
შსს: "დედაქალაქის საკრებულოში ინციდენტის დროს 4 პირი დავაკავეთ"
17/12/2019 10:39:56 სხვა, სამართალი
დედაქალაქის საკრებულოში ინციდენტის დროს პოლიციამ ოთხი პირი დააკავა - ამის შესახებ "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. ისინი თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლას და უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. სამოქალაქო აქტივისტები მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა ოთახიდან ძალით გამოიყვანეს. მათ შორის იყო ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც შენობაში აღარ უშვებენ.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ, 16 დეკემბერსაც გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გუნდი გაივლიდა კონსულტაციებს და გადაწყვეტილებას მეორე დღეს გააცნობდნენ.