
მედია: საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი სავარაუდოდ, კირბალიდან წაიყვანეს
09/11/2023 12:33:30 საზოგადოება
"მთავარი არხის" ინფორმაციით, რაფაილ შეპელევი, მოძრაობა „არტპოდგოტოვკას“ წევრი, რომლის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ უფლებადამცველი პროექტი "Первый отдел" იუწყებოდა, სავარაუდოდ, კირბალიდან წაიყვანეს.
"მთავარი არხის" ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ჯერ სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ ლომისას ტაძარში ასვლა მოისურვა. სოფელში კაცს ტაქსის მძღოლი ელოდებოდა, მაგრამ ვიდაიდან მგზავრი არ გამოჩნდა, მან სოფელი დატოვა.
"მთავარ არხს" რამდენიმე ადგილობრივი ეუბნება, რომ დაინახეს, როგორ წაიყვანეს შეპელევი ტაძრიდან მათთვის გაურკვეველი მიმართულებით",– იუწყება არხი.
"ტაქსის მძღოლმა მოიყვანა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფი, აიყვანა იქ სასაფლაოებზე, სურათები გადაიღო. მერე უთხრა, რომ მე იქ ლომისაში ავალ - დამელოდეო. 4 საათი ელოდებოდა მძღოლი, მერე მენახირეებმა ნახესო, მოვიდნენ იქიდან ვიღაცებიო და წაიყვანეს ის ფოტოგრაფიო, აღარ ჩამოვიდა აქ", - ციტირებს "მთავარ არხი" ადგილობრივს.
მანამდე "Первый отдел" იუწყებოდა, რომ რაფაელ შეპელევი თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 12 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები სახლში დარჩა.
აქტივისტის გარემოცვის ინფორმაციით, შეპელევი თბილისში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.
13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მოგვიანებით კი ტერორიზმის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.