
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა
17/12/2019 12:33:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობაში შესასვლელად კიბე მიიტანა. საკრებულოს დაცვამ მას კარი გაუღო და შენობაში შეუშვა, თუმცა კიბის შეტანის საშუალება არ მისცა. მანამდე მომხდარი ინციდენტებისას ხაბეიშვილს საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.
როგორც ხაბეიშვილმა შენობაში შესვლამდე განუცხადა, საკრებულო არის ქაჯეთის ციხე და ის შენობაში კიბის დახმარებით შესვლას შეეცდებოდა.
ცნობისთვის: დღეს დილიდან საკრებულოში ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობის დეპუტატ ერეკლე კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას მოითხოვენ. დემონსტარანტებმა დაიკავეს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის მისაღები, მოგვიანებით, მათ სამართალდამცველებმა ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი აქტივისტები.
მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ. მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.