ციხე, ეს არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ფუნქციონირებს. ყველაფერი ერთი ნაძირალა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ამიტომ, სიმბოლურად ეს იაფფასიანი ბოქლომი დავადე. ედოს, როგორი იაფფასიანებიც არიან, ისეთი დავადე, მეტი არ ეკუთვნით ამათ. სხვა დანიშნულება ამ საკრებულოს მაინც არ აქვს“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. ისინი თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლას და უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. სამოქალაქო აქტივისტები მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა ოთახიდან ძალით გამოიყვანეს. მათ შორის იყო ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც შენობაში აღარ უშვებენ.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ, 16 დეკემბერსაც გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გუნდი გაივლიდა კონსულტაციებს და გადაწყვეტილებას მეორე დღეს გააცნობდნენ.