08-11-2023 15:23:20 პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
"საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად ნაბიჯები იქნა გადადგმული. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც წარსულში გაიცა და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.
ცნობისთვის: 2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემდეგ 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.