
ასლან ბჟანია აფხაზეთში დაბრუნდა
17/12/2019 13:31:15 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია სოხუმში დაბრუნდა. რუსეთ–აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე პოლიტიკოსს ახლობლების გარდა, თანამოაზრეები, კოლეგები, აფხაზური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დახვდნენ.
მედიის ცნობით, ბჟანიას ავტომობილი გზად დროდადრო ჩერდებოდა, ვინაიდან ხალხი ეგებებოდა და მისალმება სურდა.
„დავბრუნდი შინ. თავს დამაკმაყოფილებლად ვგრძნობ. განწყობა არაჩვეულებრივი მაქვს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი შევწყვიტე. ხვალ გაიმართება უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის სხდომა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ალხას კვიცინიას სარჩელს ეხებოდა. ჩამოვედი, რათა მოსამართლეებს მხარი დავუჭირო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში მარტონი არ ვიქნებით. გვსურს, აფხაზეთი ხელიდან გამოვგლიჯოთ მათ, ვისაც მისი საბოლოოდ განადგურება აქვს დასახული მიზნად“, – განაცხადა ბჟანიამ ერთ–ერთი აფხაზური მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის: 2019 წის 18 აპრილს ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. 20 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანა მოითხოვეს. დე ფაქტო პარლამენტმა გადატანას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა. 21 მაისს ოპოზიციასა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოსთვის გადაიტანეს, 5 ივნისს ბჟანია გერმანიაში გადააფრინეს, სადაც მან მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი განაგრძო. 11 ოქტომბერს კი იგი კვლავ მოსკოვში დაბრუნდა.
არსებობს ეჭვი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მოწამლეს.