
სუს–ი: დოთიაშვილს დაზიანება სახის არეში აღენიშნება
09/11/2023 17:43:13 კონფლიქტები, სამართალი, საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ანთაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს, რომელიც ქართულ მხარეს ცოტა ხნის წინ გადმოეცა, დაზიანებები აღენიშნება.
„გადმოცემა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც თავად განგვიმარტა, მან დაზიანება უკანონო დასაკევბის დროს მიიღო – უკანონო დაკავების დროს მას დაზიანება სახის არეში მიაყენეს.
რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, მოგეხსენებათ, ბატონი ლევანი გახლავთ თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. მოგეხსენებათ, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას შსს აწარმოებს და ამ საკითხებზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება“ ,– თქვა ანთაძემ.
დამაზუსტებელ კითხვას ანთაძემ უპასუხა, „როგორც თავად გვითხრა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უკანონო დაკავების დროს. დანარჩენი მის მიერ მიცემული ჩვენების შედეგად გამოიკვეთება“.
ის აღნიშნავს, რომ დოთიაშვილი სტრესულ მდგომარეობაშია.
რაც შეეხება თავად მკვლელობის ვერსიებს, თქვა, რომ ყველა ვერსია შემოწმდება და მანამდე სპეკულაციები პროცესისთვის არის დამაზიანებელი:
„უნდა შემოწმდეს ყველა ვერსია და ამის შემდეგ გაკეთდება განცხადება“.
ლევან დოთიაშვილი ოკუპანტების ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
"ცუდად ვარ. ხვალ დაგელაპარაკებით",– შემოიფარგლა მოკლე კომენტარით.
დოთიაშვილი ოკუპანტებმა კირბალიდან 6 ნოემბერს გაიტაცეს. მისი თანმხლები თამაზ გინტური მოკლეს. დოთიაშვილი მკვლელობის ერთადერთი მოწმეა.