
როგორ გაუჩინარდა საქართველოდან რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი: "შეპელევი ან დააშინეს, ან მოატყუეს…"
09/11/2023 16:28:11 პოლიტიკა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, - ნათქვამი იყო დღეს საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია რაფაილ შეპელევზე, რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია „არტპოდგოტოვკას“ წევრზე, რომლის საქართველოდან გაუჩინარების შესახებაც მანამდე უფლებადამცველი პროექტი "Первый отдел" იუწყებოდა.
როგორც შსს–ში ირწმუნებიან, შეტყობინების მიღებისთანავე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის - გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელსაც შესაძლოა, ჰქონოდა რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"გარდა ამისა, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შეპელევი მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით წავიდა. გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ",– ირწმუნებიან შსს–ში.
აქტივისტის გარემოცვის ინფორმაციით, შეპელევი თბილისში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა, იყო თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული საპრტესტო აქციების აქტიური მონაწილე და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.
"Первый отдел"-ის ცნობით, რუსი აქტივისტი თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 12 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი პირადი ნივთები სახლში დარჩა.
აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზის (რუსეთი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა) ადგილობრივმა სასამართლომ რაფაილ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში სცნო დამნაშავედ. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მოგვიანებით კი ტერორიზმის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
თავის მხრივ, "მთავარი არხი" იუწყებოდა, რომ აქტივისტი სავარაუდოდ, სოფელ კირბალიდან წაიყვანეს. "ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ჯერ სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ ლომისას ტაძარში ასვლა მოისურვა. სოფელში კაცს ტაქსის მძღოლი ელოდებოდა, მაგრამ ვინაიდან მგზავრი არ გამოჩნდა, მან სოფელი დატოვა. რამდენიმე ადგილობრივი ყვება, რომ დაინახა, როგორ წაიყვანეს შეპელევი ტაძრიდან მათთვის გაურკვეველი მიმართულებით",– იუწყებოდა ტელეკომპანია.
"ტაქსის მძღოლმა მოიყვანა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფი, აიყვანა იქ, სასაფლაოებზე, სადაც მან სურათები გადაიღო. მერე უთხრა მძღოლს, "ლომისაში ავალ, დამელოდეო". 4 საათი ელოდა მძღოლი. მერე მენახირეებმა ნახეს, როგორ მოვიდნენ იქიდან ვიღაცები და წაიყვანეს ის ფოტოგრაფი. მძღოლთან აღარ გამოჩენილა", - ციტირებდა "მთავარ არხი" ერთ-ერთ ადგილობრივს.
13 ოქტომბერსვე «Первый отдел»-მა ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს შეპელევის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარების თხოვნით მიმართა.
როგორც ფონდის წარმომადგენელი ეგორ კუროპტევი "Эхо Кавказа"-ს უყვება, კონკრეტული ინფორმაცია რუსი აქტივისტის ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არ გააჩნიათ, იციან მხოლოდ, რომ რუსეთშია - ან ვლადიკავკაზში, ან მშობლიურ რეგიონში - სვერდლოვსკის მხარის ქალაქ ეკატერინბურგში.
"როგორც ქართულ პოლიციაში განგვიცხადეს, მათ გააჩნიათ იმის ვიდეომტკიცებულებები, რომ შეპელევი ნებით ჩაჯდა ტაქსში და გაემგზავრა კირბალში, სადაც ის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნახეს, რომ მათი მონაყოლით, აქტივისტი ეკლესიასთან ავიდა მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ იქ ყოფნა უსაფრთხო არ იქნებოდა, მერე კი იქიდან რუსებმა წაიყვანეს. ჩვენ ეს ვიდეომტკიცებულებები არ გვინახავს - მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გვითხრეს, გაგვაჩნიაო... შეპელევმა მშვენივრად იცოდა, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე იყო აღძრული ხულიგნობის მუხლით, - რუსეთში ყოველთვის ამ მუხლს იყენებენ, სანამ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ… როგორ ფიქრობთ, როცა ადამიანმა იცის, რომ რუსეთში ეძებენ, გაემგზავრება არაუსაფრთხო ტერიტორიაზე, სადაც რუსებმა შეიძლება, დააკავონ? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გააკეთოს, თუ დაშინებით ან მოტყუებით აიძულებენ" - აცხადებს კუროპტევი.
მისივე თქმით, კოლეგები შეპელევის საქმის იურიდიული თანხმებით დაკავდებიან და როგორც კი მისი ზუსტი ადგილსამყოფელი დადგინდება, მის მონხულებას ეცდებიან.